From Wikipedia, the free encyclopedia
ათენი (ბერძ. Αθήνα [a'θina], ძვ. ბერძნ. Ἀθῆναι) — საბერძნეთის დედაქალაქი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ქალაქი. თანამედროვე ათენი დიდი და კოსმოპოლიტი ქალაქია; ძველი ათენი ძლიერი დამოუკიდებელი ქალაქი და განათლების ცენტრი იყო. ქალაქს სახელი ძველი ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთი ათენას პატივსაცემად დაერქვა.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ათენი ბერძ. Αθήνα | |||
| |||
ქვეყანა | საბერძნეთი | ||
პერიფერია | ატიკა | ||
პრეფექტურა | ათენი | ||
შიდა დაყოფა | 7 რაიონი | ||
კოორდინატები | 37°59′03″ ჩ. გ. 23°43′41″ ა. გ. | ||
ქალაქის მერი | Kostas Bakoyannis | ||
დაარსდა | ძვ. წ.7 ათასწლეული | ||
ფართობი | 39 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 74 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | ბერძნული ენა | ||
მოსახლეობა | 643 452 (2021)[1] | ||
სასაათო სარტყელი | აღმოსავლეთ ევროპული დრო | ||
სატელეფონო კოდი | 210 | ||
საფოსტო ინდექსი | 104 xx-106 xx, 111 xx-118 xx და 121 xx-124 xx | ||
საავტომობილო კოდი | BK, BM, BN, BP, HY, IA, IB, IE, IK, IM, IO, IP, IT, IX, IY, IZ, OA, TT, XE, XH, XP, XT, XX, XY, XZ, YA, YB, YE, YH, YZ, ZH, ZK, ZM და ZZ | ||
ოფიციალური საიტი | https://www.cityofathens.gr/ | ||
ათენის აგლომერაციაში დაახლოებით 3,7 მილიონი ადამიანი სახლობს. ის საბერძნეთის წამყვანი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრია. ძველ ათენს ხშირად დასავლეთის ცივილიზაციის აკვნად მოიხსენიებენ, მისი კულტურული და პოლიტიკური მიღწევების გამო ძვ.წ. IV და V საუკუნეებში. ამ მემკვიდრეობის წყალობით მას უამრავი უძველესი ნაგებობა, მონუმენტი და ხელოვნების ნიმუში შემორჩა, რომელთა შორის ყველაზე განთქმულია აკროპოლისის პართენონი — დღემდე მოღწეული კლასიკური ბერძნული ხელოვნებისა და არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშთაგანი. ეს და სხვა ბევრი კულტურული ღირსშესანიშნაობა რესტავრირებულ იქნა 2004 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის.
ათენი ქალაქის სახელის ქართული ვარიანტია, მშობლიურ ენაზე კი ათინა (Αθήνα) ეწოდება, რაც ძველი ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთ ათენას (Ἀθηνᾶ) პატივსაცემად დაერქვა. ძველ ბერძნულ ენაში ქალაქის სახელი იყო Ἀθῆναι (ათინაი), Ἀθηνά-ს მრავლობითი ფორმა, ვინაიდან ძველ საბერძნეთში ქალაქები რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა, დასახელების მრავლობითში გამოყენება მიღებული იყო, მაგალითად: თებე — Θῆβαι (თებაი) და მიკენე — Μυκῆναι (მიკენაი). XIX საუკუნეში ძველი სახელი ფორმალურად ისევ შემოიღეს, თუმცა 1970-იანებში კათარევუსას გაუქმების შემდეგ ქალაქს ისევ პოპულარული სახელი Αθήνα (ათინა) დაუბრუნდა.
ძველად მსჯელობა მიდიოდა იმ საკითხზე, რომ ათენს დაერქვა თავის მფარველი ქალღმერთის ათენას სახელი, თუ თვითონ ქალღმერთმა დაირქვა ეს სახელი ქალაქის პატივსაცემად. [2] დღესდღეობით თანამედროვე სწავლულები თანხმდებიან, რომ ქალაქის სახელწოდებიდან მოდის ქალღმერთ ათენას სახელი და არა პირიქით[3], ვინაიდან სიტყვის დაბოლოება -ენე ხშირია სხვადასხვა ადგილმდებარეობის აღმნიშვნელ სიტყვებში, თუმცა იშვიათია პერსონალურ სახელებში. [2]
ათენის დაარსების ანტიკური მითის თანახმად, ჯერ კიდევ უსახელო ქალაქის პატრონობისა და მფარველობისთვის ერთმანეთს სიბრძნის ქალღმერთი ათენა და ზღვის ღმერთი პოსეიდონი ეჯიბრებოდნენ. [4] ისინი შეთანხმდნენ, რომ ვინც ათენელებს უკეთეს საჩუქარს მისცემდა ის გაიმარჯვებდა კიდეც და მსაჯულად კეკროპ I დანიშნეს. მითის თანახმად პოსეიდონმა ქალაქელებს პირველი ცხენი აჩუქა, ხოლო ათენამ პირველი კულტივირებული ზეთისხილის ხე. კეკროპმა სწორედ ეს უკანასკნელი აირჩია და ქალაქის მფარველ ქალღმერთად ათენა დანიშნა.[4]
ათენი მინიმუმ 5 000 წელია მუდმივად დასახლებული ადგილია.[5][6] ძვ.წ. 1400 წლისთვის, ეს დასახლება მიკენის ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა და აკროპოლისი იყო მიკენების მთავარი ციხე-სიმაგრე. არ არის ცნობილი სხვა მიკენური ცენტრების მსგავსად ათენიც თუ განადგურდა ძვ.წ. 1200 წლისთის, რასაც დორიელების შემოსევას მიაწერენ, და რაზეც ათენელები ყოველთვის ამბობდნენ რომ ისინი არა დორიელები არამედ იონიელები იყვნენ. ასე იყო თუ ისე, ათენი სხვა ბრინჯაოს ხანის დასახლებებთან ერთად მომდევნო 150 წლის განმავლობაში ეკონომიკურმა დაღმასვლამ მოიცვა.
რკინის ხანის ნამარხები კერამიკუსში და სხვა ადგილებში აჩვენებს, რომ ძვ.წ. 900 წლის შემდეგ ათენი, ვაჭრობისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იყო რეგიონში.[7]
ძვ.წ. VI საუკუნეში სოლონის რეფორმებს დიდი საზოგადო არეულობა მოჰყვა. ეს საბოლოოდ საფუძველს ჩაუყრის დემოკრატიის შემოღებას ძვ.წ. 509–508 წლებში, ათენელი კანონმდებლის კლისთენეს მიერ. ათენი ამ დროისათვის დიდი ფლოტით მნიშვნელოვან საზღვაო ძალადაა ქცეული. ისინი სპარსელების წინააღმდეგ აჯანყებულ იონიელებს დაეხმარნენ იონიელების აჯანყებაში. მომდევნო ბერძენ-სპარსელთა ომებში, სპარტასთან ერთად ათენი ბერძნულ სახელმწიფოთა კოალიციას ჩაუდგა სათავეში და საბოლოოდ გააძევა კიდეც სპარსელები, დაამარცხა ისინი მარათონისა (ძვ.წ. 490) და სალამინის (ძვ.წ. 580) ბრძოლებში. თუმცა სპარსელებისთვის ამას ხელი არ შეუშლია რომ მოდევნო ერთი წლის განმავლობაში ქალაქი ორჯერ აეღოთ და გადაეწვათ. გმირული წინააღმდეგობის მიუხედავად მეფე ლეონიდასი და მისი არმია თერმოპილეს ბრძოლაში დამარცხდა,[8] ბეოტიისა და ატიკის დაკარგვის შემდეგ კი თვითონაც ბრძოლის ველზე დაეცა.
მომდევნო ათწლეულები გახდა ცნობილი როგორც ათენური დემოკრატიის ოქროს ხანა, რომლის განმავლობაშიც ათენი ძველი საბერძნეთის მთავარი ქალაქი გახდა, მისმა კულტურულმა მიღწევებმა კი საფუძველი დასავლეთ ცივილიზაციას ჩაუყარა. დრამატურგი ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე და მათი შემოქმედება იმ დროინდელ ათენში ჰყვაოდა, ისევე როგორც ისტორიკოსები ჰეროდოტე და თუკიდიდე, ექიმი ჰიპოკრატე და ფილოსოფოსი სოკრატე. პერიკლეს მეთაურობით განხორციელდა ამბიციური სამშენებლო პროგრამა, რომლის შედეგიც ათენის აკროპოლისი გახლდათ (პართენონის ჩათვლით).
ძვ.წ. IV საუკუნის შუა ნახევარში, ჩრდილო ბერძნული ძველი მაკედონიის სამეფო დაწინაურდა. ძვ.წ. 338 წელს ფილიპე II მაკედონელმა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოებისგან შემდგარი კოალიცია დაამარცხა, მათ შორის ათენი და თებესიც, ამით რეალურად ათენური დამოუკიდებლობა დაასრულა. მოგვიანებით, რომის იმპერიის შემადგენლობაში ათენს თავისუფალი ქალაქის სტატუსი გადაეცა, მისი ძალიან პატივსაცემი და სათაყვანებელი საგანმანათლებლო სკოლების გამო. რომის იმპერატორმა ადრიანემ, ახ.წ. II საუკუნეში ბიბლიოთეკის, გიმნაზიისა და წყალსადენის აშენება ბრძანა. ეს უკანასკნელი ამ დრომდე კიდევ გამოიყენება. ასევე მისი ბრძანებით აიგო რამდენიმე ტაძარი, სამლოცველო და ხიდი. მანვე დააფინანსა ზევსის ტაძარის მშენებლობის დასრულება.
გვიანი ანტიკური ხანის დასასრულისთვის, ათენი ვესტგოთებისა და ადრეული სლავური ტომების შემოსევებს დაეკნინებინა, რომელთაც ქალაქს დამანგრეველი ზიანი მიაყენეს. ამ პერიოდში აშენდა პირველი ქრისტიანული ტაძრები ქალაქში, პართენონი და სხვა სალოცავები კი ეკლესიებად გადაკეთდა. შუა ბიზანტიური პერიოდის მეორე ნახევარში, ანუ ახ.წ. IX და X საუკუნეებში ათენმა თავისი დასახლების არეალი გააფართოვა და შედარებით წარმატებული და მდიდარი იყო ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში, სარგებლობდა ე.წ. იტალიური ვაჭრობით. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ ათენის საჰერცოგო დაარსდა. 1458 წელს, ის ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო და დაკნინების გრძელი პერიოდიც დაიწყო.
საბერძნეთის რევოლუციისა და საბერძნეთის სამეფოს დაარსების შემდეგ, 1834 წელს, ათენი ახლად დაარსებული დამოუკიდებელი ბერძნული სახელმწიფოს დედაქალაქად აირჩა, ძირითადად ისტორიული და სენტიმენტალური მიზეზებისდა გამო. ამ დროისთვის ათენი 4 000 მოსახლიან ქალაქამდე იყო შემცირებული და აკროპოლისის ფერხთით თავმოყრილი სახლებისგან შედგებოდა. საბერძნეთის პირველმა მეფემ, ოტო ბავარიელმა, თანამედროვე, სახელმწიფოს დედაქალაქისთვის შესაფერისი ქალაქის ასაშენებლად არქიტექტორები მოიწვია, მათ შორის სტამატიოს კლეანტისი და ედუარდ შუბერტი.
თანამედროვე ქალაქის პირველი დაგეგმარება მოიცავდა სამკუთხეთს, რომლის ბოლოებშიც აკროპოლისი, კერამიკოსის ანტიკური ნამარხები და ბავარიელი მეფის ახალი სასახლე უნდა ყოფილიყო, როგორც ასე ვთქვათ მჭიდრო კავშირი ანტიკურსა და თანამედროვე ათენს შორის. იმ ეპოქაში ფართოდ გავრცელებული ნეოკლასიციზმი, იყო ის არქიტექტურული სტილი, რომლის მიხედვითაც ბავარიელმა, ფრანგმა და ბერძენმა არქიტექტორებმა ახალი დედაქალაქის პირველი მნიშვნელოვანი საჯარო შენობები ააგეს. 1896 წელს, ათენმა პირველ თანამედროვე ოლიმპიური თამაშებს უმასპინძლა. 1920-იანი წლების განმავლობაში, ბერძნულ-თურქული ომის შემდეგ უამრავი ბერძენი ლტოლვილი იქნა ანატოლიიდან გამოძევებული, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ქალაქის მოსახლეობა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, 1950-იან და 60-იან წლებში მოსახლეთა რაოდენობამ კიდევ უფრო დიდი ზრდა განიცადა, რასაც ქალაქის თანდათანობითი გაფართოება მოჰყვა.
1980-იან წლებში ცხადი გახდა, რომ საწარმოებიდან გამოყოფილი კვამლი და ავტომობილების მუდმივად მზარდი ნაკადი, ისევე როგორც თავისუფალი სივრცის ნაკლებობა მოსახლეობის გადამეტებული რაოდენობის გამო, ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ქცეულიყო. 1990-იან წლებში ქალაქის მთავრობამ მრავალი დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიება გაატარა. ამავე მიზნით გაუმჯობესდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი გზატკეცილი, გაფართოვდა ათენის მეტრო და ქალაქს ახალი საერთაშორისო აეროპორტი დაემატა. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა დაბინძურება და ათენი უფრო მეტად ფუნქციურ ქალაქად აქცია. 2004 წელს ათენმა ზაფხულის ოლიმპიური თამაშებს უმასპინძლა.
ათენი საბერძნეთის ფინანსური დედაქალაქია. 2014 წლის მონაცემებით, ათენის მეტროპოლიის ეკონომიკურმა ზონამ, აწარმოა 130 მილიარდი აშშ დოლარი როგორც მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველობითი უნარის პარიტეტში, რაც მთლიანი ქვეყნის მაჩვენებლის თითქმის ნახევარია. იმავე წელს მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკური მეტროპოლისების სიაში ათენი 102-ე ადგილზე გავიდა, მისი მთლიანი შიდა პროდუქტი კი ერთ სულ მოსახლეზე 32 000 აშშ დოლარს შეადგენდა. [9]
ათენი ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.
საბანკო სექტორი წარმოდგენილია საბერძნეთის ეროვნული ბანკით, ალფაბანკით, ევრობანკით. ასევე ქალაქის ცენტრშია მოთავსებული საბერძნეთის ბანკი. ათენის საფონდო ბირჟა, რომელიც ერთადერთია საბერძნეთში, მძიმედ დაზარალდა ე.წ. „საბერძნეთის მთავრობის ვალის კრიზისის“ დროს რომელიც 2007-2008 წლების მსოფლიო ფინანსურ კრიზისს მოჰყვა. მთლიანობაში ათენისა და საბერძნეთის ეკონომიკამაც მძიმე დარტყმა მიიღო. თუმცა დიდხნიანი დაღმასვლის შემდეგ 2017 წლის მონაცემებით 1,4%-იანი ზრდა განიცადა.[10]
ტურიზმი არის კიდევ ერთი სექტორი, რომელიც მნიშვნელოვნად ავსებს ქალაქის ბიუჯეტს. ათენი მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად ქალაქსშიდა ტურიზმისთვის და ასევე მშვენიერი კარიბჭეა ექსკურსიებისთვის როგორც უახლოეს ქალაქებში ისე კუნძულებზე. 2015 წელს საბერძნეთმა 26,5 მილიონ ტურისტს უმასპინძლა, 2017-ში 30,1 მილიონს, ხოლო 2018 წელს 33 მილიონს, რის მიხედვითაც საბერძნეთი ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეტად მონახულებული ქვეყანაა. ტურიზმზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 18% მოდის. ათენმა 2018 წელს 5 მილიონ ტურისტს უმასპინძლა, რომელთაგან 1,4 მილიონი უშუალოდ ქალაქის დასათვალიერებლად ჩამოვიდა (2013 წელს იგივე მიზნით მხოლოდ 220 000 ადამიანი იყო ქალაქში).[11]
ათენს სპორტული ღონისძიებების ჩატარების დიდი ისტორია აქვს. აქ ბერძნული სპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბები და სპორტული ნაგებობების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი. ქალაქს საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიებებისთვისაც აქვს მასპინძლობა გაწეული.
ათენმა 2 ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა, 1896 და 2004 წლებში. 2004 წლის ოლიმპიადისთვის ათენის ოლიმპიურ სტადიონს გაუმჯობესება დასჭირდა, რის შემდეგაც მან როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი სტადიონის რეპუტაცია დაიმსახურა.[12] ის ყველაზე დიდი სტადიონია ქვეყანაში. აქ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ორჯერ გაიმართა, 1994 და 2007 წლებში. ათენის კიდევ ერთი დიდი სტადიონი პირეოსის არეში მდებარეობს. ის გეორგიოს კარაისკაკის სახელობისაა და მასზე 1971 წლის უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალი გაიმართა.
ათენში ევროლიგის ფინალი სამჯერაა გამართული. პირველი 1985 წელს და მეორე 1993 წელს, ორივე მშვიდობისა და მეგობრობის სტადიონზე გაიმართა, რომელიც დიდი გადახურული არენაა. მესამედ 2007 წელს, ფინალი ოლიმპიურ დარბაზში გაიმართა.
ათენში სამი ევროპული, მრავალ-სპორტული კლუბია. ესენია: ოლიმპიაკოსი, პანათინაიკოსი და ათენის აეკი. ფეხბურთში ოლიმპიაკოსი შიდა ჩემპიონატში დომინირებს, პანათინაიკოსმა 1971 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში გააღწია, სადაც ამსტერდამის აიაქსთან ანგარიშით 2-0 დამარცხდა. აეკი კი უბრალოდ დიდი სამეულის წევრია. ამ კლუბებს ასევე ჰყავთ საკალათბურთო გუნდები. პანათინაიკოსი და ოლიმპიაკოსი ევროპის უძლიერეს გუნდებს განეკუთვნებიან, მათ ევროლიგა შესაბამისად 6-ჯერ და 3-ჯერ აქვთ მოგებული. რაც შეეხება აეკს, ის პირველი ბერძნული გუნდია, რომელმაც ნებისმიერ სპორტში პირველი ევროპული ტიტული მოიპოვა.
პროპილეები შესასვლელს ნიშნავს. აგებულია არქიტექტორ მნესიკლესის მიერ ძვ. წ. 437-432 წწ-ში. ეს არის გამჭოლი ფანჩატური, რომელიც ორი მხრიდან გახსნილია სვეტებით და ორქანობა სახურავითაა გადახურული.აქედან შედიოდნენ აკროპოლისის მოედანზე.
პინაპოთეკა ძველ საბერძნეთში ფერწერულ ნამუშევართა საცავს წარმოადგენდა. ეს იყო ყრუ კედლებით შემოსაზღვრული მასიური შენობა.
ნიკე აპთეროს უფრთო ნიკეს ნიშნავს. მცირე ზომის პატარა, მსუბუქი და მოხდენილი ტაძარი აგებულია არქიტექტორ კალიკრატესის მიერ ძვ.წ. 427-421 წწ-ში.
აკროპოლისის მთავარი ტაძარი აგებულია იქტინოსისა და კალიკრატესის მიერ ძვ.წ. 447-438 წწ-ში. თბილი, მოყვითალო ფერის მარმარილოსაგან ნაგები ყოველმხრივ სვეტებით გარშემორტყმული ტაძარი ათენას სახელობისაა და ზომით ყველაზე დიდ ნაგებობას წარმოადგენს ამ ანსამბლში.
ძვ.წ. 421-406 წწ-ში აგებული პართენონთან შედარებით მომცრო, ასიმეტრიული ერეხთეიონი, მოხდენილი პროპორციებით ხასიათდება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.