ვენეციის რესპუბლიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ვენეციის რესპუბლიკა (იტალ. Repubblica di Venezia) — შუა საუკუნეების იტალიური სახელმწიფო; არსებობდა VII-VIII საუკუნეებიდან 1797 წლამდე და ფლობდა მნიშვნელოვან ძალაუფლებას ხმელთა შუა ზღვის ნაოსნობისა და ეკონომიკურ საკითხებში. სახელმწიფოს ცენტრი მდებარეობდა ადრიატიკის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. ვენეციის რესპუბლიკის ხმელთაშუა ზღვაზე ბატონობა საბოლოოდ კოლონიურ იმპერიაში გადაიზარდა, რომელიც ვენეციიდან ცენტრალურად იმართებოდა და ვრცელდებოდა ზემო იტალიიდან კრეტამდე და ყირიმიდან კვიპროსამდე. გარდა ამისა ვენეციის რესპუბლიკა არაერთ სავაჭრო კოლონიას ფლობდა ფლანდრიასა და მაღრიბში, ალექსანდრიასა და აკოში, კონსტანტინოპოლსა და ტრაპიზონში, ისევე როგორც ადრიატიკის ზღვის მრავალ სახელმწიფოში. არისტოკრატიული რესპუბლიკის სიმდიდრის შედეგად მას ცენტრალური ადგილი ეკავა მთელ რეგიონში, ბიზანტიასა და საღვთო როის იმპერიას შორის და ფლობდა მნიშვნელოვან სასაქონლო მონოპოლიას. მისთვის ხელსაყრელი იყო იტალიის დაქუცმაცებულობაც. მნიშვნელოვან კომერციულ სფეროს, რომელიც შორეულ ქვეყნებში ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული, მხოლოდ დიდებულები განაგებდნენ და სულ უფრო მეტად იმკვიდრებდნენ პოლიტიკურ ლიდერობას, სანამ არ გაუქმდა სახალხო კრება.
ვენეციის რესპუბლიკა | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ვენეციის რესპუბლიკის რუკა. | |||||||||
დედაქალაქი | ერაკლეა (697–742) მალამოკო (742–810) ვენეცია (810–1797) | ||||||||
ენა | ვენეციური, ლათინური, იტალიური, ბერძნული, სამხრეთსლავური ენები | ||||||||
რელიგია | რომის კათოლიკური ეკლესია | ||||||||
ფულის ერთეული | ვენეციური ლირა | ||||||||
მმართველობის ფორმა | დემოკრატიული რესპუბლიკა (დე იურე) არჩევითი მონარქია (დე ფაქტო) | ||||||||
დოჟი | |||||||||
- 697–717 წწ | პაოლო ლუციო ანაფესტო (პირველი) | ||||||||
- 1789–1797 წწ | ლუდოვიკო მანინი (უკანასკნელი) | ||||||||
დღეს მისი ტერიტორიაზე მდებარეობს | იტალია ხორვატია საბერძნეთი ალბანეთი კვიპროსი მონტენეგრო სლოვენია თურქეთი რუსეთი უკრაინა | ||||||||
ვენეციის რესპუბლიკის ისტორიის საწყისი ეტაპის შესახებ მხოლოდ რამდენიმე წერილობითი წყარო და უამრავი ლეგენდა მოიპოვება, თუმცა ისინი ისტორიის ამ პერიოდს სრულად და დეტალურად ვერ აღწერენ. ამის საპირისპიროდ XIII საუკუნიდან ვენეციაში იწყება მძლავრი სამწერლობო ტრადიცია, რომელშიც აღწერილია უკიდურესად წვრილმანი დეტალებიც კი; ამ მხრივ ვენეციის მწერლობა მხოლოდ რომის მწერლობას ჩამოუვარდებოდა. ლეგენდების შექმნას არსებითად ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა ჟამთააღმწერლობამ, რომელიც ხშირად ვენეციური საზოგადოების თავისებურებებს უკავშირებდა წარსულს. ამასთანავე სახელმწიფო ისტორიკოსები ფარავდნენ ან თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევდნენ იმ ფაქტებს, რომლებიც ერთიანობას, მართლმსაჯულებას ან სახელმწიფო ძალაუფლებას ეწინააღმდეგებოდნენ.
ვენეციის საზღვაო ძალაუფლებამ, მიუხედავად ნაკლები რესურსებისა, გაფანტული და ერთმანეთისაგან მოშორებული სამფლობელოებისა, უმთავრესი როლი ითამაშა ხმელთაშუა ზღვის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისეთ მძლავრ სახელმწიფოებს შორის, როგორიც იყო ბიზანტია, გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია და პაპის ხელისუფლება, ვენეცია ახერხებდა გავლენის მოპოვებას თავისი ძლიერი სამხედრო ფლოტისა და კარგი დიპლომატიის მეშვეობით; გარდა ამისა მას სავაჭრო სფეროში უწევდა ისეთ ქალაქებთან კონკურენცია, როგორიც იყო უპირველეს ყოვლისა გენუა, ასევე ამალფი, პიზა, ბოლონია და სხვები. მხოლოდ ისეთმა დიდმა სახელმწიფოებმა, როგორებიც იყო ოსმალეთი და ესპანეთი, სამხედრო ძალით აიძულეს ვენეციის რესპუბლიკა, რომ სავაჭრო პირველობა დაეთმო გაერთიანებულ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და დიდ ბრიტანეთში. 1797 წელს ქალაქი ნაპოლეონმა დაიკავა და დიდმა საბჭომ 12 მაისს ვენეციის რესპუბლიკა გაუქმებულად გამოაცხადა.