სოციალური ლიბერალიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
სოციალური ლიბერალიზმი, ასევე ცნობილი როგორც მემარცხენე ლიბერალიზმი გერმანიაში,[1][2][3] თანამედროვე ლიბერალიზმი შეერთებულ შტატებში და ახალი ლიბერალიზმი დიდ ბრიტანეთში[4][5] — პოლიტიკური ფილოსოფია და ლიბერალიზმის მიმართულება, რომელიც მხარს უჭერს რეგულირებად საბაზრო ეკონომიკას და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გაფართოებას. სოციალური ლიბერალიზმი გულისხმობს საერთო სიკეთისა და პიროვნულ თავისუფლების ჰარმონიულ თანაარსებობას სახელმწიფოში.[6]
სოციალურ-ლიბერალური პოლიტიკა აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში.[7][8][9][10][11] ამ პოლიტიკის გამტარებელი სუბიექტები მიჩნეულნი არიან, როგორც ცენტრიზმის ან მემარცხენე ცენტრის წარმომადგენლები. სოციალურ-ლიბერალური პოლიტიკის მხარდამჭერები ემხრობიან ეკონომიკური კონკურენციის გარკვეულწილად შეზღუდვას და სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის სოციალური დაცვის ფუნქციის შესრულებას, რათა გარანტირებული იყოს პიროვნების განვითარებისათვის თანაბარი შესაძლებლობები და თავიდან იქნეს აცილებული სოციალური დაპირისპირება. აღნიშნული საკითხი გახდა სოციალური და ეკონომიკური ლიბერალიზმის მომხრეთა შორის დაპირისპირების მიზეზი. ეკონომიკური ლიბერალიზმის მომხრეთა აზრით, სახელმწიფოს ფუნქციები უნდა შეიზღუდოს და მხოლოდ თავდაცვის, უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების უზრუნველყოფაზე იქნეს დაყვანილი. ამის საპირწონედ, სოციალური ლიბერალიზმის მომხრეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა მოსახლეობის სოციალური დაცვაა: გაჭირვებულთა საკვებითა და ბინით უზრუნველყოფა; ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სასკოლო განათლება; საპენსიო უზრუნველყოფა; ბავშვებზე, შშმ პირებსა და მოხუცებზე ზრუნვა; სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დახმარება; უმცირესობათა დაცვა; დანაშაულებათა აღკვეთა; მეცნიერებისა და ხელოვნების მხარდაჭერა და სხვა.[12][13][14]
შეერთებულ შტატებში სოციალურ ლიბერალიზმსა და სოციალურ კონსერვატიზმს შორის არსებული განსხვავებები მეტწილად განპირობებულია სოციალურ-კულტურულ საკითხებში მათი პოზიციებით - მაგალითად, აბორტი და ერთსქესიანთა ქორწინება. იმის გამო, რომ კულტურული ლიბერალიზმი გამოხატავს ლიბერალიზმის სოციალურ განზომილებას, მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც სოციალურ ლიბერალიზმს, თუმცა იგი არ არის ისეთივე ფართო პოლიტიკური იდეოლოგია, როგორიც სოციალური ლიბერალიზმია. ამ გაგებით. სოციალურ ლიბერალს შეიძლება ჰქონდეს უფრო კონსერვატიული ან ლიბერალური შეხედულებები ფისკალური პოლიტიკის შესახებ.[15]