ჩრდილოეთი ამერიკა
კონტინენტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოეთი ამერიკა (ინგლ. North America, ფრანგ. Amérique du Nord, ესპ. América del Norte, Norteamérica, ნაუატ. Ixachitlān Mictlāmpa) — კონტინენტი დედამიწის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებში. სამხრეთ ამერიკასთან ერთად ქმნის ამერიკას. ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ქვეყნებია: კანადა, აშშ და მექსიკა. კონტინენტის ფართობი კუნძულების გარეშე შეადგენს 20,36 მლნ კმ²-ს, კუნძულებთან ერთად კი 24,709 მლნ კმ²-ს. ჩრდილოეთ ამერიკას ეკუთვნის კუნძული გრენლანდია, კანადის არქტიკული არქიპელაგი, კარიბები, ალეუტის კუნძულები და სხვა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ჩრდილოეთი ამერიკა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ჩრდილოეთი ამერიკა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ჩრდილოეთი ამერიკა | |
---|---|
ფართობი | 24 709 000 კმ² |
მოსახლეობა | 565 265 000 ად. (2013) |
მოს. სიმჭიდროვე | 22,9 ად./კმ² (59,3/sq mi) [1] |
მოს. შემადგენლობა | ჩრდილოეთ ამერიკელები, ამერიკელები[2] |
ქვეყნები | 23 (ქვეყნების_სია) |
ენები | ინგლისური, ესპანური, ფრანგული, და სხვა |
სასაათო სარტყელი | UTC-10 – UTC |
2008 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ ამერიკის 23 სახელმწიფოში 555 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. კონტინენტებს შორის ფართობით იგი მესამეა, აზიისა და აფრიკის შემდეგ, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე, აზიის, აფრიკისა და ევროპის შემდეგ.
კონტინენტის ძირითადი გეოლოგიური ბირთვი წარმოიშვა უძველეს კრატონ ლავრენტიაზე. მისი ისტორია დაახლოებით 1,5-1 მილიარდ წელს მოიცავს. მატერიკის ძირითად ნაწილს კანადის ფარი წარმოადგენს. ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია ევროპის კონტინენტისგანაა გამოყოფილი. ეს ორი მატერიკი ერთმანეთთან სუპერკონტინენტ პანგეას დროს იყო შეერთებული, სხვა დანარჩენ კონტინენტებთან ერთად. კონტინენტზე არსებული ხელსაყრელი პირობების გამო, მისი ტერიტორია დინოზავრების გავრცელების მთავარ არეალს წარმოადგენდა. თუ საიდან მოხვდნენ ადამიანები კონტინენტზე, ამის შესახებ დანამდვილებითი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ყველაზე მყარი ჰიპოთეზის მიხედვით ადამიანები კონტინენტზე დიდი გამყინვარების დროს აზიიდან გადმოსახლდნენ.
კონტინენტის ჩრდილოეთი სანაპირო ძირითადად არქტიკულ სარტყელშია მოქცეული, დანარჩენი ნაწილი კი ზომიერ სარტყელშია. ასეთი ჰავის გამო კონტინენტზე ფართო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები მიმდინარეობს. კონტინენტზე მიედინება მსოფლიოში სიგრძით მესამე მდინარე — მისისიპი-მისურით.
კონტინენტი ძლიერი ეკონომიკური სისტემებით გამოირჩევა, აქ მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა — აშშ. ასევე ძლიერი ეკონომიკური სისტემები გააჩნიათ მექსიკასა და კანადას. კონტინეტზე ძირითადად სამი მსხვილი ეკონომიკური გაერთიანება მოქმედებს: ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA), კარიბების კავშირი (CARICOM) და ცენტრალური ამერიკის საინტეგრაციო სისტემა (CACM)[3].
ყველაზე გავრცელებული სალაპარაკო ენებია: ინგლისური, ფრანგული და ესპანური. სამივე ენის გავრცელება კონტინენტზე ევროპული კოლონიზაციის დროს მოხდა. მოსახლეობა მრავალფეროვანია ეთნიკური და რასობრივი თვალსაზრისითაც, ძირითად რასობრივ ჯგუფებს ინდოევროპელები, მეტისები და ზანგები წარმოადგენენ.