ქართველი მწერალი From Wikipedia, the free encyclopedia
ოტია შალვას ძე იოსელიანი (დ. 16 ივნისი, 1930, სოფელი გვიშტიბი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 14 ივლისი, 2011, იქვე[3]) — ქართველი მწერალი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, „საპატიო ნიშნის“ ორდენის კავალერი.
ოტია იოსელიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 16 ივნისი, 1930[1] |
დაბადების ადგილი | გვიშტიბი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 14 ივლისი, 2011[1] (81 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | გვიშტიბი, საქართველო |
დასაფლავებულია | გვიშტიბი |
საქმიანობა | მწერალი, სცენარისტი[2] და დრამატურგი[2] |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ჟანრი | მოკლე რომანი |
Magnum opus | ქალი გამოვიდა საღალატოდ |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი, ღირსების ორდენი და პრემია „საგურამო“ |
1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები. თხზულებებს აქვეყნებდა 1954 წლიდან. მოთხრობების პირველი კრებული „კარის მეზობლები“ გამოსცა 1957 წელს. ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებსა და კინოსცენარებს. იოსელიანის რომანებში („ვარსკვლავთცვენა“, 1962; „ტყვეთა ტყვე“, „შავი და ცისფერი მდინარე“, 1975) მთავარია ომის თემა. ავტორი ყურადღებას ამახვილებდა ზნეობრივ-ეთიკურ პრობლემატიკაზეც (რომანი „იყო ერთი ქალი“, 1970). იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები „ცხრა მთას იქით“, 1969; „დაჩის ზღაპრები“, 1973; „ცაგამთენია“, 1973 და სხვა). ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე („ადამიანი იბადება ერთხელ“, „როცა სიყვარული მოვა“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“) დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე. ავტორია კინოსცენარებისა „ჩქარი მატარებელი“, „მალე გაზაფხული მოვა“, „თეთრი ქალიშვილი“ და სხვა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. გარდაიცვალა 2011 წლის 14 ივლისს.
დაკრძალულია სოფელ გვიშტიბში, საკუთარი სახლის ეზოში, მწერლის ანდერძის თანახმად.
„ამ მდუღარეგადასხულ ჩემს ბიოგრაფიაში – წერს ოტია იოსელიანი – ვერცერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი. ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს — „მწელის აკადემია უბედური ბავშვობააო“ — ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემიაო“. ოტია იოსელიანი — მწერალი, დრამატურგი, კინოსცენარისტი, დაიბადა 1930 წლის 16 ივნისს, ქუთაისის (ახლანდელი წყალტუბოს) რაიონის სოფელ გვიშტიბში. ოტიაც და მისი უმცროსი ძმა შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ, როდესაც მამა გარდაეცვალათ.
ორ აკვანს შორის ქვრივად დარჩენილ დედას - ლიზა (ცუცა) ალაშვილს მეტად გაუჭირდა ობლების გაზრდა, თუმცა ოჯახში იმყოფებოდნენ მწერლის ბებია და მამიდა, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ოტია და მისი ძმა წყალტუბოს სკოლაში ერთად შევიდნენ. მესამე კლასიდან ის მამიდამ, რომელიც რუსული ენის მასწავლებელი იყო, გვიშტიბის მეზობლად სოფელ გუბისწყალზე წაიყვანა სასწავლებლად.
ბავშვები ყოველ შაბათ-კვირას სოფელში ბრუნდებოდნენ და მამისეულ საკარმიდამო ნაკვეთს უვლიდნენ. მწერლის დედა იმ დროისათვის წყალტუბოში ერთ-ერთ სანატორიუმში მუშაობდა და ცდილობდა, იქ აღებული ორიოდე კაპიკით დახმარებოდა ოჯახს. დედას ძალიან უჭირდა გაძღოლოდა ოჯახს. მალე კეთილშობილი ნათესავების რჩევითა და თავისი გაწამებული ცხოვრებით, გადაწყვიტა ვინმე მშრომელ, პატიოსან კაცზე გათხოვილიყო. მაგრამ ოტიას დედის ეს ნაბიჯი დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგანაც ოტია და მისი ძმა ათი-თერთმეტი წლისანი იყვნენ. მათ კარგად იცოდნენ ბებიას მოყოლილი ზღაპრებიდან დედინაცვალი და მამინაცვალი. ბავშვები იმ ასაკში იყვნენ, როდესაც მათ შემეცნებაში ერთმანეთში ირევა მართალი და ტყუილი, ბოროტება და სიკეთე, სინამდვილე და ზღაპარი. ბავშვებმა მეტად მტკივნეულად განიცადეს დედის გათხოვება, უარი თქვეს მასთან ერთად წასულიყვნენ ქუთაისში, ისევ მამისეულ სახლში ბებიასთან და მამიდასთან დარჩენა არჩიეს. მალე უმამობას უდედობაც დაემატა. დედა ქუთაისში გათხოვდა. ეს განცდები მწერალმა თავის მოგონებებში, „დედა გათხოვდა“, გადმოსცა.
ოტიას და მის უმცროს ძმას ბებია და მამიდა ზრდიდნენ. ბებიამ, ქრისტინა გიგოს ასულმა ავალიანმა, დიდი როლი ითამაშა მწერლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. როდესაც ოტიამ სკოლა დაამთავრა იგი თვლიდა, რომ სიმწიფის ატესტატზე ბებიას, საპატიო ადგილას უნდა მოეწერა ხელი. უმაღლესი განათლება არ მიუღია. 1959-61 წლებში დაამთავრა საკავშირო მწერალთა კავშირის უმაღლესი ლიტერატურული კურსები მოსკოვში. ოტია იოსელიანი მწერალთა კავშირიდან გაგზავნეს საკავშირო მწერალთა კავშირის უმაღლეს ორწლიან კურსებზე. რუსეთში ყოფნის დროს გარდაეცვალა „ქვეყნის უკეთესი ბებია“, რაც ძალიან განიცადა.
სკოლის წლებს მწერალი დიდ ადგილს უთმობს თავის შემოქმედებაში. განსაკუთრებული პატივისცემით იხსენიებს ქართული ენის მასწავლებელს ქეთევან ბალანჩივაძეს, რომელიც ოთხი წელი დამრიგებელიც იყო. ქეთევანმა წარუშლელი კვალი დატოვა ბავშვობის დროინდელ მეხსიერებაზე. XI კლასში ჯერ კიდევ არავინ არ იცოდა, რომ მომავალი კლასიკოსი მწერალი ჰყავდათ გვერდით. თვით ქეთევან ბალანჩივაძემაც კი (ქართული ენის მასწავლებელმა) უარი თქვა განეხილა კი არა, აზრი მაინც გამოეთქვა ოტიას ნაწერებზე, რადგან იცოდა რომ ხელოვნების ნიმუშებთან სხვანაირი მოპყრობა იყო საჭირო, რაც თავის თავზე ვერ აიღო, ეტყობა მიხვდა, რომ ეს ყველაფერი, უკვე, მისი მოსწავლის სერიოზული განაცხადი იყო.
მწერალმა სკოლაში გაიცნო ქეთევან ფანცხავაც, რომელიც მათთან მეშვიდე კლასში გადმოვიდა. მოგვიანებით კი ქეთევანი მისი მეუღლე გახდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ქეთომ და ოტიამ ქუთაისს მიაშურეს და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარეს. მომავალი მწერალი იქ დიდხანს არ გაჩერებულა. პირველ კურსზევე მიატოვა ინსტიტუტი და თბილისის სამხატვრო აკადემიას მიაშურა. ამ დროისათვის მას უკვე ჰყავდა მეუღლე და უფროსი ვაჟი ბაჩო. ერთი წელი მან მოსამზადებელ კურსებზე დაჰყო. მაგრამ მისაღებ გამოცდებზე ქართულ ლიტერატურაში ჩაიჭრა და ინსტიტუტის გარეთ დარჩა. ოტია დაბრუნდა სოფელში და გულმოსულმა სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რომ დაემტკიცებია, ქართული სხვაზე ნაკლებად არც მან იცოდა, მოთხრობების წერა დაიწყო. ოტიას უთხრეს: ძალიან, რომ მოინდომოს, საბავშვო მწერლად იქნებ გამოდგესო. „ვითომ საბავშვო მწერლობა პატარა ამბავი ყოფილიყოს“ ამბობს ოტია. შედეგი, რა თქმა უნდა, განსაცვიფრებელი გამოდგა.
ამის შემდეგ იგი იწყებს ნოველების, მოთხრობების, რომანების, ზღაპრების, პიესების და სცენარების წერას. ოტია იოსელიანმა თავისი ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები გაიარა მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა ათეიზმს ქადაგებდა. ოტიამ ღმერთის არსებობა თავის ბებიასაგან იცოდა რომელიც ძალიან მორწმუნე ადამიანი ყოფილა. სკოლაში ბავშვები ჯერ პიონერები, შემდეგ კი კომკავშირელები ხდებოდნენ, რომლებსაც ასწავლიდნენ, რომ ღმერთი არ არსებობდა, იმ დროს იკეტებოდა ეკლესიები, აღარ ტარდებოდა წირვა-ლოცვები. ვისაც სწამდა ღმერთი და ხატი ისინიც აღარ ამხელდნენ და ახალი თაობა კი სულ ურწმუნო ხდებოდა. ასეთ დროზე აქვს დაწერილი ოტიას ნოველა „ჩემი წმინდა გიორგის ხატი“. მიუხედავად მაშინდელი ურწმუნო ცხოვრებისა, ოტიას ბებიასაგან მაინც მოჰყვა ღვთის რწმენა, რაც შესანიშნავად აქვს აღწერილი „ღმერთის გამოცხადებ“-ში.
ოტია იოსელიანი ცხოვრობდა წყალტუბოში, თავისივე ხელით აგებულ ლამაზ ოდა სახლში, სადაც თავს იწონებს ოტიასავე ხელით გაკეთებული ბუხარი. ოტია იოსელიანს სახლის მეორე სართული დათმობილი აქვს ლიტერატურული სალონისათვის. სალონს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ მწერლები, ხელოვნების მუშაკები და ატარებენ ლიტერატურულ საღამოებს. ო. იოსელიანს ჰყავს სამი შვილი – ბაჩო, მანო და დაჩი, რომელთა სახელები კარგადაა ნაცნობი მისი ნაწარმოების მკითხველისათვის.
ოტია იოსელიანის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მისი პირველი რომანის განხილვისას (მოსკოვში) კრიტიკოსების მხრიდან ეჭვიც კი გამოითქვა, რატომ უნდა განხილულიყო ეს რომანი ტოლსტოის დონეზე, იმდენად მაღალი შეფასება მოიპოვა ამ ნაწარმოებმა. იქიდან მოყოლებული სულ უფრო ძლიერდებოდა ოტიას შემოქმედებისადმი სიყვარული. მოთხრობას მოთხრობა მოყვა, ნოველას — ნოველა, რომანს — რომანი... აღიარებას — აღიარება. სულ მალე ამ ყველფერს დაემატა დრამატურგი და სცენარისტი ოტია იოსელიანი. თეატრთან პირველი შეხება სერგო ზაქარიაძის მეშვეობით მოხდა. სწორედ ამ მსახიობისთვის დაიწერა პიესები: „ადამიანი იბადება ერთხელ“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“ და „ურემი გადაბრუნდა“ (მის კინოვერსიაშიც სერგო ზაქარიაძემ შეასრულა მთავარი როლი).
1954 წელს მისი პირველი თხზულება დაიბეჭდა. 1957 წელს გამოსცა პირველი საბავშვო მოთხრობების წიგნი — „კარის მეზობლები“. 1960 წელს — საბავშვო სათავგადასავლო წიგნი „უთაური ბიჭის თავგადასავალი“. 1961 წელს გამოაქვეყნა რომანი „ვარსკვლავთცვენა“. იმავე წელს დაიწერა პიესა „ადამიანი იბადება ერთხელ“ და დაიდგა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1972 წელს საბჭოთა მწერალმა გამოსცა რომანი „ტყვეთა ტყვე“. 1973 წელს „ნაკადულმა“ გამოსცა „დაჩის ზღაპრები“. 1981-82 წლებში რჩეული ორტომეული. 1989-91 წლებში ისევ ორტომეული. 1999 წელს გამოიცა 55 არაკი.
მისი ნაწარმოებები თარგმნილია: რუსულად, უკრაინულად, ბელარუსულად, ჩეხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიეტუვურად, პოლონურად, მოლდავურად, ესპანურად, ინგლისურად, ბენგალურად, ჰინდისა და ურდუს ენებზე. სპარსულად, არაბულად, ფრანგულად, გერმანულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, ჰოლანდიურად, ჩინურად, იაპონურად... საერთო ტირაჟით აქვს მილიონამდე.
ავტორია ოცამდე პიესისა, რომელთაგან: „ადამიანი იბადება ერთხელ“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, „ურემი გადაბრუნდა“ და სხვა დაიდგა საქართველოსა და საზღვარგარეთის ასზე მეტ თეატრში.
ავტორია სცენარებისა: „ჩქარი მატარებლიდან“, „ლევანა“, „თეთრი ქალიშვილი“, „აკაციის ყვავილობა“, „ცეცხლთან თამაში“, „ბოშას კოცნა“, „მალე გაზაფხული მოვა“, „ჩემი ქალაქის ვარსკვლავი“.
მულტფილმები: „კიბერნეტიკა და სიყვარული“, „დაჩის ზღაპრები“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.