ურბნისის ნაქალაქარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში / From Wikipedia, the free encyclopedia
ურბნისის ნაქალაქარი — ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში. ნაქალაქარის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილი ახლანდელ სოფელ ურბნისს უჭირავს; დასავლეთით მდებარე ტერიტორია საუკუნეების განმავლობაში ხელშეუხებელი იყო და ამიტომ გადარჩა ძველი ზღუდის მონაკვეთი და არქეოლოგიური მასალა.
ურბნისის ნაქალაქარზე პირველად 1893 წელს პ. უვაროვამ ამოიღო სასინჯი თხრილები. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში. იქვე ინახება ორი სხვა ნივთიც (პ. ი. შჩუკინის კოლექცია) ურბნისის ნაქალაქარიიდან.
XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისიდან ნ. ბერძენიშვილის თაოსნობით ურბნისში ტარდებოდა გეგმაზომიერი, სისტემატური არქეოლოგიური კვლევა. გათხრებს აწარმოებდნენ ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა (1956 წლამდე) და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციები. 1952 წელს ჩატარდა სადაზვერვო სამუშაოები, ხოლო 1953, 1954, 1965 წლებში (ხელმძღვანელი: გ. ლომთათიძე, მოადგილე პ. ზაქარაია). 1955, 1957 წლებში (ხელმძღვანელი ნ. ბერძენიშვილი, მოადგილე პ. ზაქარაია) და 1963 წელს — გათხრები. სულ მოეწყო 11 ექსპედიცია.
ურბნისის ნაქალაქარის აღმოსავლეთ მონაკვეთში ნაპოვნია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამარხები, რომლებიც ქრონოლოგიურად ხიზანაანთ გორის სამარხებს უკავშირდება. გამოირჩევა ძვ. წ. VI-V საუკუნეების მდიდრული სამარხები, სადაც აღმოჩნდა მაღალი ოსტატობით დამზადებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები.
ურბნისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემდეგი ძეგლებია: გალავანი (IV-III-ახ. წ. VII საუკუნეები) აბანო (III საუკუნე), მარანი (IV-VII საუკუნეები), წყალსადენი, სამეურნეო წყლის არხები, ბაზილიკა - ურბნისის სიონი (V-VI საუკუნეების მიჯნა), სამრეკლო (XVIII საუკუნე) და სხვა.