From Wikipedia, the free encyclopedia
პრინცი ლეოპოლდი, ოლბანის ჰერცოგი (ინგლ. Prince Leopold, Duke of Albany; დ. 7 აპრილი, 1853, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 28 მარტი, 1884, კანი, საფრანგეთი) — საქსენ-კობურგის და გოთას დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და პრინცი ალბერტის უმცროსი ვაჟი. ოლბანის ჰერცოგი, კლარენსის ერლი და ორკლოვის ბარონი. დედისაგან გადაეცა ჰემოფილია, რაც მისი ადრეული გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ლეოპოლდი | |
---|---|
სრული სახელი
ლეოპოლდ ჯორჯ დუნკან ალბერტი | |
წოდებები
ოლბანის ჰერცოგი | |
დაიბადა |
7 აპრილი, 1853 ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
გარდაიცვალა |
28 მარტი, 1884, (30 წლის) კანი, საფრანგეთი |
საგვარეულო | საქსენ-კობურგ-გოთელები |
მეუღლე(ები) | ჰელენა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტი |
შვილ(ებ)ი | ჩარლზ ედუარდი, საქსენ-კობურგის და გოთას ჰერცოგი |
მამა | ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი |
დედა | ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი |
რელიგია | ანგლიკანიზმი |
ლეოპოლდი დაიბადა 1853 წლის 7 აპრილს ბუკინგემის სასახლეში, ლონდონში. იგი იყო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალ ვიქტორიასა და მისი ქმრის, პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის მერვე შვილი და მეოთხე ვაჟი. მას სახელი დაარქვეს მისი მშობლების ბიძის, ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-ის პატივსაცემად, რომელიც ყოველთვის ახლოს იყო ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან.
1853 წლის 28 ივნისს ბუკინგემის სასახლის სამლოცველოში ლეოპოლდი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ჯონ სამნერმა მონათლა, მისი ნათლიები კი იყვნენ: ჰანოვერის მეფე ჯორჯ V (დედის ბიძაშვილი), პრუსიისა და გერმანიის იმპერატრიცა ავგუსტა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელი (მისი უფროსი დის დედამთილი), ტეკის ჰერცოგინია მერი ადელაიდა კემბრიჯელი (დედის ბიძაშვილი) და ჰოენლოჰ-ლანგენბურგის მთავარი ერნესტ I (დეიდამისის ქმარი).
მსგავსად ვიქტორიას სხვა მამრობითი სქესის შთამომავლებისა, დედოფლისაგან ლეოპოლდმა მემკვიდრეობით მიიღო ჰემოფილია, რასაც მოგვიანებით ეპილეფსიაც დაეწყო.
1872 წელს ლეოპოლდი დედამ ოქსფორდის უნივერსიტეტში გაუშვა უმაღლესი განათლების მისაღებად. იქ იგი მისთვის საინტერესო საგნებს შეისწავლიდა და მალევე უნივერსიტეტის ჭადრაკის კლუბის პრეზიდენტიც გახდა. სწავლის დასრულების შემდეგ, 1880 წელს იგი თავის უფროს დას, პრინცესა ლუიზას ეწვია კანადაში, რომლის ქმარიც იმ პერიოდში კანადის მეფისნაცვალი იყო. უკან დაბრუნების შემდეგ იგი განაგრძობდა ჭადრაკის მფარველობას და ბრიტანულ არმიაშიც აქტიურად დაიწყო მსახურობა.
დედოფალი ვიქტორია სერიოზულად ფიქრობდა ლეოპოლდის დაოჯახების საკითხზე. თავდაპირველად იგი მის საცოლედ მოიაზრებდა თავისი ბიძაშვილის, მეფე ჯორჯ V-ის ასულ ფრედერიკა ჰანოვერელს, თუმცა მოლაპარაკებები მალევე ჩაიშალა.
ამის შემდეგ ლეოპოლდის საცოლედ მოიაზრებოდა მრავალი ევროპელი პრინცესა, მათ შორის: ვიქტორია ბადენელი (შემდეგში შვედეთის დედოფალი), სტეფანია ბელგიელი (შემდეგში ავსტრიის კრონპრინცესა), ელიზაბეთ ჰესენ-კასელელი და კაროლინა მატილდა შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდენბურგ-გლუქსბურგელი. თუმცაღა, ყოველ მათგანთან შეუღლებაზე პრინცმა უარი თქვა, რადგან იგი შეყვარებული იყო ლორდი აშბურტონის ასულ მერი ბარინგზე, თუმცა იგი მასზე ძალიან უმცროსი იყო და ქორწინებაზე დედოფალმა არ დართო ნება.
საბოლოოდ, დედოფალმა ვაჟის საცოლედ პრინცესა ჰელენა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტი შეარჩია, რომელიც იყო მთავარ გეორგ ვიქტორის ასული და ნიდერლანდების დედოფალ ემა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტის ღვიძლი და, რაც ბრიტანელებს ნიდერლანდების მეფე ვილემ III-თან დაახლოვებაში დაეხმარებოდა. 1882 წლის 27 აპრილს უინძორის სასახლეში ლეოპოლდი და ჰელენა დაქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ წყვილს ბედნიერი ქორწინება ჰქონდა, მიუხედავად მისი პოლიტიკური არსისა.
ცნობილია, რომ პრინცი ლეოპოლდი ბავშვობიდანვე იყო დაავადებული ჰემოფილიით. ამის გამო იგი თავისი პირადი ექიმის, ჯონ ვიკჰემ ლეგის რჩევით 1884 წლის თებერვალში სამკურნალოდ სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ კანში გაემგზავრა, რადგან ექიმთა დასკვნით ბრიტანული კლიმატი მის დაავადებას ართულებდა. 27 მარტს კანის რეზიდენციაში ლეოპოლდი წაიქცა, დაიზიანა მუხლი და იატაკს თავი დაარტყა. ჰემოფილიით დაავადებულ პრინცს თავის ტვინში სისხლდენა დაეწყო და მეორე დღის გამთენიისას, 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროს მისი ცოლი მეორე ბავშვზე იყო ორსულად და სულ რამდენიმე თვეში გააჩინა ვაჟი, სახელად ჩარლზ ედუარდი.
იგი დედოფალი ვიქტორიას ცხრა შვილიდან მეორე გარდაიცვალა. მანამდე იყო მისი და, პრინცესა ალისა, რომელიც 1878 წელს ემსხვერპლა ჰესენში მოდებულ ეპიდემიას.
ლეოპოლდსა და ჰელენას სულ ორი შვილი ჰყავდათ:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.