ქალდეელები
From Wikipedia, the free encyclopedia
ქალდეელები (ბაბილ. ქალდუ; ებრ. כשדים ქასდიმ; ძვ. ბერძნ. Χαλδαίοι) — სამხრეთ მესოპოტამიაში მდინარეების ტიგროსისა და ევფრატის მიდამოებში, სპარსეთის ყურის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები მომთაბარე სემიტური ტომები ძვ. წ. X-IV ს.ს. აწარმოებდნენ ომებს ასურელებთან ბაბილონის დაუფლებისათვის. ძვ.წ. 625-536 წ,წ, ბაბილონს მართავდა ქალდეელთა დინასტია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალბაბილონურ სამეფოს.
საუბრობდნენ არამეულ ენაზე. ქალდეელებს მოიხსენებდნენ ჯადოქრებად, მაგებად, მოგვებად, ნათელმხილველებად, ასტროლოგებად, ვარსკვლავთმრიცხველებად. ბერძნები და რომაელები დასაბამიდან იცნობდნენ მათი აღმოსავლური სიბრძნის სალაროს. ნეოპლატონიზმი მაღალ შეფასებას აძლევდა ქალდეელთა ორაკულს, მისნობას, მაგიას, მითოლოგიურ სამყაროს. ბერძნები ქალდეელებს ბაბილონელებად მიიჩნევდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ქალდეელები იყვნენ ის მოგვები, რომლებიც აღმოსავლეთიდან მოვიდნენ ყრმა იესოს თაყვანსაცემად.
შეუძლებელია ქალდეელთა კულტურის, ენის, რაობის მიმოხილვა ძველ ქართულ ტომთა ისტორიისგან დამოუკიდებლად. ამ გარემოებას მეცნიერებამ ადრევე მიაქცია ყურადღება. (ლენორმანი და სხვა). ძალზე საგულისხმოა, რომ საქართველოში, სვანეთში შემორჩენილია სოფელ-სიმაგრე ქალდე, აგრეთვე ცნობილი წარმართული სიმღერა ქვიან ქალდზე—იავ ქალდი. ბევრი სიტყვა და მითი გვაძლევს საფუძველს ვილაპარაკოთ ამ ძველი ცივილიზაციების კავშირსა და ნათესაობაზე. იმავე სოფელ-სიმაგრე ქალდეს მიდამოებში ვარსკვლავთმრიცხველთა გვარი დღემდეა ხალხში ცნობილი. („ცაში ვარსკვლავებს ითვლიანო“, იტყვიან სოფ. ქალდეს მახლობელი ლალხორის მკვიდრთა გვარზე). „კვირის“ სვანური სახელია „ნაგაზი“ — ნამგზავრი, გზაგავლილი, რაც ზოდიაქოს გზაზე მნათობის გავლაზე მეტყველებს. ასევე თქმები: „ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული“, „ეტლიანია“, „გზიანია“, „ვარსკვლავებს ეთამაშება“ (ლამაზ ქალზე).