არაბული სამყარო
From Wikipedia, the free encyclopedia
არაბული სამყარო (არაბ. العالم العربي al-ʿālam al-ʿarabī) — შედგება არაბულენოვანი ქვეყნებისგან და ტერიტორიებისგან, რომლებიც მდებარეობენ ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში.
სტანდარტული განსაზღვრების თანახმად, არაბული სამყარო შედგება არაბული ლიგის 22 სახელმწიფოსა და ტერიტორიისგან, რომლებიც გადაჭიმულნი არიან ატლანტის ოკეანიდან (დასავლეთით) არაბეთის ზღვამდე (აღმოსავლეთით), ხმელთაშუა ზღვიდან (ჩრდილოეთით) სომალის ნახევარკუნძულამდე და ინდოეთის ოკეანემდე (სამხრეთ-აღმოსავლეთით). მთლიანი მოსახლეობა 340 მლნ ადამიანს შეადგენს, რომლის ნახევარიც 25 წელს ქვემოთაა.[1]
არაბული ნაციონალიზმის იდეა XIX საუკუნის მეორე ნახევარში აგორდა, ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე ნაციონალისტური მოძრაობების პარალელურად. 1945 წელს ჩამოყალიბდა არაბული ლიგა, რომლის მიზანიც არაბების ინტერესების დაცვა და, განსაკუთრებით, არაბული ქვეყნების პოლიტიკური ერთობის გაძლიერება იყო, რაც პანარაბიზმის სახელითაა ცნობილი.[2][3] 2010 წლის ბოლოსა და 2011 წლის დასაწყისში, არაბულ სამყაროში საპროტესტო ტალღა აგორდა, რომელიც მიმართული იყო პოლიტიკურ კორუფციაში ჩაფლული მთავრობების წინააღმდეგ და მეტი დემოკრატიული უფლებების მოთხოვნისკენ.
ტერმინი „არაბული სამყარო“ მიუღებელია რეგიონში მცხოვრები არა არაბებისათვის, მაგალითად ისეთი არასემიტური ხალხებისთვის, როგორებიც არიან ბერბერები, ქურთები, რადგან ეს ტერმინი მთლიან რეგიონს არაბებს აკუთვნებს, როგორც იდენტურად, მოსახლეობის თვალსაზრისით ისე წარმოშობით, მაშინ, როდესაც არაბების სამშობლო არაბეთის ნახევარკუნძულია. ტერმინი ასევე მიუღებელია ზოგიერთი ადგილობრივი სემიტი უმცირესობებისთვის, მათ შორის არიან ასურელები; ისინი სირიასა და ერაყში არაბებამდე ბევრად ადრე სახლობდნენ. ასევე, კოპტი ეგვიპტელები საკუთარ თავს ეგვიპტელებად მიიჩნევენ და არა არაბებად.