უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი
From Wikipedia, the free encyclopedia
Ще не вмерла України і слава, і воля („არ მომკვდარა უკრაინის დიდება და ნება“),[1] თავდაპირველი ფორმით Ще не вмерла Україна, і слава, і воля („არ მომკვდარა უკრაინა, არც მისი დიდება, არც მისი ნება“), ასევე, შემოკლებით, Ще не вмерла України — უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი (უკრ. Державний Гімн України).[2] მისი მუსიკა ჰიმნად დამტკიცდა უკრაინის უმაღლესი რადის მიერ 1992 წლის 15 იანვარს. ოფიციალური ტექსტი დამტკიცდა 2003 წლის 6 მარტს სპეციალური კანონით უკრაინის ჰიმნის შესახებ (უკრ. Закон про Гімн України).[3]
„შჩე ნე ვმერლა უკრაინი ი სლავა ი ვოლია“ | |
---|---|
ქართ. „არ მომკვდარა უკრაინის დიდება და ნება“ უკრაინის ეროვნული ჰიმნის ნოტები | |
ქვეყანა | უკრაინა |
ტექსტის ავტორი | მიხეილ ვერბიცკი, 1862 |
მუსიკის ავტორი | პავლე ჩუბინსკი, 1863 |
შემოღებულ იქნა | 1917 |
XX საუკუნის პირველ ნახევარში, რუსეთის იმპერიის, პოლონეთის სამეფოს და ავსტრო-უნგრეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების და ამ ტერიტორიებზე სახელმწიფოს ჩამოყალიბების წარუმატებელი მცდელობებისას, სიმღერა გამოიყენებოდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკის, დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის და კარპატო-უკრაინის ჰიმნად, ხოლო უკრაინის საბჭოთა კავშირისგან გამოყოფის შემდეგ იგი ჰიმნად ხელახლა მიიღეს. ეროვნული ჰიმნის კონკურსში მასთან ერთად სხვა ორი პატრიოტული სიმღერა განიხილებოდა, მათ შორის, მიკოლა ვორონიის „უკრაინისთვის“.
ტექსტი წარმოადგენს გამოჩენილი კიეველი ეთნოგრაფის, პავლო ჩუბინსკის 1862 წელს დაწერილი ლექსის პირველი სტროფის მცირედ შეცვლილ ვარიანტს.[4] 1863 წელს ჩუბინსკის ტექსტზე მუსიკა დაწერა დასავლეთ უკრაინელმა კომპოზიტორმა და უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა, მიხაილო ვერბიცკიმ.[5] ნაწარმოების პირველი საგუნდო შესრულება ლვივის თეატრ „უკრაინაში“, 1864 წელს შედგა.[6]