From Wikipedia, the free encyclopedia
ლუდვიგ კარლ მარტინ ალბრეხტ კოსელი (გერმ. Ludwig Karl Martin Leonhard Albrecht Kossel; დ. 16 სექტემბერი, 1853, როსტოკი, გერმანია, — გ. 5 ივლისი, 1927, ჰაიდელბერგი, გერმანია) — გერმანელი ბიოქიმიკოსი. ცნობილია ცოცხალი უჯრედების გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი ნუკლეინის მჟავების ბიოქიმიური შემადგენლობის შესახებ შრომებით, რისთვისაც 1910 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
ლუდვიგ კარლ მარტინ ალბრეხტ კოსელი | |
---|---|
Ludwig Karl Martin Leonhard Albrecht Kossel | |
ალბრეხტ კოსელი | |
დაბ. თარიღი | 16 სექტემბერი, 1853 |
დაბ. ადგილი | როსტოკი, გერმანია |
გარდ. თარიღი | 5 ივლისი |
გარდ. ადგილი | 1927 |
დასაფლავებულია | ბერგფრიდჰოფი |
მოქალაქეობა | გერმანია |
საქმიანობა | ქიმიკოსი, ექიმი, უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიოლოგი და ბიოქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი | ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი[1] , მარბურგის უნივერსიტეტი[1] და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი[1] |
ალმა-მატერი | სტრასბურის უნივერსიტეტი და როსტოკის უნივერსიტეტი |
მამა | Albrecht Kossel |
შვილ(ებ)ი | Walther Kossel |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[2] [3] |
ალბრეხტ კოსელი დაიბადა 1853 წელს. მამამისი კომერსანტი და როსტოკში (იმხანად მეკლენბურგ-შვერინის დიდი საჰერცოგო) პრუსიის კონსული იყო. 1878 წელს დაამთავრა სტრასბურგის გერმანული უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, სადაც მის მასწავლებელთა შორის იყო ცნობილი გერმანელი ფიზიოლოგი და ბიოქიმიკოსი ფელიქს ჰოპე-ზაილერი. 1878-1883 წლებში კოსელი მუშაობდა და ასწავლიდა იქვე, სტრასბურგის უნივერსიტეტში, 1883 წელს კი ემილ-ჰაინრიხ დებუა-რაიმონის მიწვევით გახდა ბერლინში ფიზიოლოგიის ბერლინის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ქიმიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1887 წელს კი — პროფესორი. 1895 წლიდან კოსელი იყო მარბურგში ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ორდინარული პროფესორი და დირექტორი, 1901 წელს იგივე თანამდებობა დაიკავა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში; 1908-1909 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი. 1924 წლიდან ხელმძღვანელობდა ჰაიდელბერგის ცილების კვლევების ინსტიტუტს. ამავე წლიდან იყო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორი-ემერიტუსი.
1879 წლიდან კოსელი მუშაობდა იმ დროს ახლადგამოვლენილი ნუკლეინის მჟავების თვისებებზე და დაადგინა, რომ მათი მოლეკულები ცილოვანი და არაცილოვანი კომპონენტებისგან შედგება. 1885-1901 წლებში კოსელმა და მისმა მოსწავლეებმა ჰიდროლიზისა და სხვა მეთოდების გამოყენებით განსაზღვრეს ნუკლეინის მჟავების ქიმიური სტრუქტურა და აღმოაჩინეს მათი შემადგენელი ფუძე ნივთიერებები: ადენინი, ციტოზინი, გუანინი, თიმინი და ურაცილი. 1890-იან წლებში კოსელი იკვლევდა ცილების სტრუქტურას, ცოცხალ უჯრედებში ცილების პეპტონად გარდაქმნის პროცესს, უჯრედების პეპტიდურ კომპონენტებს და სხვ. მან ასევე აღმოაჩინა ამინომჟავა ჰისტიდინი (1896), აგმანტინი და სხვა ნივთიერებები. კოსელიმა პირველმა მიიღო სამკურნალო პრეპარატი თეოფილინი, რომელიც ბუნებრივი ფორმით ჩაის ფოთოლში და ყავის მარცვლებში გვხვდება.
კოსელი ნუკლეინის მჟავების შესწავლაში შეტანილი წვლილისთვის 1910 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი. ის იყო კემბრიჯის, დუბლინის, გენტის, გრაიფსვალდის, ედინბურგის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიისა და უფსალის მეცნიერებათა სამეფო საზოგადოების წევრი და სხვ. 1907 წელს გერმანიის მთავრობამ მიანიჭა საიდუმლო მრჩევლის წოდება. გარდაიცვალა 1927 წელს, 73 წლის ასაკში. ცოლად ჰყავდა (1886 წლიდან) ლუიზ ჰოლცმანი (გ. 1913), ფილოლოგ ადოლფ ჰოლცმანის ქალიშვილი. წყვილს ჰყავდა ორი შვილი: შემდგომში ცნობილი ფიზიკოსი ვალტერ კოსელი (დ. 1888 – გ. 1956) და ქალიშვილი გერტრუდი (დ. 1889).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.