კოლუმბიის უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
კოლუმბიის უნივერსიტეტი ქალაქ ნიუ-იორკში (ინგლ. Columbia University in the City of New York, საზოგადოდ ცნობილი, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტი ან მოკლედ კოლუმბია) კერძო უნივერსიტეტია აშშ-ში და აივი ლიგის წევრი. კოლუმბია უძველესი უმაღლესი სასწავლებელია ნიუ-იორკის შტატში, სიძველით მეხუთეა აშშ-ში[22] და ერთ-ერთია ქვეყნის ცხრა კოლონიურ კოლეჯთაგან, რომლებიც ამერიკის რევოლუციამდე დაარსდა. კოლუმბიის მთავარი კამპუსი ნიუ-იორკის მორნინგსაიდ ჰაიტსის უბანში მდებარეობს ზემო მანჰეტენზე, ჰარლემთან. ის 1754 წელს დაფუძნდა, როგორც "King's College" (მეფის კოლეჯი), ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-ის ქარტიით და ერთ-ერთია სამ აშშ-ის უნივერსიტეტთაგან, რომლებიც ამგვარად დაარსდა. ამერიკის რევოლუციური ომის შემდეგ კოლუმბია 1784-1787 წლებში საშტატო დაქვემდებარებაში იყო. ამჟამად უნივერსიტეტი 1787 წლის ქარტიით ფუნქციონირებს, რომლის მიხედვით მას კერძო რწმუნებულთა საბჭო განაგებს.
კოლუმბია ყოველწლიურად ადმინისტრირებს ამერიკის სალიტერატურო ჯილდოს, პულიცერის პრემიას, და ის ასევე ამერიკის უნივერსიტეტების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია. კოლუმბიასთან ასოცირდება ნობელის პრემიის ლაურეატთა მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი (კურსდამთავრებულთა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩათვლით). კოლუმბიის შემოწირულობათა ფონდი და წლიური კვლევის ხარჯები ერთ-ერთი უმსხვილესია ამერიკის უნივერსიტეტთა შორის.[23] 2008 წელს უნივერსიტეტი რანგით მესამე იყო აშშ-ის უნივერსიტეტთა შორის ფონდების მოზიდვის მაჩვენებლით, რამაც დაახლოებით $495 მილიონი შეადგინა კერძო შემოწირულობათა სახით.[24] უნივერსიტეტს ამჟამად ოთხი გლობალური ცენტრი აქვს: ამანი, იორდანია; პეკინი, ჩინეთი; პარიზი, საფრანგეთი; და მუმბაი, ინდოეთი.
კოლუმბიის გამოჩენილ კურსდამთავრებულთა და კათედრის წევრთა შორის არიან: ხუთი შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამა; ოთხი აშშ-ის პრეზიდენტი, მათ შორის მიმდინარე; ცხრა უზენაესი მოსამართლე; 94 ნობელის პრემიის ლაურეატი, რაც ნებისმიერი სხვა უნივერსიტეტისას აღემატება; 101 პულიცერის პრემიის ლაურეატი, ასევე ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტზე მეტი;[25] სულ მცირე 25 აკადემიის ჯილდოს მფლობელი სულ 30 ოსკარით; 30-ზე მეტი ეროვნული სამეცნიერო მედლის მფლობელი; და სულ მცირე 50 მაკარტურის გენიოსის პრემიის ლაურეატი. კოლუმბიაში ამჟამად ცხრა ნობელის პრემიის ლაურეატი რეზიდენტია, 30 მაკარტურის გენიოსის პრემიის მფლობელი, ოთხი ეროვნული სამეცნიერო მედლის ლაურეატი, 143 ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერების აკადემიის წევრი, 38 ეროვნულ აკადემიათა მედიცინის ინსტიტუტის წევრი; 20 ეროვნული საინჟინრო აკადემიის წევრი და 43 ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი.[26][27]