იურული სამყარო
From Wikipedia, the free encyclopedia
„იურული სამყარო“ (ინგლ. Jurassic World) — 2015 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, რიგით მეოთხე ნაწილი „იურული პარკის“ სერიიდან, რომლის რეჟისორია კოლინ ტრევოროუ,[6] პროდიუსერები არიან ფრენკ მარშალი[7] და პატრიკ კროული,[8] სცენარი ეკუთვნის რიკ ჯაფას, ამანდა სილვერს, დერეკ კონოლისა და კოლი ტრევოროუს. მონაწილეობენ კრის პრეტი, ბრაის დალას ჰაუარდი,[9] ვინსენტ დ’ონოფრიო, ტაი სიმპკინზი, ნიკ რობინსონი, ომარ სი, ბრედლი დერილ ვონგი და ირფან ხანი.[10]
„იურული სამყარო“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
რეჟისორი | კოლინ ტრევოროუ |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი |
|
ეფუძნება | მაიკლ კრაიტონის პერსონაჟებს |
ისტორია | რიკ ჯაფა და ამანდა სილვერი |
როლებში |
|
მუსიკა | მაიკლ ჯაკინო |
ოპერატორი | ჯონ შვარცმანი |
მონტაჟი | კევინ სტიტი |
მწარმოებელი კომპანია | |
დისტრიბუტორი | Universal Pictures[1] |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 124 წუთი[3] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 150 მილიონი აშშ დოლარი[4] |
შემოსავალი | 1.672 მილიარდი აშშ დოლარი[5] |
სიუჟეტი მიმდინარეობს „იურული პარკის“ მოვლენებიდან 22 წლის შემდეგ, ცენტრალური ამერიკის გამოგონილ კუნძულ ისლა ნუბლარზე, სადაც განთავსებულია კლონირებული დინოზავრებით დასახლებული გასართობი პარკი. მოულოდნელად, პარკი გაეხვევა ქაოსში, მას შემდეგ, რაც გენმოდიფიცირებული დინოზავრები თავისუფლდებიან და იწყებენ ადამიანებზე ნადირობას.
კომპანია Universal Pictures-ს ფილმის გადაღებების დაწყება დაგეგმილი ჰქონდა 2004 წელს, ხოლო გამოშვება — 2005 წლის შუა პერიოდში,[11] თუმცა სცენარის ხშირი ცვლილების გამო ფილმზე მუშაობა რამდენიმეჯერ შეწყდა. საბოლოოდ ფილმის გადაღებები დაიწყო 2014 წლის 10 აპრილს ჰონოლულუს ზოოპარკში, ჰავაიზე,[12] ხოლო შემდგომში გაგრძელდა ლუზიანას შტატში. სცენარისტებად მიიწვიეს რიკ ჯაფა, ამანდა სილვერი და დერეკ კონოლი, რეჟისორად აიყვანეს კოლინ ტრევოროუ. დინოზავრების გამოსახულებები შექმნა ვიზუალური ეფექტების კომპანია Industrial Light & Magic-მა.[13]
ფილმზე მუშაობა დასრულდა 2015 წლის 10 მაისს.[14] პრემიერა შედგა 2015 წლის 29 მაისს კინოთეატრ გრან-რექსში, პარიზში. ამავე წლის 10 ივნისიდან ფილმი გამოვიდა მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში.
პროექტს წილად ჰხვდა დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე მთლიანი რეიტინგი შეადგენს 71% 314 მიმოხილვაზე დაყრდნობით.[15] მას აგრეთვე გადაეცა რამდენიმე ჯილდო სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალებზე, მათ შორის: ჰოლივუდის ფილმების ჯილდო,[16] MTV Movie Awards[17] და სატურნის ჯილდო.[18]
„იურული სამყარო“ ფინანსურად მეტად წარმატებული აღმოჩნდა. ის არის პირველი ფილმი მსოფლიოში, რომლის შემოსავალმა პირველ შაბათ-კვირას 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,[19] ხოლო მთლიანმა შემოსავალმა 1.6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა[5] და იქცა მეხუთე ყველაზე შემოსავლიან ფილმად მსოფლიოში. ის აგრეთვე არის 2015 წლის მეორე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და სერიის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი.[20][21]
2015 წლის 29 მაისს ფილმი გამოიცა DVD, Blu-ray და Blu-ray 3D ფორმატში.[22] გამოსვლიდან ერთ კვირაში გაიყიდა Blu-ray და DVD დისკების 3 მილიონი ასლი. პირველ კვირაში ციფრული და ფიზიკური ფორმატების გაყიდვებმა 82 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.[23] 2018 წლის ივლისში გამოვიდა გაგრძელება „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“.[24]