From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთის უკრაინაში შეჭრისას რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინა ომის დანაშაულები სამოქალაქო სამიზნეებზე განზრახ თავდასხმითა[1][2][3] და განურჩეველი თავდასხმებით მჭიდროდ დასახლებულ ზონებში.[4][5][6] რუსულმა ძალებმა სამოქალაქო პირები დააყენეს არასაჭირო და არაპროპორციული საფრთხის წინაშე კლასტერული შეიარაღებისა[7][8][9][10] და სხვა ფეთქებადი იარაღის, როგორიცაა: რაკეტები, ბომბები, მძიმე არტილერია და სარაკეტო არტილერია, გამოყენებით.[9] რუსული თავდახმების შედეგად დაზიანდა სამოქალაქო დანიშნულების შენობები: სახლები, საავადმყოფოები, სკოლები, საბავშვო ბაღები,[9] ბირთვული ელექტროსადგურები,[11] ისტორიული მნიშვნელობის შენობები, კულტურული ძეგლები და ტაძრები.[12][13] ივლისის დასაწყისისთვის რუსულმა თავდასხმებმა შეიწირა 10 000-ზე მეტი სამოქალაქო პირის სიცოცხლე, მათ შორის, დოკუმენტირებულად, 335 ბავშვი, თუმცა, მოსალოდნელია, რომ რეალური რიცხვი მეტად დიდია.[14]
რუსეთის ძალების კიევიდან უკან დახევის შემდეგ გამოჩნდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების მიერ უკრაინელი სამოქალაქო პირების გაუპატიურების, წამებისა და დახვრეტების სამხილები.[15] გავრცელდა ინფორმაციები ათასობით უკრაინელის, მათ შორის ბავშვების, ძალისმიერი დეპორტაციების მარიუპოლიდან რუსეთში,[16][17] სექსუალური ძალადობისა, მათ შორის გაუპატიურებები, ჯგუფური გაუპატიურებები და წამებები,[18][19][14] და უკრაინელის სამოქალაქო პირების განზრახ მკვლელობების შესახებ რუსი სამხედროების მიერ.[20] მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს ქალაქი ბუჩა კიევის ოლქში, სააშკარაოზე გამოვიდა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ხოცვა-ღლეტა.[21][22][23] 1200-ზე მეტი მოკლული უკრაინელი სამოქალაქო პირის გვამი იპოვეს კიევის ოლქში რუსების უკან დახევის შემდეგ, ზოგი მათგანი დახვრეტილი იყო[14] და უკრაინაში გაეროს ადამიანთა უფლებების სადამკვირვებლო მისიამ დოკუმენტირებულად ასახა 50 სამოქალქო პირის უკანონო მკვლელობა ბუჩაში, მოკლულთა უმეტესობა კაცები, თუმცა ასევე ქალებიც და ბავშვებიც.[24] შეჭრის პირველ თვეში სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა ჟურნალისტების, აქტივისტების, საზოგადო მოღვაწეებისა და თანამდებობების პირების უკანონო დაკავებები ოკუპირებულ ტერიტორიებში[25][9][26][9] და გამოთქვა შეშფოთება ომში აყვანილი ტყვეების მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ.[9]
Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის მიხედვით, ომის ტყვეებს ჩაგრავენ, აწამებენ,[27][28] კლავენ და ომის ტყვეებს საზოგადოების ცნობისმოყვარეობის წინაშე ააშკარავებენ[29][30] როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარე.[31][32]
2 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა დაიწყო გამოძიება უკრაინაში 2013 წლის 21 ნოემბრიდან მოყოლებული უკრაინაში ჩადენილი ყველა შესაძლო ომის დანაშაულის, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულისა ან გენოციდის დანაშაულის გარშემო. შეიქმნა ონლაინ მეთოდი, რომელიც ადამიანებს, რომლებსაც სამხილები აქვთ, აკავშირებს გამომძიებლებთან და გზავნის გამომძიებელთა ჯგუფებს, ადვოკატებსა და სხვა პროფესიონალებს უკრაინაში სამხილების შესაკრებად.[33][34][35] ასევე ორმა სხვა დამოუკიდებელმა საერთაშორისო სააგენტომ დაიწყო ადამიანების უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების გამოძიება რეგიონში: უკრაინაში გამოძიების საერთაშორისო კომისიამ, რომელიც დააფუძნა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 2022 წლის 4 მარტს და უკრაინაში გაეროს ადამიანთა უფლებების სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც გახსნა OHCHR-მ. ან უკანასკნელმა დაიწყო დარღვევების გამოძიება 2014 წლიდან მოყოლებული ყველა შემთხვევის შესახებ და აიყვანა დაახლოებით 60 დამკვირვებელი. 2022 წლის 7 აპრილს გაერომ დროებით მოხსნა რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან.[36] ივნისის დასაწყისისთვის უკრაინის პროკურატურას ინფორმაცია ჰქონდა 14 000-ზე მეტი ომის დანაშაულის შესახებ, დაასახელა 600-ზე მეტი ეჭვმიტანილი და პროცედურები დაიწყო დაახლოებით 80 მათგანის წინააღმდეგ.[37]
ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებზე დაყრდნობით, უკრაინაში შეჭრა განხორციელდა განურჩეველი თავდასხმებით სამოქალაქო ობიექტებზე, როგორებიცაა: სკოლები, საავადმყოფოები, საცხოვრებელი სახლები და საბავშვო ბაღები.[4][5][9]
25 თებერვალს Amnesty International-მა განაცხადა, რომ რუსეთმა „გამოიჩინა სამოქალაქო პირების სიცოცხლეების აშკარა უგულებელყოფა ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა ფეთქებადი იარაღის გამოყენებით“. რუსეთმა განაცხადა, რომ ისინი იყენებდნენ მხოლოდ ზუსტ მართულ იარაღებს, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. Amnesty International-მა 25 თებერვალს განაცხადა, რომ ვუჰლედარზე, ხარკივსა და უმანზე თავდასხმები დიდი ალბათობით ომის დანაშაულებად ჩაითვლებოდა.[4] უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა 26 თებერვალს თქვა, რომ რუსეთი ომის დანაშაულებს სჩადიოდა.[38]
რუსული არტილერია 15 საათის განმავლობაში ბომბავდა მჭიდროდ დასახლებულ სამეზობლოს მარიუპოლში 1 და 2 მარტს, რამაც დიდი ნგრევა გამოიწვია. ქალქის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ „სულ მცირე ასობით ადამიანი დაიღუპა.“[39][40]
3 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა, რომ შეჭრის პირველ კვირაში 1006 სამოქალაქო პირის დაღუპვა დააფიქსირა და დაამატა, რომ „რეალური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია.“[41]
6 მარტს WHO-მ გამოსცა განცხადება, რომლის მიხედვითაც მას ჰქონდა სამხილები ჯანდაცვის ცენტრებზე თავდასხმის შესახებ უკრაინაში და გენერალურმა დირექტორმა თედოროს ღებრეიესუსმა თქვა: „ჯანდაცვის ცენტრებზე თავდასხმა ან ჯანდაცვის მუშაკების ნეიტრალიტეტის დარღვევა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა“.[42]
24 მარტს Amnesty International-მა რუსეთი დაადანაშაულა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში შეჭრის პირველ თვეში. Amnesty International-მა დაადასტურა ეს განცხადებები და ვიდეოები სკოლებსა და საავადმყოფოებზე თავდასხმის შესახებ.[43]
5 ივლისს გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა, განაცხადა, რომ სამოქალაქო დანაკარგების უმეტესობა გამოწვეული იყო დასახლებულ ზონებში რუსული ძალების მიერ ფეთქებადი იარაღის გამოყენების შედეგად. ბაჩელეტმა განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმების შედეგად გამოწვეული მძიმე დანაკარგები უდავო იყო.[14]
კლასტერული შეიარაღების გამოყენებამ საფრთხის ქვეშ დააყენა მშვიდობიანი მოსახლეობა.[9][10] არც რუსეთმა და არც უკრაინამ დაამტკიცა 2008 წლის კონვენცია კლასტერული შეიარაღების შესახებ,[7] თუმცა დასახლებულ ზონებში კლასტერული შეიარაღების გამოყენება შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართლის პრინციპებთან შეუთავსებლად, რადგან ის კრძალავს განურჩეველ და არაპროპორციულ თავდასხმებს.[6] გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიხედვით, კლასტერულ შეიარაღებას იყენებდნენ რუსული ძალები და პრორუსი სეპარარისტები, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალებიც, თუმცა მცირე მასშტაბებით.[44]
24 თებერვალს, 10:30 საათზე (UTC) ვუჰლედარს თავს დაესხნენ 9M79 ტოჩკა რაკეტით, რომელიც საავადმყოფოსთან დაეცა, დაიღუპა 4 და დაიჭრა 10 სამოქალაქო პირი.[44] ამნესტიმ თავდასხმა დაადანაშაულა, როგორც „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის კანონების დარღვევის უტყუარი მტკიცებულება“ რუსული ძალების მიერ.[4] Human Rights Watch-მა (HRW) დაადგინა, რომ ვუჰლედარში გამოიყენეს 9N123 კლასტერული შეიარაღება, რომელშიც მოთავსებულია 50 9N24 ინდივიდუალური ქვეშეიარაღება, რომლებიც, თითო 316 პატარა ბომბად იშლება. HRW-მ თავისი ანალიზი შემთხვევის ფოტო და ვიდეო მასალებით და ადგილობრივ ადმინისტრაციებთან კონტაქტის შედეგად გამოაქვეყნა. HRW-მ რუსეთ მოუწოდა შეეწყვიტა „უკანონო თავდასხმები იარაღებით, რომლებიც განურჩევლად კლავს და ჭრის“.[8] რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, უარყო მომხდარში რუსეთის მონაწილეობა და თქვა, რომ ამ ტიპის შეიარაღებას უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ.[45]
27 თებერვალს Amnesty International-მა განაცხადა, რომ რუსეთი ოხტირკაში საბავშვო ბაღს, რომელშიც სამოქალაქო პირები აფარებდნენ თავს, თავს დაესხა 220 მმ BM-27 ურაგანის რაკეტით, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. დრონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს 4 კრატერი საბავშვო ბაღის სახურავზე, სამი კრატერი მიწაზე, ორი დაჭრილი ან დაღუპული სამოქალაქო პირი და სისხლის გუბეები. Amnesty International-მა გადაიღო შემთხვევის 65 ფოტო და ვიდეო და ინტერვიუები ჩამოართვა ადგილობრივებს.[46] Amnesty-მ რაკეტის ტიპი დაახასიათა, როგორც „უმართავი და არაზუსტი“ და დაამატა, რომ თავდასხმა პოტენციური ომის დანაშაულია, რომელიც უნდა გამოიძიონ.[46]
The New York Times-მა განაცხადა, რომ უკრაინებმა 220 მმ ურაგანის კლასტერული შეიარაღება ესროლეს რუსების მიერ კონტროლირებად სოფელ ჰუსარივკას, ხარკივის სამხრეთით. თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა.[47][48]
13 მარტს მიკოლაივზე თავდასხმისას გამოიყენეს კლასტერული შეიარაღება, დაიღუპა 9 სამოქალაქო პირი, მათ შორის 2 ბავშვი.[44]
14 ივნისს Amnesty International-მა, აპრილსა და მაისში ჩატარებულ გამოძიებაზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია რუსეთის მიერ კლასტერული შეიარაღების განმეორებითი გამოყენებებისა და ხარკივის ოლქში ნაღმების გაფანტვის შესახებ, რაც ომის დანაშაულია.[49][50] Amnesty International-მა დოკუმენტირებულად აღწერა რუსების მიერ კლასტერული შეიარაღების გამოყენების 7 შემთხვევა 28 თებერვლიდან 30 აპრილამდე.[51]
19 ივნისს The New York Times-მა განიხილა პოტენციურად აკრძალული შეიარაღების 1000 ფოტო. მან დაადგინა კლასტერული შეიარაღების ფართო სპექტრის გამოყენება სამოქალაქო ზონებში. უმეტესობა იყო უმართავი რაკეტები, რომლებიც დიდ საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო პირებისთვის. ნიუ იორკ თაიმსმა აღმოაჩინა სხვა აკრძალული იარაღიც, როგორიცაა ნაღმები.[52]
უკრაინაში შეჭრამ დაარღვია გაეროს წესდების აკრძალვა აგრესიაზე და გამოიწვია აგრესიის დანაშაული, სისხლის საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით.[53] 25 თებერვალს, Amnesty International-მა განაცხადა, რომ მოიძიეს უტყუარი სამხილი რუსეთის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის და რუსეთის ზოგი თავდასხმის ომის დანაშაულად ქცევის შესახებ.[54] Amnesty-მ და Human Rights Watch-მა განაცხადეს, რომ რუსეთი განურჩევლად უტუვდა სამოქალაქო ზონებსა და საავადმყოფოებს, მათ შორის ვუჰლედარის საავადმყოფოზე სარაკეტო თავდასხმა, რომელმაც 4 სამოქალაქო პირი შეიწირა და 10 დაჭრა, სამედიცინო პერსონალის ჩათვლით.[55][56]
ექსპერტებსა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებზე დაყრდნობით, უკრანიაში შეჭრამ დაარღვია გაეროს წესდების აკრძალვა აგრესიაზე და შეიძლებოდა ჩათვლილიყო აგრესიის დანაშაულად სისხლის საერთაშორისო სამართლის მიხედვით.[57][58][59][60] თუმცა არსებობს დიდი დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის რუსეთის ლიდერების გასამართლებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, არც უკრაინა და არც რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ხელმომწერი ქვეყანა.[61] გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სისხლის სამართლის საერთაშრისო სასამართლოსათვის მიმართვა ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის ვეტოსა და ჩინეთის გავლენის გამო.[62][63] თუმცა, აგრესიის დანაშაული შეიძლება გასამართლდეს სახელმწიფოს დონეზე, რუსეთში, უკრაინასა ან სხვა ქვეყნებში, რომლებშიც დაშვებულია ომის დანაშაულებზე საერთო იურისდიქცია.[57][58][64]
25 თებერვალს Amnesty International-მა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა „გამოიჩინეს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეების უგულებელყოფა ბალისტიკური რაკეტების და სხვა ფეთქებადი იარაღის გამოყენებით მჭიდროდ დასახლებულ არეებში“. დამატებით, რუსეთმა სიცრუით განაცხადა, რომ მხოლოდ მართვად იარაღს იღენებდნენ. ვუჰლედარის, ხარკივისა და უმანის ბრძოლებში, Amnesty International-მა განაცხადა,რომ რუსები ცეცხლს განურჩევლად ხსნიდნენ და ეს იყო ომის დანაშაული.[65] უმანზე თავდასხმა დაიწყო 07:00 საათზე (UTC), 24 თებერვალს, დაიღუპა ერთი მშვიდობიანი და დაზიანდა რესტორანი, ხარკივს შეუტიეს 08:00-ზე, რაკეტა საცხოვრებელი შენობებს შორის დაეცა და ერთი მშვიდობიანი პირი შეიწირა.[65]
1 და 2 მარტს რუსულმა არტილერიამ შეუტია მარიუპოლის მჭიდროდ დასახლებულ სამეზობლოებს, დაბომბვა თითქმის 15 საათი გაგრძლედა. სამეზობლოს მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა და, მერის რწმუნებულის განცახადებით, „სულ მცირე ასობით ადამიანი დაიღუპა.“[66][67]
3 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა, რომ შეჭრის პირველ კვირაში სულ მცირე 1006 სამოქალაქო პირი დაიღუპა, თუმცა ასევე ითქვა, რომ „ნამდვილი მონაცემები ბევრად მაღალი იქნებოდა.“[68]
6 მარტს WHO-მ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსები თავს დაეხსნენ სამედიცინო დაწესებულებებს. ტედროს ადანომ გებრეისუსმა თქვა, რომ „სამედიცინო ცენტრებზე თავდასხმა ან სამედიცინო პირების ნეიტრაილიტეტის უგულებელყოფა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა“.[69]
მარიუპოლის ალყისას განცოხრციელდა ჰუმანიტარული ევაკუაციის დერეფნის შექმნის მცდელობები, თუმცა ისინი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მათ მიზანში იღებდა და თავს ესხმოდა რუსეთი. 5 მარტს გამოცხადდა ხუთსაათიანი ცეცლის შეწყვეტა, თუმცა ევაკუაცია მალევე შეწყდა, რადგან არტილერია კვლავ ისროდა, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებოს მიუხედავად.[70] მეორე დღეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) გამოაცხადა ევაკუაციის მეორე მცდელობის წარუმატებლობის შესახებ.[71] 7 მარტს ICRC-მა განაცხადა, რომ ევაკუაციის ერთ-ერთი მარშრუტი რუსულმა ძალებმა დანაღმეს.[72]
7 მარტს, მარიუპოლის ალყისას, აშშ-ის ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში, მაიკლ კარპენტერმა, აღწერა ორი ინციდენტი, რომლებსაც ომის დანაშაულები უწოდა, მან განაცხადა, რომ ორივე შემთხვევაში რუსებმა დაბომბეს წინასწარ შეთანხმებული და დაწესებული დერეფნები მაშინ, როდესაც მათ გამოყენებას სამოქალაქო პირები ცდილობდნენ.[73]
28 თებერვალს ოქსანა მარკაროვამ განაცხადა, რომ რუსეთმა გამოიყენა თერმობარული ბომბი ოხტირკაში.[74][75][76] საერთაშორისო სამართალი არ კრძალავს თერბობარულ შეიარაღების, საწვავ-საჰაერო ფეთქებად მოწყობილებების ან ვაკუუმის ბომბების სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებას.[77][78] მათი გამოყენება აკრძალულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გაეროს (UN) კონვენციით ზოგიერთ კონვენციურ იარაღზე (CCW).[79] მარკაროვამ განაცხადა, რომ თერმობარული იარაღის გამოყენება ჟენევის კონვენციების დარღვევაა.[80][81][82] თეთრი სახლის პრესის მდივანმა, ჯენ ფსაკიმ, განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა რუსების მიერ მსგავსი იარაღის გამოყენების დამადასტურებელი ცნობები და თქვა: „თუ ეს სიმართლეა, ეს პოტენვიურად იქნება ომის დანაშაული“.[74] თავდასხმამ გაანადგურა უკრაინული სამხედრო ბაზა დამოკლა 70 სამხედრო.[83]
24 თებერვალს კლასტერული შეიარაღება აფეთქდა ვუჰლედარის ცენტრალურ საქალაქო საავადმყოფოსთან, თავდასხმამ შეიწირა 4 ადამიანის სიცოცხლე და დაჭრა 10, ასევე დააზიანა სასწრაფო დახმარების მანქანები და საავადმყოფო.[9] 8 მარტს იზიუმში, ხარკივის სამხრეთში, გაანადგურეს ახლად აღდგენილი საავადმყოფო[84][85] და 11 მარტს იმავე ქალაქში თავს დაესხნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს.[86] 9 მარტს რუსეთის საჰაერო იერიშისას განადგურდა მარიუპოლის მესამე საავადმყოფო, რომელიც აშკარად იყო მონიშნული სამოქალაქო ობიექტად, თავდასხმის შედეგად დაშავდა 17 სამოქალაქო პირი, ერთი მათგანი იყო ფეხმძიმე ქალი, ნაყოფი და დედა ვერ გადარჩნენ.[9]
26 მარტს უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა 74 თავდასხმა სამედიცინო ცენტრებზე, 61 მათგანი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე, 9 ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოთხი საბრძოლო ზონაში. ექვსი პერინატალური და სამშობიარო საავადმყოფოები და 10 საბავშვო საავადმყოფო დაზიანდა თავდასხმების შედეგად, განადგურდა ორი საბავშვო საავადმყოფო და ერთი პერინატალური საავადმყოფო.[9] ასევე 26 მარტს AP-ის ჟურნალისტებმა უკრაინაში განაცხადეს, რომ შეაგროვეს სამხილები, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები განზრახ უტევენ საავადმყოფოებს.[87]
30 მარტს World Health Organization-მა (WHO) განაცხადა 82 დადასტურებული თავდასხმის შესახებ, მათ შრის თავდასხმები ჯანდაცვის ცენტრებზე, პაციენტებსა და ჯანდაცვის მუშაკებზე, 24 თებერვლის შემდეგ. WHO ვარაუდობდა, რომ თავდასხმების შედეგად დაიღუპა 72 და დაიჭრა 43 ადამიანი.[88] 8 აპრილისთვის WHO-მ დაადასტურა 91 თავდასხმა.[89]
9 მარტს რუსულმა ძალებმა დაბომბეს სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო მარიუპოლში.[90] საავადმყოფო განადგურდა.[91] სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ახალგაზრდა გოგო, და 16 ადამიანი დაშავდა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მეტი პაციენტი და სამედიცინო პერსონალი იყო ნანგრევებში მოყოლილი.[92] ბორის ჯონსონმა დაბომბვას „უზნეო“ უწოდა.[93] დმიტრო კულებამ დაბომბვას „უეჭველი ომის დანაშაული“ უწოდა.[94]
რუსეთმა განაცხადა, რომ დაშავებული ფეხმძიმე ქალი „დაქირავებული მსახიობი“ იყო.[95] ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო რუსულ ტელეგრამ არხებზე, რომლებსაც ასობით ათასი გამომწერი ჰყავთ.[96] რუსეთის საელჩომ დიდ ბრიტანეთში ტვიტერზე გააზიარა ტელეგრამის ეს ინფრომაცია და დაამატა, რომ ქალს „კარგი მაკიაჟი ჰქონდა“. ტვიტერმა წაშალა საელჩოს პოსტები.[97]
სხვა ფეფმძიმე ქალი, რომელსაც ვიდეოში საკაცით გადაჰყავდათ, 13 მარტს დაიღუპა.[98]
ფეთქებადი იარაღის გამოყენებამ საფრთხეში ჩააგდო ისტორიული მონუმენტები, ხელოვნების ნიმუშები, ეკლესიები და სხვა კულტურული ობიექტები.[99][100][101][102] რუსულმა ძალებმა დააზიანეს და გაანადგურეს კუინდჟის ხელოვნების მუზეუმი მარიუპოლში, საბჭოთა ეპოქის შჩორსის კინოთეატრი და გოთური აღზევების ბიბლიოთეკა,[103] ბაბინ იარის ჰოლოკოსტის მემორიალური კომპექსი კიევში,[104] საბჭოთა ეპოქის სლოვოს შენობა[100] და საოლქო ადმინისტრაციის შენობა ხარკივში, XIX საუკუნის ხის ეკლესია ვიაზივკაში, ჟიტომირის ოლქში[105] და ისტორიული და ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი ივანკივში.[106] 24 ივნისს UNESCO-მ განაცხადა, რომ სულ მცირე 150 ისტორიული ძეგლი, რელიგიური შენობა და მუზეუმი დაზიანდა ან განადგურდა რუსული აგრესიის შედეგად.[107]
კულტურულ ძეგლებს აქვს სპეციალური დაცვის პრივილეგიები საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.[108] ჟენევის კონვენციის პირველი პროტოკოლი და ჰააგის კონვენცია კულტურული საკუთრების დაცვისთვის შეიარაღებული კონფლიქტის დროს (ორივე ეხება უკრაინასა და რუსეთს) კრძალავს ისტორიული ძეგლების სამიზნეში ამოღებას სამხედრო ძალისხმევის მხარდასაჭერად.[108] ჰააგის კონვენციის მეორე პროტოკოლი იძლევა კულტურულ საკუთრებაზე თავდასხმის უფლებას „გადაუდებელი სამხედრო აუცულებლობის“ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს სხვა გამოსავალი.[109][108] კულტურულ მემკვიდრეობზე თავდასხმა ომის დანაშაულია, რომლისთვისაც შესაძლოა ბრალდებული წარდგეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.[108]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.