From Wikipedia, the free encyclopedia
ნორმანები — სკანდინავიისა და იუტლანდიის ნახევარკუნძულებზე ცხოვრობდნენ. „ნორმანი“ სკანდინავიურ ენაზე ჩრდილოეთის ადამიანს ნიშნავს. დასავლეთ ევროპაშიც სკანდინავიელებს ნორმანებს ეძახდნენ, აღმოსავლეთ სლავები კი ნორმანებს „ვარიაგებს“ უწოდებდნენ. თვით სკანდინავიაში ნორმანების ლაშქრობების მონაწილეებს ვიკინგებს უწოდებდნენ.
ნორმანები საუკეთესოდ იყვნენ შეიარაღებულნი და მოქნილი სამხედრო სტრატეგიაც ჰქონდათ. შვედური ფოლადით ისინი ამზადებდნენ მაღალხარისხიან ცულებს და მსწრაფმავალ ხომალდებს, რომლებიც 20 - 40 ადამიანისთვის იყო განკუთვნილი და 20 მეტრს აღწევდა. გარდა იალქნიანი ანძისა, ხომალდს ჰქონდა ნიჩბებიც. ამ ხომალდით ნორმანებმა მიაღწიეს კუნძულ ისლანდიას და გრენლანდიის სამხრეთ ნაწილს. 1003 წელს კი ჩრდილოეთ ამერიკას. მაგრამ ცივ კლიმატს მიჩვეულმა ნორმანებმა აქ ფეხი ვერ მოიკიდეს და XIII საუკუნეში ეს აღმოჩენა მიივიწყეს.
ნორმანები VIII-XI საუკუნეებში ხშირად ესხმოდნენ ევროპის ქვეყნებს. დასავლეთ ფრანკთა კაროლინგების ხელისუფლება იმდენად დასუსტდა, რომ ვერ ახერხებდა ქვეყნის დაცვას ნორმანებისაგან. ამიტომ კაროლინგები იძულებული გახდნენ ნორმანებისთვის დაეთმოთ მდინარე სენას სანაპირო. ამ ტერიტორიაზე ნორმანებმა შექმნეს ძლიერი საჰერცოგო რომელსაც „ნორმანდია“ უწოდეს. ნორმანდიის საჰერცოგო მხოლოდ ფორმალურად ექვემდებარებოდა კაროლინგებს; ფაქტობრივად კი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და ქალაქ პარიზის ხელში ჩაგდებასაც კი ცდილობდა. ნორმანდიის საჰერცოგოში ჩამოსახლებულ ნორმანებს „ნორმანდელებს“ უწოდებდნენ. მათ შეინარჩუნეს წინაპრების მებრძოლი ხასიათი. მათი ხომალდები ხშირად არბევდნენ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების მოსახლეობას. XI საუკუნეში ნორმანებმა დაიმორჩილეს სამხრეთ იტალია და მალე კუნძულ სიცილიასაც დაეპატრონნენ. აქ მათ დააარსეს ახალი სახელმწიფო, რომელსაც კუნძულ სიცილიის მიხედვით „სიცილიის სამეფოს“, ხოლო დედაქალაქ ნეაპოლის მიხედვით „ნეაპოლიტანიის სამეფოს“ უწოდებდნენ.
ნორმანები წარმართები იყვნენ და თავიანთ ღმერთებს „ასებს“ უწოდებდნენ. ნორმანების წარმოდგენით ასები არ იყვნენ უკვდავები რადგან მათ მოელოდათ ურჩხულებთან ბრძოლა. ყველაზე საშინელი ურჩხული კი „მსოფლიოს მგელი“ იყო. ნორმანები თვლიდნენ, რომ ასების ბელადი იყო ცალთვალა ოდინი. გადმოცემის მიხედვით ოდინმა დაკარგა თვალი რათა დაწაფებოდა ცოდნის წყაროს. მას ჰყავდა ორი მოლაპარაკე ყვავი - აზრი და მეხსიერება, რომლებიც უამბობდნენ თუ რა ხდებოდა სამყაროში. ოდინს ჰაერში მორბენალი მერანი დაატარებდა, რომელსაც რვა ფეხი ჰქონდა. თუ ნორმანი ჩათვლიდა, რომ ესა თუ ის ასი მის მოთხოვნებს არ ასრულებდა და მას არ ეხმარებოდა, იგი წყვეტდა მასთან მეგობრობას და ძღვენის მირთმევას.
ნორმანები ღმერთებზე წერდნენ სიმღერებს, რომლებშიც უმთავრესად აღწერილი იყო სისხლის აღების ამბები. თავისუფალი ადამიანის მოკვლა დიდ დანაშაულად ითვლებოდა. მის სანაცვლოდ მოკლულის ნათესავებს უნდა აეღოთ გამოსასყიდი ან მოეკლათ მკვლელი.
ყველა მეომარი აგროვებდა განძს, რადგან მიიჩნევდა, რომ კეთილშობილ ლითონებს - ოქროსა და ვერცხლს წარმატება და გამარჯვება მოაქვთ. თავისი ბედ-იღბალი რომ არ დაეკარგა, მეომარი განძს საგულდაგულოდ მალავდა მდინარეების ფსკერზე, ჭაობში ან მიწაში.
გერმანელები და ნორმანები ერთი წარმომავლობის ხალხია და მათ ენებსაც ერთი ძირი აქვთ. მთელ ჩრდილო ევროპაში გავრცელებული იყო საკუთარი დამწერლობა, ძველგერმანული ანბანი - რუნები. ძველი (უფროსი) რუნები საერთო იყო ამ დიდი რეგიონის გერმანულენოვანი ტომებისთვის (მათ შორის ნორმანებისთვისაც). ახალი (უმცროსი) რუნები უკვე განსხვავებული იყო ცალკეული ხალხისთვის - შვედების, დანიელების, ნორვეგიელებისა და ანგლოსაქსებისათვის. ბევრი რუნი ლათინური ანბანის დამახინჯებული სახესხვაობაა. რუნები ამოკვეთილი იყო ხეზე, ლითონზე, ქვაზე. ამიტომ მათ ხაზოვნ კუთხური ფორმა ჰქონდათ.
არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ, რომ ნორმანებს აქტიური სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ ახლობელ თუ შორეულ ქვეყნებთან. დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში აღმოჩენილია მცირე ზომის სანავსადგურო სავაჭრო სახელოსნო ნაქალაქარები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.