ფრიტიოფ ნანსენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრიტიოფ ნანსენი (სრული სახელი ნორვ. Fridtjof Wedel-Jarlsberg Nansen; დ. 10 ოქტომბერი, 1861 — გ. 13 მაისი, 1930) — ნორვეგიელი პოლარული მკვლევარი, სწავლული-ზოოლოგი, ახალი მეცნიერების – ფიზიკური ოკეანოგრაფიის დამაარსებელი, პოლიტიკური მოღვაწე, ჰუმანისტი, ფილანთროპი, 1922 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი. მრავალი ქვეყნის ჯილდოს მფლობელი. ნანსენის სახელი უწოდეს გეოგრაფიულ და ასტორნომიულ ობიექტებს, მათ შორის აღსანიშნავია მთვარეზე არსებული ნანსენის კრატერი. ახალგაზრდობაში ცნობილი იყო, როგორც მოთხილამურე. 27 წლის ასაკში ისტორიაში პირველად გადალახა გრენლანდიის ყინულის საფარი, რომელიც ფართო საზოგადოებამ აღიქვა, როგორც გრანდიოზული სპორტული მიღწევა. გემ „ფრამით“ ჰქონდა მცდელობა მიეღწია ჩრდილოეთ პოლუსზე, მაგრამ მივიდა ჩრდილოეთ განედის 86° 13′-ზე. ამის შემდეგ ნანსენი რეგულარულად უწევდა კონსულტაციებს პოლარულ მკვლევრებს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ცხოვრების ბოლო ათწლეულში ნანსენი დაკავშირებული იყო ერთა ლიგის საქმიანობასთან. 1921 წელს იგი იყო უზენაესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში. ნანსენის გარდაცვალების შემდეგ მისი საქმიანობა გააგრძელა ნანსენის საერთაშორისო ორგანიზაციამ ლტოლვილთა საქმეებში, რომელმაც 1938 წელს მიიღო ნობელის პრემია.
ფრიტიოფ ნანსენი 1861 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა ქრისტიანიასთან ახლოს სტურე-ფრიონის მამულში, რომელიც მამამისს — სახელგანთქმულ ადვოკატ ვალდურ ნანსენს ეკუთვნოდა. ნანსენთა გვარი დანიური წარმოშობისაა, ისინი ნორვეგიაში XVII საუკუნეში გადასულან. დედამისი ვედელ-იარლსბერგის გრაფების ოჯახის საგვარეულოს წარმომადგენელი იყო.
სიყრმიდანვე თვალსაჩინო მოთხილამურე ფრიტიოფს, არაერთხელ მოუგია ნორვეგიის ჩემპიონატები. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ არჩევანის გაკეთება ფერწერასა და მეცნიერებას შორის მოუხდა, შედეგად, ზოოლოგიის ფაკულტეტზე შეაჩერა არჩევანი (მოგვიანებით თვითონვე ახდენდა საკუთარი წიგნების ილუსტრირებას). უკვე 20 წლის ასაკში ფრიტიოფმა ჩრდილოყინულოვანი ოკეანის ოთხთვიან გადასერვაში მიიღო მონაწილეობა. 1882 წელს სელაპმჭერი ხომალდით „ვიკინგი“ ყინულებში საცურაოდ გაემგზავრა (ბიოლოგიური პრაქტიკის მიზნით). სწორედ ამ მოგზაურობამ ჩაუყარა საფუძველი მის შემდგომ მოღვაწეობას. ზღვიდან დაბრუნებულმა თავი სამეცნიერო კვლევებს მიუძღვნა. 1883 წელს ქრისტიანიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ქალაქ ბერგენის მუზეუმის ზოოლოგიის განყოფილების კურატორად დაინიშნა. 1885-1886 წწ. პარმის უნივერსიტეტში პროფესორ გოლჯისთან, პარალელურად კი ნეაპოლში, ევროპაში პირველ საზღვაო ბიოლოგიურ სადგურზე მუშაობდა. 1886 წელს დააჯილდოვეს მეცნიერებათა სამეფო აკადემიის დიდი ოქროს მედლით ნერვული ქსოვილის უჯრედოვანი აპარატის აგებულების გამოკვლევისათვის. (წამოაყენა მიკროსკოპული პრეპარატების დაფერვის ახალი მეთოდის იდეა). სადოქტორო ხარისხი გრენლანდიაში გამგზავრებამდე ოთხი დღით ადრე მიიღო.
1922 წელს ნანსენს ნობელის მშვიდობის პრემია გადასცეს. მიღებული 122 000 კრონის უდიდესი ნაწილი ნანსენმა სსრკ-ში ორი საჩვენებელი სასოფლო სამეურნეო სადგურის მოწყობაზე დახარჯა, დარჩენილი ნაწილი კი ბერძენ დევნილებს შესწირა. ნობელის პრემიის კვალად ნანსენმა იგივე თანხა დანიელი გამომცემლის ერიქსენისგანაც მიიღო. დიდმა ჩრდილოელმა ეს ფულიც იგივე მიზნებისთვის გამოიყენა.