ტრაიანე
From Wikipedia, the free encyclopedia
მარკუს ულპიუს ტრაიანე (ლათ. Imperator Caesar Nerva Traianus Divi Nervae filius Augustus;[1] დ. 18 სექტემბერი, 53 — გ. 8 აგვისტო, 117) — რომის იმპერატორი 98-117 წლებში. რომის სენატის მიერ ოფიციალურად optimus princeps-ად („საუკეთესო მმართველი“) გამოცხადებული ტრაიანე ისტორიაში შევიდა, როგორც წარმატებული ჯარისკაცი-იმპერატორი, რომელიც ხელმძღვანელობდა უდიდეს ექსპანსიას რომის ისტორიაში, რის შედეგადაც მისი გარდაცვალებისათვის იმპერიამ თავისი ტერიტორიული გაფართოების მაქსიმუმს მიაღწია. იგი, აგრეთვე, ცნობილია საქველმოქმედო მოღვაწეობითაც. ტრაიანემ განახორციელა ინტენსიური საზოგადოებრივი სამშენებლო პროექტები და დანერგა სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკა, რამაც მტკიცე და პატივსაცემი რეპუტაცია მოუპოვა და მეორე ადგილი მიაკუთვნა ხუთი კარგი იმპერატორის რიგში, რომლებიც ხმელთაშუაზღვისპირა სამყაროს მშვიდობისა და აყვავების ხანაში განაგებდნენ.
მარკუს ულპიუს ტრაიანე | |
---|---|
Marcus Ulpius Traianus | |
| |
რომის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | ახ. წ. 98 |
მმართ. დასასრული: | ახ. წ. 117 |
წინამორბედი: | ნერვა |
მემკვიდრე: | ადრიანე |
სხვა წოდებები: | დიდი პონტიფიკი, გერმანიკუსი, ოპტიმუსი, სიკვდილის შემდეგ გაღმერთებულია. |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 სექტემბერი, 53 წ |
დაბ. ადგილი: | იტალიკა, ბეტიკა |
გარდ. თარიღი: | 8/9 აგვისტო, 117 წ |
გარდ. ადგილი: | სელინუნტი, კილიკია |
დინასტია: | ანტონინების დინასტია |
რელიგია: | რომაული რელიგია |
ბეტიკის ესპანეთის პროვინციაში, ქალაქ იტალიკაში (დღევანდელი სევილიის მახლობლად) დაბადებული ტრაიანეს ოჯახი იტალიურ-იბერიული წარმოშობისა იყო და არც პატრიციებს განეკუთვნებოდა. ტრაიანე იმპერატორ დომიციანეს მმართველობის პერიოდში დაწინაურდა. 89 წელს იგი, როგორც ტარაკონის ესპანეთის ლეგატი, იმპერატორს ლუციუს ანტონიუს სატურნინუსის მიერ რაინზე წამოწყებული ამბოხების ჩახშობაში დაეხმარა. 96 წელს დომიციანე ტახტზე ნერვამ, მოხუცმა და უშვილო სენატორმა შეცვალა, რომელიც არმიაში პოპულარობით არ სარგებლობდა. მისი ხელისუფლებში ყოფნის ხანმოკლე და ხმაურიანმა წელმა კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც პრეტორიანელები აჯანყდნენ. ნერვა აიძულეს შვილად აეყვანა და მემკვიდრედ გამოეცხადებინა მასზე ბევრად პოპულარული ტრაიანე. ნერვა 98 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა და შვილობილმა ტახტზე მისი ადგილი ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დაიკავა.
როგორც სამოქალაქო ხელმძღვანელი, ტრაიანე ყველაზე კარგად მისი ინტენსიური საჯარო სამშენებლო პროგრამითაა ცნობილი, რომელმაც ახალი სახე შესძინა რომს და ქალაქს უამრავი ისეთი უკვდავი ღირსშესანიშნაობა შესძინა, როგორებიცაა ტრაიანეს ფორუმი, ტრაიანეს ბაზარი და ტრაიანეს სვეტი. ზეობის დასაწყისში იმპერატორმა შემოიერთა ნაბატეველთა სამეფო და მის ადგილას ქვიანი არაბეთის პროვინცია შექმნა. დაკიის დაპყრობამ კი მნიშვნელოვნად გაამდიდრა იმპერია, რამდენადაც ახალ პროვინციაში ოქროს მრავალი ძვირფასი მაღარო მდებარეობდა.
ტრაიანეს მიერ წარმოებული ომი პართიის იმპერიის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის სატახტო ქალაქის, ქტესიფონის აღებითა და სომხეთისა და შუამდინარეთის ანექსიით დამთავრდა. მისმა სამხედრო კამპანიებმა რომის იმპერიის საზღვრები ისტორიულ მაქსიმუმამდე გააფართოვა. 117 წლის მიწურულს ტრაიანე გემით მიემართებოდა რომისაკენ, როდესაც ავად გახდა და ქალაქ სელინუსში ინსულტით გარდაიცვალა. სენატმა ტრაიანე გააღმერთა. მისი ფერფლი კი ტრაიანეს სვეტის ქვეშ დაკრძალეს. საიმპერატორო ტახტი ტრაიანეს შვილობილმა, ადრიანემ დაიკავა.