კომეტა
From Wikipedia, the free encyclopedia
კომეტა (ძვ. ბერძნ. κομήτης [komḗtēs] — „გრძელთმიანი“, „კუდიანი“) — ყინულოვანი, მზის სისტემის მცირე სხეული, „კუდიანი ვარსკვლავი“, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს ძალიან წაგრძელებულ ორბიტაზე. თითოეულ მათგანს აქვს „თავი“ და ერთი ან რამდენიმე გრძელი „კუდი“. თავი შედგება მკვრივი ბირთვისა და მის ირგვლივ არსებული ატმოსფერული გარსისაგან — კომასაგან. კომეტის გამოჩენას განაპირობებს მცირე ზომის გაყინული სხეულების მიახლოება მზესთან 4 ა. ე.-ზე უფრო ნაკლები მანძილით. მზის სხივებით გახურების შედეგად ეს სხეულები გამოყოფენ აიროვან და მტვრის ნაწილაკებს, რომელთაგანაც იქმნება კომეტის ატმოსფერო (უკანასკნელი კომეტის ბირთვთან ერთად ქმნის თავს). კომეტის ბირთვიდან უწყვეტად გამომდინარე მნათი აირი და მტვერი სინათლის წნევის ზეგავლენისა და მზისიერ ქართან ურთიერთქმედების შედეგად აიტყორცნება მზის საწინააღმდეგო მიმართულებით, რაც ერთ ან რამდენიმე კუდს წარმოქმნის.
2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, აღმოჩენილია 6996 კომეტა, რომლებიც ხვდებიან მზის სისტემის შიდა ან პლანეტების რეგიონში.[1]
ხილული ნათების მიხედვით განარჩევენ კაშკაშა და მკრთალ კომეტებს. კაშკაშა კომეტები კარგად ჩანს შეუარაღებელი თვალით. მათი გრძელი კუდებით ზოგჯერ მთელი ცაა გადაკვეთილი. მკრთალი კომეტების დანახვა შეიძლება მხოლოდ ტელესკოპით. კომეტების თავები და კუდები სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის წარმონაქმნებია. ბირთვის დიამეტრი არ აღემატება რამდენიმე ათეულ კმ-ს, ზოგიერთი კომეტისთვის კი — რამდენიმე კმ-ს. თავის სიდიდე ზოგჯერ აღწევს 1 მლნ. კმ-ს, კუდისა — რამდენიმე ასეულ მლნ. კმ-ს. კომეტის მასა უმნიშვნელოა და თითქმის მთლიანად ბირთვშია თავმოყრილი. ყველაზე დიდი კომეტის მასა მილიარდჯერ მაინცაა ნაკლები დედამიწის მასაზე. მასის მიხედვით კომეტებს შუალედური მდგომარეობა უკავია მცირე ცთომილებსა (ასტეროიდებს) და მეტეორიტებს შორის.