სარგის მხარგრძელი
From Wikipedia, the free encyclopedia
სარგის მხარგრძელი (გ. 1187) — საქართველოს დიდებული XII საუკუნის II ნახევარში. ამირსპასალარ ზაქარია II-ისა და ათაბაგ ივანეს I-ის მამა. ქვემო ქართლის ერთ-ერთი მემამულე.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მხარგრძელი. |
დაწინაურდა გიორგი III-ის კარზე. 1161 გიორგი III-მ ანისის გამგებლად დანიშნა ივანე სუმბატის ძე ორბელი "თანაშემწეობითა სარგის მხარგრძელისათა". ამ პერიოდში მხარგრძელი დიდებულ აზნაურად იხსენიება.
დაახლოებით 1162 მხარგრძელს გიორგი III-მ ანისის ამირობა უბოძა. 1164/1165 მეფე გიორგი III იძულებული გახდა ანისი ისევ ადრინდელ მფლობელებისათვის დაეთმო. შემდეგ, როდესაც მეფემ კვლავ შემოიერთა ანისი მცირე ხნით (1173/1174-1178), შესაძლოა, მის ამირად ისევ მხარგრძელი დაინიშნა. ანისის გამგებლობასთან დაკავშირებით მხარგრძელს მიუღია შაჰანშას ტიტული, რომლითაც ის მოხსენებულია ანისის ერთ უთარიღო სომხურ წარწერაში. 1177 მხარგრძელი მონაწილეობდა ივანე ორბელის აჯანყებაში მეფის წინააღმდეგ, მაგრამ უღალატა მას და გადავიდა გიორგი III-ის მხარეზე. მეფემ აპატია დანაშაული, დააწინაურა, უწყალობა ორბელთა მამულის დიდი ნაწილი (ნაწილობრივ საგამგებლოდ, ნაწილობრივ სამამულედ). 1184/1185, თამარის კარზე ამირსპარსალარ-მანდატურთუხუცესის ყუბასარის გადაყენების შემდეგ, მხარგრძელს გადაეცა სახელოები. გარდა ამისა, თამარმა მას გადასცა "ლორე, სათავადო და სამთავრო სომხითსა შინა".
![]() |
„დააშოშმინა რა ყუთლუს მიერ აღძრული მოძრაობა, თამარმა ამირსპასალარად დანიშნა სარგის მხარგრძელი, ჩამომავლობით კაცი გვარიანი და აღზრდილი ლაშქრობათა შინა და ჭაბუკობათა (საგმირო საქმეებში გაწვრთნილიყო) და უბოძა ლორე სათავადო და სამთავრო. პატივი მიანიჭა მის შვილებსაც ზაქარიას და იოანეს (ამათგან ზაქარია იყო სჯულით სომეხი, ხოლო იოანე მართლმადიდებელი)[1].“ |
სარგისის გარდაცვალების შემდეგ ლორე მხარგრძელთა მფლობელობაში დარჩა.