მინა
From Wikipedia, the free encyclopedia
მინა — მყარი ამორფული მასალა, რომელიც მიიღება ნადნობის გადამეტცივებით. მინას ახასიათებს თხევადი მდგომარეობიდან მეტასტაბილურ მინისგვარ არამდგრად მდგომარეობაში გადასვლის შექცევადობა. მინა გარკვეულ ტემპერატურულ პირობებში კრისტალდება, გახურების შემდეგ კრისტალური ნივთიერებების მსგავსად კი არ დნება, არამედ რბილდება და თანდათანობით მყარი მდგომარეობიდან გადადის ჯერ პლასტიკურში, შემდეგ კი თხევადში. აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით მინას შუალედური მდგომარეობა უკავია თხევადსა და კრისტალურ ნივთიერებებს შორის. დრეკადი თავისებურებებით იგი მყარ კრისტალურ ნაერთებებს ემსგავსება. მინის წარმოქმნისადმი მიდრეკილება აქვს მრავალ ნივთიერებას (სელენი, გოგირდი, სილიკატები, ბორატები და სხვა).
მინას უწოდებენ აგრეთვე მინისაგან დამზადებულ მრავალ ნაკეთობას, მაგალითად სამშენებლო მინა, ქიმიურ-ლაბორატორიული მინა და სხვა. მინისაგან დამზადებული ნაკეთობა შეიძლება იყოს გამჭვირვალე ან გაუმჭვირი, უფერული ან შეფერილი. ზოგ მინა ულტრაიისფერი ან γ-სხივების მოქმედების შედეგად აქვს ლუმინენსაციის უნარი, ზოგი შთანთქავს ან ატარებს ულტრაიისფერ სხივებს და სხვა. ცნობილია ორგანული მინა და არაორგანული მინა. უფრო მეტად გავრცელებულია არაორგანული მინა, რომელსაც ახასიათებს მაღალი მექანიკური, სითბური, ქიმიური და სხვა თვისებები. ძირითადად უშვებენ სამშენებლო (ფურცლოვან) და ტარის დასამზადებელ მინას, რომელსაც იღებენ სილიციუმის დიოქსიდისგან (სილიკატური მინა), იყენებენ აგრეთვე სხვა ჟანგბადიან (ოქსიდურ) მინას. უჟანგბადო არაორგანულ მინას განეკუთვნება დარიშხანის, სტიბიუმის ქალკოგენიდების, აგრეთვე ბერილიუმის ჰალოგენიდების და სხვა ფუძეზე დამზადებული მინა. დანიშნულების მიხედვით მინა არის სამშენებლო (ფანჯრის, სახიანი, მინის ბლოკები), სატარე, ტექნიკური (კვარცის, შუქ-ტექნიკური, მინის ბოჭკო და სხვა), სპორტული და სხვა. ამზადებენ აგრეთვე მაიონიზებელი გამოსხივებისაგან დამცავ, შემღწევი რადიაციის ინდიკატორების, ფოტოქრომულ ხსნად და სხვა სახის მინას. ხსნადი მინა შეიცავს დაახლოებით 75 % , 24 % და სხვა კომპონენტებს. იყენებენ სილიკატური საღებავების და საკანცელარიო წებოს დასამზადებლად, ქსოვილებისა და ქაღალდის გასაჟღენთად და სხვა.