პატარა დათვის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. From Wikipedia, the free encyclopedia
პოლარისი, იგივე პოლარული ვარსკვლავი, აღნიშნული როგორც პატარა დათვის ალფა, α UMi, აგრეთვე ცნობილი როგორც ჩრდილოეთის ვარსკვლავი — პატარა დათვის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსის ცასთან სიახლოვის გამო, ამჟამად იგი პოლარული ვარსკვლავია. პარალაქსის მეთოდით გაზმოვის შედეგად დადგენილია, რომ ის დედამიწიდან 433 სინათლის წლის მანძილზეა, გამოთვლის სხვა მეთოდებით კი 30%-ით უფრო ახლოს.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ დანახული პოლარისი | |
დაკვირვების მონაცემები | |
---|---|
ეპოქა: | J2000 |
თანავარსკვლავედი: | პატარა დათვის თანავარსკვლავედი |
პირდაპირი ასვლა: | 02სთ 31წთ 49.09წმ |
დახრილობა: | +89°გრად 15′მინ 50.8″სეკ |
მანძილი: | 433 სინათლის წელი |
მასა: | 5.4 მზის მასა[1] |
რადიუსი: | 37.5 მზის რადიუსი |
სპექტრული ტიპი: | F7 |
ზედაპირის გრავიტაცია: | 2.2[2] |
ტემპერატურა: | 6015 კელვინი |
ვარსკვლავიერი სიდიდე: | 1,98[3] |
α UMi Ab | |
პირდაპირი ასვლა: | სთსთ წთწთ წმწმ |
დახრილობა: | გრადგრად მინმინ სეკსეკ |
მასა: | 1.26 მზის მასა |
რადიუსი: | 1.04 მზის რადიუსი |
სპექტრული ტიპი: | F6V |
სიკაშკაშე: | 3 |
ვარსკვლავიერი სიდიდე: | 9.2 |
α UMi B | |
პირდაპირი ასვლა: | 02სთ 30წთ 41.63წმ |
დახრილობა: | +89°გრად 15′მინ 38.1″სეკ |
მასა: | 1.39 მზის მასა |
რადიუსი: | 1.38 მზის რადიუსი |
სპექტრული ტიპი: | F3V |
სიკაშკაშე: | 3.9 |
ზედაპირის გრავიტაცია: | 4.3 |
ტემპერატურა: | 6900 კელვინი |
ვარსკვლავიერი სიდიდე: | 8.7 |
პოლარისი მრავალჯერადი ვარსკვლავია და შედგება მთავარი ვარსკვლავის (α UMi Aa, ყვითელი სუპერგიგანტი) და უფრო პატარა კომპანიონისაგან (α UMi Ab) და მესამე ვარსკვლავისგან α UMi B, რომელიც 1780 წელს უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა. ერთ დროს მიაჩნდათ, რომ სისტემაში შედიოდა კიდევ ორი სხვა ვარსკვლავი α UMi C და α UMi D, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ისინი ფიზიკურად არ არიან კავშირში სისტემასთან.[4][5]
α UMi Aa არის 4,5 მზის მასის მქონე F7 ყვითელი სუპერგიგანტი. ეს დინამიკური მასის მქონე პირველი კლასიკური ცეფეიდია. ორი პატარა კომპანიონიდან α UMi B არის 1.39 მზის მასის მქონე მთავარი მიმდევრობის F3 ვარსკვლავი, რომელიც α UMi Aa-ს გარს უვლის 2400 ასტრონომიული ერთეული მანძილიდან; α UMi Ab ძალიან ახლოსაა მთავარი მიმდევრობის F6 ტიპთან, აქვს 18.8 ასტრონომიული ერთეულის ორბიტა და 1.26 მზის მასა.
პოლარის B-ს ხილვა შესაძლებელია უბრალო ტელესკოპითაც. უილიამ ჰერშელმა იგი 1780 წელა აღმოაჩინა ხელნაკეთი რეფლექტორი ტელესკოპით, რომელიც იმ დროისათვის ერთ-ერთ უძლიერეს ტელესკოპად ითვლებოდა. 1929 წელს ის ხელახლა აღმოაჩინეს პოლარის A-ს სპექტრის გამოცდისას. დადგინდა, რომ ეს იყო ბინარული სისტემა, რომელშიც მეორე ვარსკვლავი ჯუჯა იყო, რაც ადრეული დაკვირვებებითაც იყო ნავარაუდევი. 2006 წლის იანვარში, NASA-მ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ასახული იყო პოლარისის სისტემის შემადგენელი სამი ვარსკვლავი. უახლოესი ჯუჯა ვარსკვლავის ორბიტა პოლარის A-სგან მხოლოდ 18.5 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული (2.8 მლრდ კმ[6], მანძილი მზესა და ურანს შორის), რითაც იხსნება თუ რატომ არის მისი შუქი დაფარული მისი უახლოესი დაუფრო კაშკაშა კომპანიონის შუქით.[7]
პოლარის A, ყვითელი სუპერგიგანტი, დაბალი ამპლიტუდის I პოპულაციის კლასიკური ცვალებადი ცეფეიდია. თუმცა ერთ დროს მიაჩნდათ, რომ მისი მაღალი გალაქტიკური განედიდან გამომდინარე, II ტიპის ცეფეიდი უნდა ყოფილიყო. ცეფეიდები მნიშვნელოვანი სტანდარტული სანთლებია მანძილის განსასაზღვრად და იქიდან გამომდინარე, რომ პოლარისი ამ ტიპის უახლოესი ვარსკვლავია, იგი ზედმეტად კარგადაა შესწავლილი. პოლარისის ცვალებადობა ჯერ კიდევ 1852 წელს იწინასწარმეტყველეს, რაც 1911 წელს დანიელმა ასტრონომმა ეინარ გერცშპრუნგმა დაამტკიცა.[8]
პოლარისის სიკაშკაშის რანგი პულსაციების დროს 1.86 - 2.13-ია,[9] თუმცა, აღმოჩენის შემდეგ შეიცვალა მისი ამპლიტუდა. 1963 წლამდე, ამპლიტუდა 0.1 მაგნიტუდაზე მეტი იყო, რაც შემდეგ ტანდათანობით შემცირდა. 1966 წლის შემდეგ ის ძალიან სწრაფად შემცირდა, სანამ საბოლოოდ 0.05-ს არ მიაღწია. ამის შემდეგ, ის ამ რანგში მერყეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ამპლიტუდამ ამჟამად კვლავ ზრდა დაიწყო, რაც არც ერთ სხვა ცეფეიდში არაა შემჩნეული.
დროთა მანძილზე, დაახლოებით ოთხი დღით შეიცვალა პერიოდიც. იგი მუდმივად იზრდებოდა წელიწადში დაახლოებით 4.5 წამით, რაც საბოლოოდ 1963-1965 წლებში შეჩერდა. თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ ეს ცეფეიდის არასტაბილურობის ხაზში მიმდინარე საერთო ევოლუციის ბრალი იყო.[7][10][11]
პულსაციების დროს, პოლარისის ტემპერატურა მცირედით იცვლება. თუმცა, ეს მცირედი ოდენობაც ცვალებადია და არაპროგნოზირებადი. ყოველი ციკლის დროს, ტემპერატურისა და მისი ამპლიტუდის არამდგრადი ცვლილებები 50 000-დან 170 000-მდე მერყეობს და სავარაუდოდ ის დაკავშირებულია პოლარის Ab-თან ორბიტით.[2]
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დღეისათვის პოლარისი 2,5-ჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე მაშინ, როდესაც მასე პტოლემე აკვირდებოდა.[12] ასტრონომ ედუარდ გინანის აზრით, ეს საკმაოდ თვალშისაცემი ცვლილებაა.
ასტრონომიულ ნავიგაციაში მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პოლარისი მრავალი სახელითაა ცნობილი.[13] პოლარისი მას რენესანსის დროს ეწოდა, რაც ლათინურია ჩრდილოეთ პოლუსთან ახლომდებარეს ნიშნავს. 2016 წელს, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ვარსკვლავების კატალოგიზაციისა და საკუთარი სახელების სტანდარტიზაციის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შექმნა.[14] 2016 წლის ივლისში გამოსულ ბიულეტინში,[15] ამ ვარსკვლავის სახელი მოხსენიებულია როგორც პოლარისი.[16]
იმის გამო, რომ α UMi დედამიწის მოძრაობის ღერძის ხაზის სიახლოვეს, ჩრდილოეთ პოლუსის „თავზე“ მდებარეობს, პოლარისი ცაში უძრავად ჩანს, ჩრდილოეთის ცის სხვა ყველა ვარსკვლავი კი თითქოს მის გარშემო მოძრაობს. შესაბამისად, წარმოადგენს ბრწყინვალე ფიქსირებულ წერტილს, რაც მეტად გამოსადეგია ასტრონომიულ ნავიგაციასა და ასტრომეტრიაში.[17] 21-ე საუკუნის შემდეგ, ჩრდილოეთ პოლუსი α UMi-სგან გადაინაცვლებს, დაახლოებით 41-ე საუკუნეში კი ამ ადგილას ვარსკვლავი გამა ცეფეი აღმოჩნდება. ისტორიულად, ძვ. წ. 2750 წლისთვის პოლარული ვარსკვლავის როლს ვარსკვლავი ტუბანი ასრულებდა,[17] კლასიკურ ნატიკურ პერიოდში კი პატარა დათვის ბეტა (β UMi).[18]
ჰიპაკროსის ასტრომეტრიული სატელიტის პარალაქსის გაზომვების შეთანხმების მიხედვით, ბოლიდროინდელი გამოთვლები პოლარისამდე მანძილად 433 სინათლის წელს ასახელებს.[7] უფრო ძველი გაზომვები ოდნავ ნაკლებს აჩვენებდა, ხოლო უახლესი მაღალრეზოლუციური სპექტრული ანალიზების მიხედვით, შესაძლოა იგი 100 სინათლის წლით უფრო ახლოს იყოს.[19] პოლარისი უახლოესი ცვალებადი ცეფეიდია დედამიწასთან და შესაბამისად, მის ფიზიკურ პარამეტრებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთელ ასტრონომიულ მანძილთა სკალაში.[19]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.