ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
From Wikipedia, the free encyclopedia
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტი) — ძველი ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტებისა და გამოჩენილ მოღვაწეთა პირადი არქივების საცავი საქართველოში. დაარსდა 1958 წლის 30 ივნისს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე. მისი დამაარსებელი და პირველი დირექტორი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ილია აბულაძე. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექცია მოიცავს სხვადასხვაენოვან ხელნაწერ წიგნებს, ისტორიულ საბუთებს, საზოგადო მოღვაწეთა პირად არქივებს, ძველნაბეჭდ წიგნებს, რარიტეტულ გამოცემებსა და მემორიალურ ნივთებს. ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საგამოფენო და სარესტავრაციო პროექტებს. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ფარგლებში ცენტრში ხდება აქ დაცული მასალის აღწერა, სისტემატიზაცია, შესწავლა, პუბლიკაცია და მონაცემთა ბაზების შექმნა. ცენტრს გააჩნია აგრეთვე მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ფუნქციონირებს კორნელი კეკელიძის, ივანე ჯავახიშვილის, ილია აბულაძის, ნიკო ბერძენიშვილის, ელენე მეტრეველის, შალვა ამირანაშვილის მემორიალური კაბინეტები.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი | |
---|---|
შეიქმნა | 1958 წელი, 30 ივნისი |
სტატუსი | საჯარო სამართლის იურიდიული პირი |
ტიპი | სამეცნიერო, კვლევითი |
მიზანი | ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელის შეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღრიცხვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა, ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მნიშვნელობის პროპაგანდის მხარდაჭერა[1]. |
მდებარეობა | თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. 1/3 |
დირექტორი | ზაზა აბაშიძე |
მთავარი ორგანო | სამეცნიერო საბჭო |
მშობელი ორგანიზაცია | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო |
ატარებს სახელს | კორნელი კეკელიძე |
ქვეყანა | საქართველო |
manuscript.ge |