ნუმიზმატიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნუმიზმატიკა (ლათ. Numisma - მონეტა) — ისტორიული მეცნიერების დამხმარე დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მონეტებს, მედლებს, ორდენებს. ნუმიზმატიკა, როგორც მეცნიერული ტერმინი, შუა საუკუნეებიდან იხმარება. თავდაპირველად მასში მონეტებისა და მედლების შეგროვება იგულისხმებოდა, რასაც საფუძველი ჩაეყარა იტალიაში XIV-XV სს.-ში; აქედან გავრცელდა ის სხვა ქვეყნებშიც. კოლექციონერობას კერძო პირები მისდევდნენ, მაგრამ მალე მან სახელმწიფოებრივი ღონისძიების ხასიათი მიიღო და ევროპის მუზეუმებში ნუმიზმატიკური კაბინეტები შეიქმნა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/3/35/Roman_denarius_in_silver_%28Maximinus%29-transparent.png)
დაარსდა ხუთი დიდი ნუმიზმატიკური ცენტრი: ლონდონში, პარიზში, ვენაში, ბერლინსა და პეტერბურგში.
ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელია ავსტრიელი ნუმიზმატი იოსებ ილარი ეკელი (1737-1798), რომლის ფუნდამენტურ რვატომეულს „მეცნიერება ძველებური მონეტების შესახებ“ დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. XIX საუკუნეში ნუმიზმატიკის კურსი იკითხებოდა დასავლეთ ევროპისა და რუსეთის უნივერსიტეტებში.
სამეცნიერო დისციპლინას, რომელიც ძველებურ მონეტებს შეისწავლის, ნუმიზმატიკა ეწოდება. ეს ტერმინი მომდინარეობს მონეტის ბერძნული სახელწოდებიდან – ნომისმა. ლათინურად მონეტას ნუმისმა ეწოდება, ხოლო ძველ ქართულში მის აღსანიშნავად საფასეს ხმარობდნენ. სიტყვა მონეტა თავდაპირველად წარმოადგენდა იუნონას (ქალების მფარველი რომაული ღვთაება) ერთ-ერთ ეპითეტს და ნიშნავს დამრიგებელს. ნუმიზმატიკური მეცნიერების მამამთავრად აღიარებულია ვენის საიმპერატორო სამონეტო კაბინეტის მცველი იოსებ ილარი ეკელი (1737-1798 წწ.) რომელიც წლების განმავლობაში ვენის საიმპერატორო ნუმიზმატიკური კაბინეტის მცველი იყო. მან თავის ფუნდამენტურ ნაშრომში „მეცნიერება ძველებური მონეტების შესახებ” დაასაბუთა, რომ ნუმიზმატიკა ცოდნის გარკვეული სისტემაა და მეცნიერების დამოუკიდებელი დარგია. ეკელის შემდეგ ინტერესი ძველებური მონეტების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა და იზრდება ყოველდღიურად. ნუმიზმატიკური მეცნიერება დიდ დახმარებას უწევს ისტორიულ მეცნიერებას, არქეოლოგიას, ხელოვნებათმცოდნეობას, რელიგიისა და დამწერლობის ისტორიას.
მსოფლიოში მრავალი კერძო ნუმიზმატიკია, ანუ ის ადამიანები ვინც მონეტებს, მედლებს, ორდენებს აგროვებს, ინახავს და უვლის. ერთ-ერთი პირველი ნუმიზმატი-კოლექციონერი იყო ცნობილი ჰუმანისტი პოეტი პეტრარკა (1304-1374). იტალიერი კოლექციონერების მიბაძვით, მონეტების შეგროვება დაიწყეს ევროპის ძლევამოსილმა მმართველებმაც. იქმნებოდა მონეტების სპეციალური საცავები. სწორედ ამგვარ საცავებში ეყრებოდა საფუძველი მონეტების მეცნიერულ შესწავლას.