მარქსიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარქსიზმი — სოციალურ-ეკონომიკური ანალიზის მეთოდი და თეორიული მიდგომა, რომელიც ემყარება ისტორიული განვითარების მატერიალისტურ ინტერპრეტაციასა და სოციალური ტრანსფორმაციის დიალექტიკურ გააზრებას.
მარქსიზმი სათავეს იღებს კარლ მარქსის და ფრიდრიხ ენგელსის ფილოსოფიური, სოციოლოგიური და ეკონომიკური ხასიათის შრომებიდან, რომელთა მთავარი თემაა კაპიტალიზმის კრიტიკა. ეს კრიტიკა სისტემატური სახით მოცემულია მარქსის ცნობილ ნაშრომში კაპიტალი. მარქსის და ენგელსის მიერ შემუშავებულმა ფილოსოფიურმა, სოციალურმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა დოქტინებმა უფრო სრულყოფილი ფორმა მიიღეს მათი სიკვდილის შემდეგ. მარქსისტული ტრადიცია შემდგომ გაამდიდრეს სხვა მოაზროვნეებმა, როგორებიც იყვნენ გიორგი პლეხანოვი, ლენინი, ლევ ტროცკი, იოსებ სტალინი, როზა ლუქსემბურგი, ანტონიო გრამში, გეორგ ლუკაჩი, მაო ძედუნი, ლუი ალთუსერი და სხვები. მარქსიზმი ასოცირდება მე-20 საუკუნის სოციალურ-პოლიტიკურ მოძრაობებთან, რომელთა შორის არიან ოქტომბრის რევოლუცია, ჩინეთის რევოლუცია, კუბის რევოლუცია და სხვ.