![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9b/MSH80_mailboxes_along_cowlitz_river_1980.jpg/640px-MSH80_mailboxes_along_cowlitz_river_1980.jpg&w=640&q=50)
ღვარცოფი
From Wikipedia, the free encyclopedia
ღვარცოფი, სელი — კომპლექსური გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა, მაღალი კონცენტრაციის წყალგრუნტოვანი ნაკადის მოძრაობა მდინარის ან ხრამის კალაპოტში, რისი გამოვლინებაც განპირობებულია რელიეფის ძლიერი დანაწევრებით, ფერდობებისა და კალაპოტების ძლიერი დახრილობით, დენუდაციური და ეროზიული პროცესების ინტენსიური განვითარებით, თოვლის ინტენსიური დნობით, ბუნებრივი ან ხელოვნური კაშხლების წყალსატევებიდან გადმოხეთქილი წყლებით და ძლიერი თავსხმა წვიმებით. ღვარცოფი ფართოდ გავრცელებული მძლავრი სტიქიური მოვლენაა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9b/MSH80_mailboxes_along_cowlitz_river_1980.jpg/640px-MSH80_mailboxes_along_cowlitz_river_1980.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c2/Mudflow_Utt_49.gif/320px-Mudflow_Utt_49.gif)
ღვარცოფსაშიშ ადგილებში ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილი დიდი მოცულობის ნაშალი მასალა წყლით გაჯერების და გათხევადების პირობებში გადაიქცევა ტალახის, ქვატალახისა და წყალქვის ნაკადებად, რომელიც ჩვეულებრივი წყალმოვარდნებისგან გამოირჩევა უფრო დიდი ხარჯით, მოძრაობის უფრო დიდი სიჩქარით, მყარი ჩამონადენის დიდი მოცულობით, მაღალი სიმკვრივით და შესაბამისად, დარტყმის განსაკუთრებული სიძლიერით. ასეთ ნაკადებს გამანადგურებელი ძალა გააჩნია, რაც საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტებს, ანგრევს ან ძლიერ აზიანებს სხავადასხვა დანიშნულების შენობებს, სამრეწველო თუ სასოფლო-სამეურნეო ობიექტებს, სხვადასხვა კომუნიკაციებს, იწვევს ადამიანთა მსხვერპლს.
ღვარცოფული ნაკადები შემადგენლობის მხრივ ქვატალახიანი ან წყალქვიანია. ღვარცოფული ნაკადის მყარი შემადგენელი (მონატეხი და თიხოვანი მასა) შეიძლება იყოს: გამოფიტვის და მეწყრულ-გრავიტაციული პროცესების — ეროზიის, აკუმულაციის ან მათი კომბინაციის შედეგი. ღვარცოფული ნაკადების მაპროვოცირებელი მოვლენებია: თავსხმა წვიმები, თოვლის ან მყინვარის სწრაფი დნობა, ბუნებრივი ან ხელოვნური წყალსატევების გარღვევა და სხვა. ღვარცოფი უეცრად წარმოიშობა და სწრაფად მოძრაობს დიდი სიჩქარით (4მ/წ და მეტი). ღვარცოფი, როგორც წესი მოძრაობს წყვეტილად, იმპულსურად, ჩახერგვიდან-ჩახერგვამდე. ღვარცოფული ნაკადის სიჩქარე საათში 10–12 კმ-მდეა და დამანგრეველი ზემოქმედებით ხასიათდება. ღვარცოფი ხშირად მოვარდნილი ტალღების ფორმირებით მიმდინარეობს.