![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3d/1GZX_Haemoglobin.png/640px-1GZX_Haemoglobin.png&w=640&q=50)
ჰემოგლობინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰემოგლობინი — რკინის შემცველი, ჟანგბადის გადამტანი ცილა ხერხემლიანების წითელი სისხლის უჯრედებში.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3d/1GZX_Haemoglobin.png/640px-1GZX_Haemoglobin.png)
ძუძუმწოვრებში ცილა ქმნის დაახლოებით წითელი სისხლის უჯრედების მშრალი შიგთავსის 97%-ს და მთლიანი შიგთავსის (წყლიანად) 35%-ს. ჰემოგლობინს გადააქვს ჟანგბადი ფილტვებიდან/ლაყუჩებიდან დანარჩენ ორგანიზმში, სადაც ის ათავისუფლებს ჟანგბადს, რათა უჯრედებმა გამოიყენონ ის. მას ასევე აქვს მრავალი ფუნქცია, ისეთი როგორებიცაა აირის გადატანა და სხვა.
ჰემოგლობინი მიეკუთვნება ქრომოპოეტინების ჯგუფს, შედგება ცილოვანი (გლობინი) და მასთან შეკავშირებული არაცილოვანი, რკინის შემცველი ნაწილისგან - ჰემისგან. ჰემოგლობინი მეოთხეული სტრუქტურის ცილაა, მისი მოლეკულური მასა 64500 დალტონია. ჰემოგლობინის თითოეული მოლეკულა ოთხი გლობინისგან შედგება, რომელთაგან თითოეული დაკავშირებულია ჰემთან. მოლეკულაში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ცილოვანი ჯაჭვი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ამინომჟავების რაოდენობისა და თანმიმდევრობის მიხედვით. მხოლოდ α-, β-, γ- და δ- ჯაჭვებია ფიზიოლოგიური. ჰემოგლობინის ყველა მოლეკულა შეიცავს ორი იდენტური გლობინის წყვილს. ამ ჯაჭვების კომბინაციის ცვალებადობა საფუძვლად უდევს ჰემოგლობინის სხვადასხვა ფორმების არსებობას. მაგალითად, 2α2β წარმოქმნის HB A-ს, 2α2δ - HB F. ჰემოგლობინის მოლეკულა შეიცავს 574 ამინომჟავას. გლობინის თითოეული პოლიპეპტიდური ჯაჭვი შეერთებულია ჰემთან.
ჰემოგლობინის საერთო რაოდენობის კვლევა მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო მეთოდია კლინიკურ პირობებში. ამ დროს ხდება სისხლში არსებული და პათოლოგიური მდგომარეობისას გაჩენილი ჰემოგლობინისა და მისი დერივატების განსაზღვრა. ჰემოგლობინის საერთო რაოდენობის განსაზღვრა, სხვა მონაცემებთან ერთად, მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ანემიებისა და სხვა დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.