საქართველოს დემოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს დემოგრაფია — საქართველოს მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია. 2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 57,2% ქალაქში ცხოვრობს.[1] საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 25 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა, რაც განაპირობა ომებმა, სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა და ემიგრაციამ. მკვეთრად იკლო შობადობამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გაეროს გათვლებით, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 3,8 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუმცა 2014 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონს ოდნავ აღემატება. გაეროსვე პროგნოზით საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 3,4, ხოლო 2100 წლისთვის 2,4 მილიონი იქნება.