შავმიწა ნიადაგი, მთის შავმიწები — ნიადაგი, რომელიც ვითარდება სუბბორეალურ ზონაში სტეპისა და ტყე-სტეპის მცენარეულობის ქვეშ, ლიოსებზე, ლიოსისებრ თიხებსა და თიხნარებზე, ასევე მასიურ-კრისტალურ ქანებსა და თიხა მერგელებზე პერიოდულად ჩამრეცხი წყლის რეჟიმის, მერყევი ტენის ბალანსის პირობებში. დამახასიათებელია კარგად გამოხატული საკმაოდ მძლავრი და შავი შეფერილობის ჰუმუსოვანი ჰორიზონტი, პროფილის გათიხება. ხასიათდება სუსტად მჟავე, ნეიტრალური ან სუსტად ტუტე რეაქციით, ფუძეების მაძღრობით, ჰუმუსის მაღალი შემცველობით, გაცვლით კატიონებში კალციუმის მკვეთრი სიჭარბით, ძირითადი ჟანგეულების მეტ-ნაკლებად თანაბარი განაწილებით, თიხიანი ან მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით. შავმიწებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ძირითადი ელემეტარული ნიადაგწარმომქმნელი პროცესები: ჰუმუსწარმოქმნა, ჰუმუსდაგროვება და სიალიტიზაცია. ნიადაგის პროფილს ჩვეულებრივ შემდეგი აგებულება აქვს: A1'-A1"-AB-BC.[1][2]
შავმიწების სარტყელი ხასიათდება ცივი ჰავით. საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის 5,9 °C. ყველაზე ცივი თვის იანვრის ტემპერატურა –7,5 °C, ხოლო თბილი — ივლისის 16,8 °C. ზამთარში ტემპერატურა ხშირად –20–25 °C ეცემა. ყინვიან დღეთა რიცხვი წელიწადში 240 აღწევს. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 5 თვეს უდრის. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 545–746 მმ-ია. მათი მაქსიუმი მაის-ივნისში მოდის, ხოლო მინიმუმი ზამთარში. ჰაერის საშუალო წლიური შეფარდებითი ტენიანობა 70 % უდრის. მცენარეულობა ძირითადად მდელო-სტეპის ტიპისაა და აერთიანებს შემდეგ დაჯგუფებებს: უროიანი, ვაციწვერიანი, მარცვლოვან-ნაირბალახოვანი და ისლიან-ჭალიანი. შავმიწა ნიადაგს აქვს პროფილის შემდეგი შენება: A1' — ჰუმუსოვანი ჰორიზონტი, შავი, თიხნარი, მარცვლოვან-წვრილკაკლოვანი, ფესვების დიდი რაოდენობით, საერთო სიმძლავრით 15–20 სმ. A1" — ჰუმუსოვანი ჰორიზონტი, შავი, თიხნარ-თიხიანი, კოშტოვან-კაკლოვანი, ფესვები ნაკლები რაოდენობით, საერთო სიმძლავრით 15–25 სმ. AB — გარდამავალი ჰორიზონტი, მოშავო-ყავისფერი, თიხნარ-თიხიანი, კოშტოვან-პრიზმული, მომკვრივო, ფესვები ერთეულად, საერთო სიმძლავრით 15–25 სმ. BC — ყავისფერ-ჩალისფერი, თიხნარ-თიხიანი, კოშტოვან-დაკუთხული, საერთო სიმძლავრით 25–35 სმ.[2]
შავმიწები ხასიათდება კარგად გამოხატული შავი შეფერილობის ჰუმუსოვანი ჰორიზონტით, აკუმულაციის ჰორიზონტში ორგანული ნივთიერებების დაგროვებით, კოშტოვან-კაკლოვანი ან კოშტოვან-პრიზმული სტრუქტურით, პროფილის გათიხებით, მაღალი პოტენციური ნაყოფიერებით. დამახასიათებელია თიხიანი ან მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობა. ლექის ფრაქციის შემცველობა პროფილის ზედა ნაწილში ჩვეულებრივ თანაბარზომიერად ნაწილდება, ხოლო ქვედა ნაწილში მისი რაოდენობა კლებულობს. მდიდარია მიკროორგანიზმებით, რომელთა ბიოლოგიური აქტივობა ამინდთან დაკავშირებით იცვლება, რაც ზღუდავს ორგანულ ნაერთთა მინერალიზაციის პროცესს და ხელს უწყობს ჰუმუსის დაგროვებას. ჰუმუსის ჰორიზონტს მოსდევს ილუვიურ-კარბონატული ფენა, რომელიც შეიცავს კალციუმის ცრუმიცელებსა და კონკრეციებს. მის ქვემოთ თაბაშირის ახალწარმონაქმნებია. ჰუმუსის შემცველობა მაღალია და ზოგიერთ შემთხვევაში 10 % აღწევს. შავმიწები გამოირჩევა სუსტად მჟავე, ნეიტრალური ან სუსტად ტუტე რეაქციით. ნიადაგები მაძღარია ფუძეებით. ქიმიური ანალიზის მონაცემებით ძირითადი ჟანგეულები მეტ-ნაკლებად თანაბარი განაწილებით ხასიათდება. აქვს ნეიტრალური რეაქცია და მაღალი ბუფერულობა; თიხამინერალებიდან მასში ჭარბობს მონტმორილონიტი.[3]
შავი ნიადაგებისაგან განსხვავდება კოშტოვან-კაკლოვანი სტრუქტურით, უფრო მსუბუქი მექანიკური შედგენილობით, დაწიდულობის ნიშნების უქონლობით. შავმიწები იყოფა ქვეტიპად: გამოტუტული და ტიპური. პირველი გავრცელებულია ყველაზე მაღალ ჰიფსომეტრიულ ნიშნულებზე. ამ ნიადაგების რეაქცია სუსტად მჟავეა ან ნეიტრალური. კარბონატები ჩვეულებრივ არ აღინიშნება. მეორე ნეიტრალური ან სუსტად ტუტე რეაქციით ხასიათდება. ნიადაგის პროფილში აღინიშნება კარბონატების არსებობა. შავმიწების ქვეტიპებში გამოყოფენ შემდეგ გვარებს. ჩვეულებრივი — გამოიყოფა ყველა ქვეტიპებში. ამ გვარს გააჩნია შავმიწების ქვეტიპების ნიშანი და თვისება. უკარბონატო — ამ გვარის ნიადაგები არ შეიცავენ კარბონატებს. ნარჩენ-კარბონატული — ფორმირდება კარბონატულ ქანებზე. შავმიწები იყოფა სახეობად შემდეგი ნიშნებით: ჰუმუსის შემცველობით: სუსტადჰუმუსიანი (<2 %), მცირეჰუმუსიანი (2–3 %), საშუალოჰუმუსიანი (3–5 %), ბევრჰუმუსიანი (>5 %). შავმიწა ნიადაგის წარმოქმნა დაკავშირებულია მეორად გამდელოებასთან — სუბალპური ტყეების უკან დახევის პროცესთან და აგრეთვე ტბების ამოშალდამების ევოლუცის პროცესთან.[4]
შავმიწა ნიადაგის წარმოშობასთან დაკავშირებით პირველი თეორია ჩამოაყალიბა შვედმა ქიმიკოსმა და მინერალოგმა იოჰან გოტშალკ ვალერიუსმა 1761 წელს, რომელმაც შავმიწების გენეზისი მცენარეთა გახრწნას დაუკავშირა.[5] 1763 წელს მიხეილ ლომონოსოვმა გააფართოვა ვალერიუსის თეორია და მიიჩნია, რომ ეს ნიადაგები ჩამოყალიბდა მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების გახრწნის შედეგად. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში პეტრე პალასმა და სხვებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა შავმიწების ზღვიური წარმოშობის შესახებ და განიხილავდნენ მათ, როგორც კასპიისა და შავი ზღვების უკან დახევის შედეგად დარჩენილ ზღვის ლამს. ამ ჰიპოთეზას აქვს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა; იგი გამოხატავს იმ დროს არსებულ წარმოდგენას ნიადაგზე, როგორც გეოლოგიურ წარმონაქმნზე.[6] შოტლანდიელი გეოლოგი ჩარლზ ლაიელი შავმიწა ნიადაგის გენეზისს ლიოსებთან აკავშირებდა.[7] უსაფუძვლო აღმოჩნდა შავმიწების ჭაობური წარმოშობის ჰიპოთეზაც. მისი მომხრეები, მათ შორის კარლ აიხვალდი და სხვები, თვლიდნენ, რომ წარსულში შავმიწა ნიადაგის ზონა წარმოადგენდა ტუნდრულ ძლიერ დაჭაობებულ სივრცეს; ჭაობური მცენარეულობის გახრწნამ შემდგომში დამყარებულ თბილ კლიმატურ პირობებში განაპირობა შავმიწების წარმოშობა. ნიკიფორ ბორისიაკი თვლიდა, რომ შავმიწები ჭაობებისა და ტბების ამოშრობის შედეგად წარმოიქმნა.[8] შავმიწების მცენარეულ-მიწისზედა წარმოშობის თეორია (ფრანც იოზეფ რუპრეხტი, ვასილი დოკუჩაევი და სხვა) აკავშირებს მას მდელო-სტეპისა და სტეპური ბალახოვანი მცენარეულობის განსახლებასთან და განვითარებასთან. სრულყოფილად ეს თეორია გადმოცემულია ვასილი დოკუჩაევის ნაშრომში „რუსეთის შავმიწა ნიადაგი“ (1883), რომელშიც ნათქვამია, რომ შავმიწები ჩამოყალიბებულია ბალახოვან მცენარეულობასთან, კლიმატთან, ადგილის რელიეფთან, დედაქანთან და ნიადაგწარმომქმნელ სხვა ფაქტორებთან მჭიდრო ურთიერთკავშირის შედეგად; ამ პროცესის მიზეზია ჰუმუსის დაგროვება.[9] გერმანელი გეოგრაფის ოტო შლიუტერის (1929) მიხედვით, შავმიწები ხელოვნური ნიადაგია,[10] ხოლო პროფესორი მაიკლ შმიდტი (1999) ამ ნიადაგის წარმოშობას ნეოლითში ბიომასის წვას უკავშირებს.[11]
შავმიწა ნიადაგის ფართობი მსოფლიოში დაახლოებით 230 მლნ. ჰა-ია.[12] გამოიყოფა შავმიწა ნიადაგის ორი სარტყელი: ერთი იწყება ევრაზიის სტეპიდან, რომელიც გადაჭიმულია აღმოსავლეთ ხორვატიიდან (სლავონია) მდინარე დუნაის გასწვრივ (ჩრდილოეთ სერბეთი, ჩრდილოეთ ბულგარეთი, სამხრეთ და აღმოსავლეთ რუმინეთი და მოლდოვა), საიდანაც საზღვარი მიდის ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინამდე და რუსეთის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებამდე. მეორე სარტყელი იწყება კანადის პრერიებიდან მანიტობაში და გადის დიდი ვაკეების გავლით აშშ-ში შორს სამხრეთისაკენ კანზასამდე. მსგავსი ნიადაგი გვხვდება ტეხასის შტატსა და უნგრეთში. შავმიწა ნიადაგის ფენის სისქე მეტად ცვალებადია და მერყეობს რამდენიმე სმ-დან 1,5 მ-მდე უკრაინასა და აგრეთვე რედ-რივერის ხეობის რეგიონში ჩრდილოეთ აშშ-სა და კანადაში (პრეისტორიული ტბის აგასისის ლოკაცია). შავმიწა ნიადაგი მიაკუთვნება ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის ჩერნოზიომების ჯგუფს.[4]
შავმიწა ნიადაგის საერთო ფართობი საქართველოში შეადგენს 1,4%-ს ანუ 99200 ჰა-ს. ეს ნიადაგები გავრცელებულია საქართველოს სამხრეთი მთიანეთში, ზღვის დონიდან 1200–1900 მ შორის.[13] საქართველოს შავმიწების პირველი მკვლევარი იყო ვასილი დოკუჩაევი (1899). მის მიერ შეგროვილი ნიადაგების ნიმუშების ანალიზები თბილისში შეასრულა ქიმიკოსმა სტახოვსკიმ. ამ ანალიზებით დადგინდა, რომ შავმიწები შეიცავს 10% და მეტ ჰუმუსს და ხასიათდება კარგი სტრუქტურით. ვასილი დოკუჩაევმა დაადგინა, რომ ამ ნიადაგებს ახასიათებს განსაზღვრული ზონალობა და ის, რომ მათში არ არის „თხუნელასებრი დრენაჟი“. დოკუჩაეველ ნიადაგმცოდნეთაგან საქართველოს შავმიწები შეისწავლა სერგეი ზახაროვმა (1906), რომელიც აღნიშნავდა, რომ ისინი ხასიათდება ჰუმუსოვანი ჰორიზონტის შავი შეფერილობით და მარცვლოვანი სტრუქტურით, ილუვიური ჰორიზონტის ყომრალ-ყვითელი შეფერილობით, რომელიც სიღრმით რუხ ფერს იძენს, პროფილის ქვედა ნაწილში ანდეზიტ-ბაზალტების ქანის ნამტვრევებით. სერგეი ზახაროვმა დაადასტურა, რომ შავმიწები ექვემდებარება ვერტიკალური ზონალური განაწილების კანონზომიერებას: დაბლობ ზოლში გავრცელებულია კარბონატული შავმიწები, უფრო ზემოთ — ჩვეულებრივი შავმიწები, ხოლო ყველაზე მაღალ ჰიფსომეტრიულ ზოლში — კარბონატული შავმიწები.[2]
სამხრეთ მთიანეთის შავმიწები შესწავლილი აქვს ბორის კლოპოტოვსკის (1933), რომელმაც გამოყო ხუთი ქვეტიპი: სამხრეთის, ჩვეულებრივი, პოხიერი, გამოტუტული და მთა-მდელოს შავმიწისებრი. საქართველოს შავმიწები შეისწავლეს აგრეთვე ს. ცინცაძემ (1940), პ. სუხმანოვმა (1940), ვ. ჩხიკვიშვილმა და ვ. ამბოკაძემ (1948). ქართველი მკვლევარებიდან საქართველოს შავმიწები ყველაზე საფუძვლიანად შეისწავლა გაბრიელ ტალახაძემ და კაპიტალური მონოგრაფიული ნაშრომი გამოაქვეყნა (1962). სამხრეთ მთიანეთის შავმიწების უმეტესი ნაწილი განვითარებულია ვულკანურ პლატოზე, რომელიც მთიანი ვაკის ხასიათს ატარებს. ამ რაიონების ცენტრალური ნაწილი უკავია ჯავახეთისა და სამსრის ქედებს. საქართველოს შავმიწების ზოლი გეომორფოლოგიურად იყოფა: დენუდაციურ ამფითეატრისებრ და აკუმულაციურ ტიპებად.[2]
შავმიწები გამოირჩევა მაღალი პოტენციური და საშუალო ეფექტური ნაყოფიერებით. ზოგიერთი სავარგული გამოირჩევა ჭარბი ქვიანობით. არსებული თბური რეჟიმი ხელსაყრელია მარცვლეულის, კარტოფილის, ბოსტნეულის და ხეხილოვანი კულტურების მოსაყვანად. ნიადაგები გამოირჩევა ჰიდროლიზური აზოტის და მოძრავი ფოსფორის საშუალო, გაცვლითი კალიუმის საშუალოზე მაღალი შემცველობით. მაღალი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ორგანული და მინერალური სასუქებით განაყოფიერება და ირიგაციული ეროზიისაგან დაცვა. განოყიერებისას პირველ ყოვლისა, გამოყენებული უნდა იყოს ფოსფორიანი სასუქები, შემდგომში აზოტიანი და ორგანული სასუქები. ძალიან კარგ შედეგს იძლევა 4–5 წელიწადში ერთხელ სიდერატების თესვა.[14]
შავმიწები ითვლება პურეული კულტურების, მათ შორის ხორბლის და სიმინდის გავრცელების ძირითად რეგიონებად. ამის გარდა, აქ მოჰყავთ კარტოფილი და ჭარხალი. ჭავმიწები აგრეთვე გამოიყენება საძოვრებად და სათიბებად. აქედან გამომდინარე ამ ნიადაგის რაციონალური გამოყენება, კულტურების მაღალი მოსავლიანობა ბევრადაა დამოკიდებული მემინდვრეობის და მეცხოველეობის დარგების სწორ შეთანაწყობაზე და აგრონომიულ ღონისძიებათა სისტემის ეფექტურ განხორციელებაზე.[2][15]
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.