From Wikipedia, the free encyclopedia
ფილიპინებში რეგიონები (ტაგ: rehiyon) ადმინისტრაციული ერთეულებია, რომლებიც უმეტესწილად ქვეყნის ადგილობრივი მმართველობის ერთეულებში ეროვნული სამთავრობო მომსახურების დაგეგმვისა და ორგანიზების კოორდინირებას ახდენს. ეროვნული მთავრობის ოფისთა უმრავლესობა პირდაპირ პროვინციული ან საქალაქო ოფისების ნაცვლად უფლებამოსილებას რეგიონული ფილიალების მეშვეობით ახორციელებს. რეგიონული ოფისები ჩვეუელებრივ (თუმცა არა აუცილებლად) რეგიონულ ცენტრებშია განთავსებული.
ამჟამად ფილიპინები 17 რეგიონად იყოფა. 16 რეგიონი ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულია, რომელსაც ფილიპინების პრეზიდენტი რეგიონული განვითარების საბჭოს მეშვეობით ხელმძღვანელობს. ეროვნული დედაქალაქის რეგიონის შემთხვევაში რეგიონული აგლომერაციის პოლიტიკის შემუშავებასა და კოორდინირებას მანილის მეტროპოლიური განვითარების სააგენტოც უზრუნველყოფს. მხოლოდ ერთ რეგიონს, მუსლიმურ მინდანაოში ავტონომიურ რეგიონს ჰყავს არჩეული მთავრობა, რომელსაც ფილიპინების კონგრესისგან რიგი უფლებები და პასუხისმგებლობები აქვს დელეგირებული.
ფილიპინები რეგიონებად 1972 წლის 24 სექტემბერს დაიყო. ყოფილი პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოსის ინტეგრირებული რეორგანიზაციის გეგმის შესაბამისად, 1-ელი საპრეზიდენტო დეკრეტის საფუძველზე ქვეყანა 11 რეგიონად დაიყო. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე რეგიონი შეიქმნა და ზოგიერთი პროვინცია რეგიონად გადაკეთდა.
1973 წლის 22 ივნისს პანგასინანი ცენტრალური ლუსონის რეგიონიდან I რეგიონს მიეკუთვნა.[1] 1975 წლის 7 ივლისს XII რეგიონი ჩამოყალიბდა და მინდანაოს რეგიონებში მცირე ცვლილებები განხორციელდა.[2] იმავე წლის 25 ივლისს IX და XII რეგიონები შესაბამისად დასავლეთ და ცენტრალურ მინდანაოში ავტონომიურ რეგიონებად გამოცხადდა.[3] 21 აგვისტოს IX რეგიონი IX-A და IX-B ქვერეგიონებად გაიყო.[4] მცირე ცვლილებები მოხდა მინდანაოს რეგიონებში. იმავე წლის 7 ნოემბერს მანილის რეგიონული აგლომერაცია შეიქმნა.[5]
1978 წლის 2 ივნისს მანილის რეგიონული აგლომერაცია ეროვნული დედაქალაქის რეგიონად გამოცხადდა.[6] 11 ივნისს IX რეგიონის რეგიონული ცენტრი ჰოლოდან ზამბოანგაში გადაიტანეს.[7]
1987 წლის 15 ივლისს კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონი ჩამოყალიბდა.[8] 1989 წლის 1-ელ აგვისტოს შეიქმნა ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში.[9] XII რეგიონი ადმინისტრაციულ რეგიონად გამოცხადდა. იმავე წლის 23 ოქტომბერს კორდილიერის ავტონომიური რეგიონის სეიქმნა, თუმცა პლებისციტის დროს მოსახლეობამ რატიფიცირება არ მოახდინა.[10]
1990 2ლის 12 ოქტომბერს 429-ე აღმასრულებელ ბრძანებას პრეზიდენტმა კორასონ აკინომ მოაწერა ხელი, რომელიც მინდანაოს რეგიონების რეორგანიზებას ითვალისწინებდა, თუმცა (სავარაუდოდ სამთავრობო დაფინანსების ნაკლებობის გამო) ცვლილებები არ განხორციელებულა.[11] 1995 წლის 23 თებერვალს XIII რეგიონი შეიქმნა და სულთან-კუდარათი XI რეგიონს მიეკუთვნა.[12] 1997 წლის 22 დეკემბერს კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონი კიდევ ერთხელ შეიქმნა,[13] მაგრამ მოსახლეობამ პლებისციტის დროს კიდევ ერთხელ უარყო ავტონომიური რეგიონის სტატუსი. 1998 წლის 18 დეკემბერს სულთან-კუდარათი XII რეგიონის შემადგენლობაში შეიყვანეს.[14]
2001 წლის 31 მარტს ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში კიდევ უფრო გაფართოვდა.[15] იმავე წლის 19 სექტემბერს მინდანაოს რეგიონების უმრავლესობის რეორგანიზება მოხდა და სახელები შეეცვალათ.[16] 2002 წლის 17 მაისს ყოფილი V რეგიონიდან IV-A რეგიონი (კალაბარსონი) და IV-B რეგიონი (მიმაროპა) შეიქმნა.[17] აურორას პროვინცია III რეგიონს მიეკუთვნა. 2005 წლის 23 მაისს პალავანი IV-B რეგიონიდან VI რეგიონის შემადგენლობაში გადავიდა, მიმაროპას კი მიმარო ეწოდა.[18]
2015 წლის 29 მაისს ნეგროსის კუნძულის რეგიონი შეიქმნა.[19] დასავლეთი ნეგროსი და ბაკოლოდი VI რეგიონიდან და აღმოსავლეთი ნეგროსი VII რეგიონიდან ახლად შექმნილ რეგიონში შევიდა.[20] 2016 წლის 17 ივლისს 10879-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე ყოფილი IV-B რეგიონიდან სამხრეთ-დასავლეთის ტაგალოგის რეგიონი (მიმაროპის რეგიონი) ჩამოყალიბდა (თუმცა რეგიონის საზღვრები არ შეცვლილა).[21] 2017 წლის 9 აგვისტოს პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ 38-ე აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ნეგროსის კუნძულის რეგიონი გაუქმდა.[22] 2019 წლის 25 იანვარს ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში მუსლიმურ მინდანაოში ბანგსამოროს ავტონომიურმა რეგიონმა ჩაანაცვლა.[23][24][25]
2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ფილიპინები 17 რეგიონად იყოფა.[26] ლუსონზე რვა რეგიონი: I, II, III, IV-A, IV-B, V, კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონი და ეროვნული დედაქალაქის რეგიონი მდებარეობს. ვისაიასზე სამი რეგიონი: VI, VII და VIII რეგიონები მდებარეობს, ხოლო მინდანაოზე IX, X, XI, XII, XIII და ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონი მდებარეობს. კალაბარსონის, მიმაროპისა და სოკსკსარგენის რეგიონების სახელწოდებები მათი შემადგენელი პროვინციებისა და ქალაქების აკრონიმებია და ჩვეულებრივ სამთავრობო დოკუმენტებში დიდი ასოებით იწერება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.