From Wikipedia, the free encyclopedia
ახალსოფელი[2] (ყოფ. ძველი გავაზი) — სოფელი საქართველოში, კახეთის მხარის ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარეებს ავანისხევისა და შოროხევს შორის, ზღვის დონიდან 440 მეტრზე. თემის ცენტრი (სოფელი: ბალღოჯიანი, თივი, თხილისწყარო, სარუსო, საცხენე). ყვარლიდან დაშორებულია 15 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
ახალსოფელი | |
ეკლესია სოფელში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
თემი | ახალსოფელი |
კოორდინატები | 41°54′17″ ჩ. გ. 45°58′37″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ძველი გავაზი |
ცენტრის სიმაღლე | 440 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 4158[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საავტომობილო კოდი | GE |
ახალსოფელი მდებარეობს ისტორიული გავაზის ტერიტორიაზე. XVIII საუკუნეში ლეკიანობისგან შევიწროებული გავაზის მოსახლეობა გადასახლდა ალაზნის ველზე, სადაც ამავე სახელწოდების სოფელი გაშენდა. ძველი გავაზის ტერიტორია ხელახლა 1850 წელს დაასახლეს.
ისტორიული ძეგლი მდებარეობს ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის კავკასიონის ძირში, ალაზნის ველის მარცხენა მხარეში, მდინარეების ავანისხევსა (გავაზისწყალი) და შოროხევს შორის. სოფელი გაშენებელი იყო მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადის - გავაზისწყლის ორივე ნაპირას. იგი მდებარეობდა მნიშვნელოვან გზასაყარზე, ერთი მხრივ, სავაჭრო გზაზე, რომელიც ქართლ-კახეთს აკავშირებდა ჰერეთთან, ალბანეთის შიდა რაიონებთან, სომხეთთან და მეორე მხრივ მდინარე შარახევის ხეობის გავლით, კახეთ-ჰერეთს და დაღესტანს. გავაზი ფრინველის აღმნიშვნრლი სახელია და მასვე უნდა დაუკავშირდეს პუნქტის სახელწოდებაც.
არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ გავაზი და მისი შემოგარენი, დასახლებული იყო ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. იგი ადრინდელ ქრისტიანულ ხანაში და მთელი შუა საუკუნეების მანძილზე ძლიერ დასახლებას წარმოადგენდა. წერილობით წყაროებში კი პირველად იხსენიება IX საუკუნის 40-იანი წლების ამბებთან დაკავშირებით, მაშინ, როცა გამძაფრდა ბრძოლა თბილისის ამარასა და სახალიფოს შორის. ხალიფა გამდგარ ამარასა და მისი მოკავშრე კახელების წინააღმდეგ ზედიზედ გზავნიდა დამსჯელ რაზმებს. ერთ-ერთ დამსჯელ რაზმს მეთაურობდა არაბი სარდალი ხალიდ იბნ-იქზიდი (ქართული წყაროებით ხალილ არაბი), რომელიც კახელებმა სასტიკად დაამარცხეს გავაზთან ქორეპისკოპოს სამოელ დონაურის მეთაურობით. X საუკუნეში ჰერეთის მთავარმა ადარნასე პატრიკმა დაზავების მიზნით, გავაზი და არიში დაუთმო აფხაზთა მეფეს კონსტანტინე III-ეს, რომელმაც კახთა ქორეპისკოპოს კვირიკე I-თან ერთად გაილაშქრა ჰერეთის და ალყა შემოარტყა ვეჯინის ციხეს. ქართლის მფლობელმა კონსტანტინემ გავაზიცა და არიშიც ქართლს შეუერთა. მის ხელში გადავიდა ჰერეთზე გამავალი, ბარდავიდან მომავალი, დიდი სავაჭრო გზის მნიშვნრლოვანი მონაკვეთი. რამდენიმე ხნის შემდეგ, ადარნასე პატრიკმა ისარგებლა კახეთის სამთავროს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის გართულებით და დაკარგული დაიბრუნა.
გავაზში აღმოჩენილი 1025 წლით დათარიღებული სამშენებლი წარწერა გვამცნობს, რომ აქ მნიშვნრლოვანი მშენებლობა მიმდინარეობდა.
IX საუკუნეში შიდა ქართლის მსხვილმა ფეოდალმა ფავნელმა მეფისგან ნაბოძები გავაზი შიომღვიმის მონასტერს მიჰყიდა. ამ ნასყიდობის აქტს ადასტურებენ გიორგი II და გიორგი III შიომღვიმისადმი ბოძებულ შეუვალობის სიგელში.
1064 და 1068 წლებში თურქ-სელჯუკებმა გავაზი და სხვა რიგი პუნქტები განძის ამირას გადაცეს.
მონღოლთა შემოსევების დროს გავაზი გადასახადებით დაუბეგრავთ. ქართლის ერისთავი გრიგოლ სურამელი შიომღვიმისადმი ბოძებული სიგელით ათავისუფლებს გავაზს ყოველგვარი სახელმწიფო ბგერისგან და კვლავ შეუვალს ხდის მას.
XV-XVI საუკუნეებში კახეთის ეკონომიკური აღმავლობის ხანაში, განსაკუთრებით გაიზარდა გავაზის მნიშვნელობა. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ იგი კახეთის პოლიტიკური ცენტრიდან - გრემიდან ირანისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა. გამომწვარი თიხის ფილებით მოგებული და საგანგებო სამეთვალყურეო კოშკებით დაცულ ამ გზაზე, თითო დღის სავალზე, ქარვასლები იყო მოწყობილი. გრემის შემდეგ პირველივე გაჩერება გავაზაში იყო, ამიტომ ქარვასლა გავაზაშიც აუგიათ.
მეორე გზა, თბილისიდან კახეთის გავლით, ბარდავისკენ და შემახისკენ მიდიოდა. შემდეგ დარუბანდის გავლით, ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებს უკავშირდებოდა. დაღესტნისაკენ მიმავალი ერთ-ერთი მთავარი გზა გავაზზე გადიოდა. აქედან გავრცელდა ქრისტიანობა მთაში, რის დამამტკიცებელი საბუთად დღევანდელ დაღესტანში არაერთი ქართული წარწერა და ეკლესიაა შემონახული.
IX-XVI საუკუნეებში გავაზის ძირითადი უბნები იყო: ბაზარი (თანამედროვე „ნაბაზრალი“). დარბაზოვანი, სამება და კოპალე.
შაჰ-აბასის ჯერ კახეთის აოხრების (1614-1616 წლებში) შემდეგ გავაზი თანდათან დაკნინდა, თუმცა კვლავ მნიშვნრლოვანი პუნქტი ჩანს XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში.
1678 წელს თეიმურაზ პირველს, მეფე როსტომთან დროებით დაზავების დროს, მისთვის „სანდი საფიცრებით“ სოფელი გავაზი და კისისხევი მიუცია.
1722 წლის საბუთით, სარუსთველოს დროშის განწესებისას, გავაზი და ყვარელი საწინამძღვროდ ყოფილა გამოცხადებული.
XVIII საუკუნის 30-იან წლებში გავაზი თურქ-ოსმალებმა ააოხრეს. ამას დაერთო ლეკთა მუდმივი შემოსევებიც. შედეგად გავაზი თანდათან გაპარტახდა და დაცარიელდა მოსახლეობა გადასახლდა ალაზნის ველზე, სადაც ამავე სახელწოდების სოფელი აშენდა.
XIX საუკუნის 50-იან წლებში მიტოვებული გავაზი ხელახლა აღადგინეს და ახალსოფელი უწოდეს. გავაზში მეურნეობის სხვა დარგებს შორის განსაკუთებით მევენახეობა ყოფილა განვითარებული. აქ გავრცელებული ვაზის ჯიშბი გავაზური თეთრად სახელით იყო ცნობილი. გავაზური ვაზი და ღვინო ხოტბაშესხმულმა „არჩილიანში“ („ხილზედ ვსვემდი გავაზურს, ხვრეტა არ იყო იქ დოსი“ და ა.შ.).
ზვარი და ღვინო, როგორც გაცვლითი ღირებულება, ისტორიული საბუთებში, გავაზთან დაკავშირებით, ხშირად არის მოხსენიებული. მთელ კახეთში ღვინის და საერთოდ, მეღვინეობის ნაწარმისთვის გავრცელებული იყო გავაზური საწყო. ალექსანდრე კახთა მეფეს 1593 წლის ერთი საბუთით ყველაზე შეძლებული ასი გავაზელი გლეხისთვის სამოურავო ულუფად სპილენძის დიდი გავაზური, სამ-სამი თუნგი ტკბილი და ექვს-ექვსი შაური დაუკისრებია.
1969-1972 წლებში საქართველოს სახელმეიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციამ (ხელმძღვანრლი ლ. ჭილაშვილი), სოფლის ტერიტორიაზე ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები. გათხრებით გაირკვა, რომ სოფელში განვითარებული ყოფილა მეურნეობის სხვადასხვა დარგი, რომელთა შორის წამყვანი მეღვინეობა ყოფილა. სოფელს ჰქონია აგრარული ზონა, რომელიც მდინარეების ავნისხევის და იულდას შორის მდებარეობდა და ირწყვებოდა არხით. ზონებად დაყოფილი იყო ქვით ნაშენი ღობეებით შემოფარგლული სხვადასხვა ფართობის ეზოებად. ეზოების გეგმა დაახლოებით სწორკუთხაა. ისინი ერთმანეთს სპეციალური „ქუჩებით“ (ცენტრალური „ქუჩების“ სიგანე დაახლოებით 3 მეტრია) უკავშირდებოდა. აქვე აღმოჩნდა ნაგებობათა საძირკვლები და ცოკოლის ნაწილები, რომლებიც ნატეხი ქვითა და ტალახით იყო ნაგები (შენობების ზედა ნაწილები, როგორც ჩანს, ხის ან ალიზის უნდა ყოფილიყო). ერთ-ერთ მათგანში, რომელსაც ეტყობა მეორადი გამოყენების კვალი. მოგვიანებით სამჭედლო-სახელოსნო მოუწყვიათ. გამოვლინდა რამდენიმე საწნახელიც. ზოგიერთი საწნახელი ორგანყოფილებიანია. მათში სხვადასხვა ჯიშისა და ფერის ყურძენს ერთდროულად წურავდნენ.
2002 წელს დაუდგენელმა პიროვნებებმა დაწვეს სოფელში მდგარი ბაპტისტური ეკლესია. ეკლესია აღადგინეს 2005 წელს.[3]
სოფელ გავაზში დაიბადნენ: ცნობილი ქართველი მსახიობი მაკო (მარიამ) საფაროვა-აბაშიძისა (1860-1940), კომპოზიტორი, ფოლკლორისტი აკაკი ანდრიაშვილი, პოეტი მედეა კახიძე.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4158 ადამიანი.
ახალსოფლის მიდამოებშია VI ს. ძველი გავაზის ღვთისმშობლის ეკლესია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.