From Wikipedia, the free encyclopedia
ფრიგიული მუზარადი, ასევე ცნობილი, როგორც თრაკიული მუზარადი[1] — საბრძოლო თავსაბურავი, რომელიც ანტიკურ საბერძნეთში შეიქმნა და ასევე გამოიყენებოდა თრაკიაში, დაკიაში, დიდ საბერძნეთში, ელინისტურ სამყაროსა და რომის იმპერიაშიც კი.[2]
მუზარადის გავრცელებული სახელები (ფრიგიული ან თრაკიული) მომდინარეობს მისი ფორმიდან, განსაკუთრებით მისი ზედა, წინ გადმოხრილი დაბოლოებისგან, რომელიც იმეორებს ფრიგიელთა და თრაკიელთა ქუდების ფორმას, რომელსაც ფრიგიულ ჩაჩსაც უწოდებენ.
სხვა ბერძნული მუზარადების მსგავსად, ფრიგიული მუზარადიც ბრინჯაოსგან მზადდებოდა. როგორც წესი, მუზარადი ბრინჯაოს ერთი ფირფიტისგან იჭედებოდა, თუმცა ხანდახან მუზარადის წინ გადმოხრილი ზედა დაბოლოება ცალკე იჭედებოდა და შემდეგ მოქლონდებოდა მუზარადზე. მუზარადის ქვედა ნაწილი წინ გამოზრდილი იყო, რითაც მეომრის სახეს იცავდა ზემოდან წამოსული დარტყმებისა და მზის პირდაპირი სხივებისგან. ფრიგიულ მუზარადს ზოგჯერ უმატებდნენ საყბეურებსაც, რომელიც ლოყის არეს იცავდა და ხანდახან იმდენად დიდი ზომისაც იყო, რომ სახეზე მხოლოდ თვალებისა და ცხვირის არეს ტოვებდა ცარიელს. ასეთ შემთხვევაში ზოგჯერ საყბეურებზე ხდებოდა წვერისა და ულვაშის გრავირებული დეკორაციების გაკეთება.[3]
ფრიგიული მუზარადი ეხურა მაკედონურ კავალერიას მეფე ფილიპე II-ის დროს, თუმცა, როგორც ცნობილია, მისი ვაჟი ალექსანდრე მაკედონელი თავისი კავალერიისთვის ამჯობინებდა უფრო ღია ტიპის ბეოტიურ მუზარადებს, რომლებსაც ქსენოფონტი უწევდა რეკომენდაციას.[4] ამის მიუხედავად, ფრიგიული მუზარადი აქტიურად ფიგურირებს ალექსანდრე მაკედონელის ქვეითების გამოსახულებებზე, მაგალითად, ალექსანდრეს სარკოფაგზე.[5] ფრიგიული მუზარადი დიდი სიხშირით გამოიყენებოდა საბერძნეთის კლასიკური ერის დასასრულსა და ელინისტურ პერიოდში, როცა მან ჩაანაცვლა კორინთული მუზარადი.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.