![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a4/Connochaetes_taurinus_-Wildebeest_crossing_river_-East_Africa.jpg/640px-Connochaetes_taurinus_-Wildebeest_crossing_river_-East_Africa.jpg&w=640&q=50)
ცხოველთა მიგრაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ცხოველთა მიგრაცია (ლათ. migrantis — ვინც, რაც გადასახლდება) — ცხოველთა გადაადგილება, რომელიც გამოწვეულია საარსებო პირობების შეცვლით ან დაკავშირებულია მათი განვითარების ციკლთან. პირველი შეიძლება იყოს რეგულარული (სეზონური, დღეღამური) ან არარეგულარული (გვალვის, ხანძრის, წყალდიდობისა და სხვა შემთხვევაში). მეორე ხელს უწყობს სახეობის განსახლებას და შეიძლება დაემთხვეს ლარვულ სტადიას (ასციდიებში, მარჯნებში, ღრუბლებში) ან სქესობრივი მომწიფების პერიოდს (ცხოველთა უმრავლესობაში). რეგულარული მიგრაციები ხორციელდება მეტ-ნაკლებად განსაზღვრული გზით. არარეგულარული მიგრაცია და განსახლება კი ხშირად ქაოსურია, მიგრაცია შეიძლება მიმდინარეობდეს ჰორიზონტალურად (ხმელეთზე და წყალში) და ვერტიკალურად (მთებში, ნიადაგში, წყლის სიზრქეში, მცენარეულ საფარში, აქტიურად და პასიურად. მიგრაციას შეისწავლიან ცხოველთა ნიშანდების, ფრინველთა დარგოლვის და სხვა გზით. ასეთი შესწავლა აუცილებელია მრავალი სახეობის თევზისა და ნადირ-ფრინველის წარმატებით რეწვისათვის, აგრეთვე მავნებლებთან (მაგ: გადამფრენ კალიასთან, მღრღნელებთან) ბრძოლისათვის.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a4/Connochaetes_taurinus_-Wildebeest_crossing_river_-East_Africa.jpg/640px-Connochaetes_taurinus_-Wildebeest_crossing_river_-East_Africa.jpg)