![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/58/Rwanda_schoolchildren.jpg/640px-Rwanda_schoolchildren.jpg&w=640&q=50)
ბაფუმბირა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაფუმბირა (ეთნონიმები: ბანიარუანდა ან ბანიამულენგი ან რუანდელები) — ბანტუს ხალხში შემავალი ეთნოსი, რომელიც სათავეს იღებს კოლონიზაციის წინარე რუანდას სამეფოში და მოიცავს თანამედროვე რუანდაში მცხოვრებ და კინიარუანდას ენაზე მოსაუბრე ხალხს კონგოსა და უგანდაში. ბაფუმბირა შედგება სამი მკვიდრი ჯგუფისგან: ჰუტუ (ბაჰუტუ ან აბაჰუტუ), ტუტსი (ბატუტსი ან აბატუტსი ან უატუტსი) და ტუა (ბატუა).
ბაფუმბირა | |
---|---|
![]() რუანდელი მოსწავლეები. | |
საერთო მოსახლეობა | |
დაახ. 7,7 მლნ. | |
ენები | რაფუმბირა |
რელიგიები | ქრისტიანობა, ისლამი |
რუანდას პოპულაცია 1991 წლისთვის 7.7 მილიონ ადამიანს შეადგენდა. 2007 წლისთვის ამ რიცხვმა 9.7 მილიონს მიაღწია მიუხედავად გენოციდისა და ორ მილიონამდე ადამიანის რუანდიდან გადასახლებისა. ეს აიხსნება იმით, რომ ამ დროისთვის ბევრი დევნილი დაბრუნდა რუანდაში და იმით, რომ შობადობის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია. გამოკითხვის თანახმად, საერთო მოსახლეობის 90 %-ს შეადგენს ბაჰუტუ, 9 %-ს ტუტსი და 1 %-ს ბატუა. თუმცა, გარკვეული აზრით, ეს შესაძლოა სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს, რადგან ტუტსის ბევრი წარმომადგენელი თავის წარმომავლობას მალავს.
კინიარუანდას ენა უნივერსალურად ითვლება რეგიონში, რადგან რუანდისა და ბანტუს ხალხის მთავარ სალაპარაკო ენას წარმოადგენს. პრაქტიკული განსხვავები დაჯგუფებებს შორის ის არის, რომ ბატუა ორ კილოზე საუბრობს, როცა ტუტსი და ბაჰუტუ სამზე.
რუანდელების ეკონომიკა აწყობილია საკვებზე, რომელიც მოჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ 90 %-ს თავადვე მოიხმარენ. კერძოდ: მარცვლეული, ბანანი, ტკბილი კარტოფილი, მანიჰოტი და კარტოფილი. შინაური საქონელიდან რქოსან პირუტყვს ზრდიან რძის პროდუქტებისთვის, ხოლო თხებსა და ქათმებს ხორცისთვის. ჭარბ საკვებს ყიდიან ან ადგილობრივ მარკეტებში აბარებენ, საიდანაც ბითუმად მოვაჭრეებს საკვები ქალაქებში გადააქვთ. რუანდელები მხოლოდ მცირე რაოდენობის პროდუქტის შესყიდვით არიან დაკავებულნი, ისიც ისეთი პროდუქტის, რომლის სახლში მოყვანაც არ შეუძლიათ: ტანსაცმელი, საპონი და წამლები. რუანდიდან მასშტაბური ექსპორტი წარმოებს ყავასა და ჩაიზე.
ტრადიციების მიხედვით, ბაფუმბირაში შრომის განაწილება შემდეგნაირად ხდებოდა: ტუტსი ცხოველებს უვლიდა, ბაჰუტუს წარმომადგენლები ფერმერები იყვნენ, ბატუას წარმომადგენლები კი მონადირეები. თუმცა შრომის განაწილება ოდნავ უფრო კომპლექსური იყო, რადგან გვხვდებოდნენ ბაჰუტუს წარმომადგენლები, რომლებიც ცხოველებს უვლიდნენ და ტუტსის წარმომადგენლები, რომლებიც ფერმერები იყვნენ. ამავდროულად თავად აგრარულ სფეროშიც ხდებოდა შრომის გადანაწილება, მაგრამ უკვე სქესის მიხედვით. მაგალითად, მამაკაცები მიწას დასათესად ამზადებდნენ, ქალები, კი თესავდნენ და შემდგომ უვლიდნენ.
ტრადიციული რუანდული კოსმოლოგია საკუთარ თავში მოიცავდა ერთ მაღალ ღმერთს, რომელიც დაკავშირებული იყო დანარჩენი დაბალი მატერიის ღვთაებებთან, წინაპრებთან და მეფესთან. სწორედ, ამიტომ ატარებდა სამეფო კარგი რიტუალებსა და სხვა რელიგიურ პრაქტიკებს, რათა მათი სახელით სიმშვიდე და ბარაქა ეთხოვათ.
კულტურული თუ რელიგიური თვალსაზრისით ჰუტუ და ტუტსი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მაშინ როცა ბატუა სრულიად განსხვავებულია. მიუხედავად ამისა, რიგი თეორიები და ვარაუდები გვაუწყებენ იმას, რომ ჰუტუ და ტუტსი სხვადასხვა წინაპრების მქონე ხალხებია. შესაძლოა, სწორედ, ამან გამოიწვია ის, რომ ამ ორ დაჯგუფებას შორის დაპირისპირება გაჩნდა, რომელმაც დროთა განმავლობაში სერიოზული სახე მიიღო, ბატუა კი ნელ-ნელა სრულიად უმნიშვნელო უმცირესობად იქცა, თავისი განსხვავებულობის გამო. ჰუტუსა და ტუტსის დაპირისპირებამ, რომელიც სიძულვილში გადაიზარდა, შედეგად ჯერ რევოლუცია გამოიწვია, შემდგომ კი გენოციდი, რომლებსაც ათასობით ადამიანი შეეწირა.[1]