From Wikipedia, the free encyclopedia
ბეატრიზ პორტუგალიელი (პორტ. Beatriz de Portugal, იტალ. Beatrice del Portogallo; დ. 31 დეკემბერი, 1504 — გ. 8 იანვარი, 1538) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და დედოფალ მარია არაგონელის შუათანა ასული. სავოიის ჰერცოგინია 1521-1538 წლებში როგორც კარლო III-ის მეუღლე. სავოიის ჰერცოგ ემანუელე ფილიბერტო I-ის დედა.
ბეატრიზ პორტუგალიელი | |
---|---|
სავოიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 29 სექტემბერი, 1521 |
მმართ. დასასრული: | 8 იანვარი, 1538 |
წინამორბედი: | მარგარეტ ავსტრიელი |
მემკვიდრე: | მარგარიტა ფრანგი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 31 დეკემბერი, 1504 |
დაბ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალიის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 8 იანვარი, 1538, (33 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნიცა, სავოიის საჰერცოგო |
მეუღლე: | კარლო III, სავოიის ჰერცოგი |
შვილები: | ემანუელე ფილიბერტო I, სავოიის ჰერცოგი |
დინასტია: | ავისები |
მამა: | მანუელ I, პორტუგალიის მეფე |
დედა: | მარია არაგონელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბეატრიზი დაიბადა 1504 წლის 31 დეკემბერს. იგი იყო პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია არაგონელის მესამე შვილი და მეორე ქალიშვილი. მას სახელი ბებიის, ვიზეუს ჰერცოგინია ბეატრიზ პორტუგალიელის პატივსაცემად დაარქვეს. მისი უამრავი და-ძმიდან აღსანიშნავია პორტუგალიის მეფე ჟუან III და ესპანეთის დედოფალი და საღვთო რომის იმპერატრიცა ისაბელ პორტუგალიელი. იგი მკაცრ კათოლიკურ განათლებას იღებდა თავისი აღმზრდელის, ელვირა დე მენდოსას მეთვალყურეობის ქვეშ.
1521 წლის 8 აპრილს, ვილეფრანშ-სურ-მერში ბეატრიზი დაქორწინდა სავოიის ჰერცოგ კარლო III-ზე. ვინაიდან კარლო სავოიის ჰერცოგი 1504 წლიდან მოყოლებული იყო, ბეატრიზი სავოიის ჰერცოგინია ქორწინებისთანავე გახდა.
ტურინის კარზე ბეატრიზი აღწერილია, როგორც „დამაბრმავებლად ლამაზი და მეტად ამბიციური“. 1531 წელს, მისმა სიძემ, საღვთო რომის იმპერატორმა კარლ V-მ მას ასტის გრაფინიობა უბოძა. მისი გარდაცვალების შემდეგ ასტი მის მემკვიდრეებს გადაეცათ და სავოიას მიუერთდა.
1534 წელს ბეატრიზი შეხვდა კარლ V-ის დისწულ კრისტინა დანიელს, რომელმაც სავოიაში გზად გაიარა, რათა მილანში ჩასულიყო და მის ჰერცოგ ფრანჩესკო II-ზე დაქორწინებულიყო. 1535 წელს კრისტინას ქმარი, ჰერცოგი ფრანჩესკო გარდაიცვალა, რის გამოც მილანის ტახტისათვის დიდი ბრძოლა ატყდა. ამ დროს, კარლ V-ის გავლენით კრისტინამ მილანის ტახტის მემკვიდრედ ლუვოვიკო სავოიელი გამოაცხადა, ბეატრიზის უფროსი ვაჟი. ამ ამბიდან ერთ წელიწადში ლუდოვიკო გარდაიცვალა. 1536 წლის აპრილში, მილანის ტახტის წართმევის მცდელობისთვის, საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის ჯარები შევიდნენ სავოიაში, დაანგრიეს ციხესიმაგრეები და სავოია საფრანგეთს მიუერთეს, რა დროსაც ბეატრიზი და მისი ქმარი ნიცაში გაიქცნენ. ამავე წლის მაისში, კრისტინა დანიელთან ერთად პავიაში იგი იმპერატორ კარლ V-ს შეხვდა, თუმცა მისმა მოლაპარაკებებმა რაიმე პოლიტიკური შედეგი ვერ მოიტანა და სავოია კვლავ ფრანგების ხელში რჩებოდა. ამის შემდეგ, დაქვრივებული კრისტინა მასთან დასახლდა. აღსანიშნავია, რომ ბეატრიზი და კრისტინა ახლო მეგობრები იყვნენ. ბეატრიზი გარდაიცვალა 1538 წელს ნიცაში, 33 წლის ასაკში.
სავოიის ტახტის დაბრუნება მისმა ვაჟმა მხოლოდ 1559 წელს მოახერხა ფრანსუა I-ის ქალიშვილზე დაქორწინებით. მოგვიანებით, 1580 წელს, როდესაც ავისის დინასტია შეწყდა, ბეატრიზის ვაჟი ემანუელე ფილიბერტო და მისი დის, ისაბელ პორტუგალიელის ვაჟი ფილიპე II ერთმანეთს პორტუგალიის ტახტში ეცილებოდნენ, რაშიც ფილიპემ გაიმარჯვა და შეიქმნა იბერიის უნია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.