![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/85/Oppenheimer_%2528cropped%2529.jpg/640px-Oppenheimer_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
რობერტ ოპენჰაიმერი
ამერიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერი (ინგლ. Julius Robert Oppenheimer; დ. 22 აპრილი, 1904 — გ. 18 თებერვალი, 1967) — ამერიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი. ატომური ბომბის შექმნის ხელმძღვანელი 1943-1945 წლებში. სწავლობდა ჰარვარდის, კემბრიჯისა და გეტინგენის უნივერსიტეტებში. 1928-1929 წლებში მუშაობდა ლეიდენსა და ციურიხში. 1929 წლიდან კალიფორნიის უნივერსიტეტისა და კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი. 1947 წლიდან პრინსტონის პერსპექტიულ გამოკვლევათა ინსტიტუტის დირექტორი. მაქს ბორნთან ერთად დაამუშავა ორატომიანი მოლეკულების აღნაგობის თეორია (1927), დაადგინა y-სხივებით ელექტრონ-პოზიტრონის წყვილთა წარმოქმნის მექანიზმი (1933) და სხვა. 1941 წლიდან აშშ-ის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1939-1945 წლებში ხელმძღვანელობდა ატომური ბომბის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. 1943-1945 წლებში იყო ლოს-ალამოსის ლაბორატორიის დირექტორი, ხოლო 1947-1953 წლებში აშშ-ის ატომური ენერგიის კომისიის გენერალური საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარე. რობერტ ოპენჰაიმერი ფართო არის ცნობილი როგორც მანჰეტენის პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომლის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის წლებში მუშავდებოდა ბირთვული იარაღის პირველი ნიმუშები, რის გამოც მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ატომური ბომბის მამად“. ატომური ბომბი პირველად გამოსცადეს ნიუ-მექსიკოში 1945 წლის ივლისში.
აგრეთვე გახდა ახლადწარმოქმნილი აშშ-ის ატომური ენერგიის კომისიის მთავარი მრჩეველი და თავისი მდგომარეობის გამოყენებით მხარს უჭერდა საერთაშორისო კონტროლს ბირთვულ ენერგიაზე ატომური იარაღის გამოყენებისა და ბირთვული რბოლის თავიდან აცილების მიზნით. ოპენჰაიმერის ომის საწინააღმდეგო პოზიციამ რიგი პოლიტიკური მოღვაწის რისხვა გამოიწვია წითელი საფრთხის მეორე ტალღის დროს. შედეგად, 1954 წელს მომხდარი ფართოდ ცნობილი პოლიტიზირებული შემთხვევის გამო მას საიდუმლო სამსახურში მუშაობის უფლება ჩამოერთვა. ოპენჰაიმერი აგრძელებდა ლექციების კითხვას, წერდა ნაშრომებს და მუშაობდა ფიზიკის დარგში. 10 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მეცნიერი პოლიტიკური რეაბილიტაციის ნიშნად დააჯილდოვა ენრიკო ფერმის პრემიით; ოპენჰაიმერს ჯილდო გადაეცა კენედის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ.
ოპენჰაიმერის მნიშვნელოვანი მიღწევები ფიზიკის დარგში არის: ბორნი-ოპენჰაიმერის მიახლოება მოლეკულური ტალღური ფუნქციებისათვის, ელექტრონებისა და პოზიტრონების თეორიებზე მუშაობა, ოპენჰაიმერი-ფილიპსის პროცესი ბირთვულ სინთეზში და კვანტური ტუნელირების პირველი წინასწარმეტყველება. თავის მოწაფეებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნეიტრონული ვარსკვლავისა და შავი ხვრელის თანამედროვე თეორიის საკითხების შესწავლაში და აგრეთვე კვანტური მექანიკის, ველის კვანტური თეორიისა და კოსმოსური სხივების ფიზიკის ცალკეული პრობლემების გადაჭრაში. რობერტ ოპენჰაიმერი იყო მეცნიერების მასწავლებელი და პროპაგანდისტი, აშშ-ის თეორიული ფიზიკის სკოლის დამაარსებელ-მამამთავარი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა XX საუკუნის 30-იან წლებში.
როდესაც 1945 წელს ნიუ-მექსიკოს შტატში პირველად გამოცდილი ატომური ბომბის შემდეგ ოპენჰაიმერი იხსენებდა:
![]() |
„ბომბის აფეთქების დროს გამახსენდა სიტყვები ბჰაგავადგიტადან (სანსკრ. भगवद्गीता bhagavadgītā „ღვთის ნამღერი“, ასევე ცნობილია როგორც გიტა) მე სიკვდილი ვარ, ქვეყნიერების დამანგრეველი.“ |