სომხეთის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის დროშა (სომხ. Հայաստանի Հանրապետության դրոշ) — სომხეთის სახელმწიფო სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. შედგება თანაბარი ზომის სამი ჰორიზონტალური წითელი (ზედა), ლურჯი (შუა) და ნარინჯისფერი (ქვედა) ზოლისაგან. მიღებულია 1990 წლის 24 აგვისტოს სომხეთის უზენაესი საბჭოს მიერ. 2006 წლის 15 ივნისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ დაამტკიცა კანონი სომხეთის მთავრობის მიერ დროშის გამოყენების შესახებ.
სომხეთის დროშა | |
---|---|
სომხეთი | |
მიღებულია | 24 აგვისტო, 1990 |
პროპორცია | 1:2 |
დროშის ავტორი | სტეპან მალხასიანცი |
კომპიუტერული დიზაინი |
სომხეთის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს, რომელიც შედგება სამი თანაბარი ზომის, ჰორიზონტალური, წითელი, ლურჯი და ნარინჯისფერი (უწოდებენ „გარგრისფერსაც”) ზოლებისაგან |
ისტორიის მანძილზე არსებობდა სომხეთის დროშის მრავალი ვარიანტი. ანტიკურ ხანაში, სომხური დინასტიები იყენებდნენ სხვადასხვა სიმბოლური ცხოველების გამოსახულებიან დროშებს.[1] XX საუკუნეში საბჭოური დროშების ერთ-ერთ ვერსიას წარმოადგენს სომხეთის სსრ-ის დროშა.
სომხეთის დროშის ფერების სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, წითელი წარმოადგენს 1,5 მილიონი სომეხის დაღვრილ სისხლს,[2] ლურჯი აღნიშნავს სომხეთის სუფთა ცას, ხოლო ნარინჯისფერი — ქვეყნის გამბედაობას.[3]
სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, ოფიციალურად, ფერების სიმბოლური მნიშვნელობა შემდეგნაირია:
წითელი წარმოადგენს სომეხი ხალხის უწყვეტ ბრძოლას გადარჩენის, ქრისტიანული რწმენისა და სამშობლოს თავისუფლების დაცვისათვის. ლურჯი გამოხატავს სომეხი ხალხის სურვილს მშვიდობიანად იცხოვრონ სომხეთის ცის ქვეშ, ნარინჯისფერი კი — სომეხი ხალხის შემოქმედებით ნიჭსა და შრომისმოყვარე ბუნებას.[4]