კარლ V
From Wikipedia, the free encyclopedia
კარლ V (ლათ. Carolus V, ნიდერლ. Karel V, ფრანგ. Charles V, გერმ. Karl V; დ. 24 თებერვალი 1500 გენტი — გ. 21 სექტემბერი 1558 ესტრემადურა ესპანეთი) — საღვთო რომის იმპერატორი 1519–1556 წ.წ, ჰაბსბურგთა დინასტიიდან, ხოლო 1516 წლიდან ესპანეთის მეფე, როგორც კარლოს I. 1556 წელს ის ნებაყოფლობით გადადგა ტახტიდან და საღვთო რომის იმპერიაში უმცროსი ძმა, ფერდინანდ I გახდა მემკვიდრე, ხოლო ესპანეთში — შვილი ფილიპე II.
კარლი იყო ფილიპე I-ისა (ლამაზი) და ხუანა კასტილიელის უფროსი ვაჟი. ასევე, იყო იზაბელა კასტილიელის შვილიშვილი. როგორც სამი მონარქიის მემკვიდრე (ჰაბსბურგების, ბურგუნდიული ნიდერლანდებისა და კასტილია —არაგონის), კარლი მართავდა ცენტრალურ, სამხრეთ და დასავლეთ ევროპას; ასევე ესპანურ კოლონიებს ამერიკასა და აზიაში. როგორც კასტილიის, არაგონიისა და ლეონის პროვინციის ერთპიროვნული მმართველი, ის გახდა ესპანეთის პირველი მეფე. 1519 წელს, კარლი გახდა საღვთო რომის იმპერატორი და ავსტრიის ერცჰერცოგი. მისი გავლენის ქვეშ მოექცა ევროპის, ამერიკისა და შორეული აღმოსავლეთის მიწები, საერთო ჯამში დაახლოებით ოთხი მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობით.
გამეფებიდან მალევე კარლმა წამოიწყო იტალიური ომები საფრანგეთის წინააღმდეგ. უდიდესი ხარჯების მიუხედავად, საომარი მოქმედებები წარმატებული აღმოჩნდა. 1525 წელს, პავიის ბრძოლის შემდეგ, კარლის ჯარებმა დაიმორჩილეს მილანი და ფრანშ-კონტე, რომლებიც ფრანგული ძალების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო. კარლის მეტოქემ სულეიმან I-მა 1526 წელს მოახერხა უნგრეთია დაპყრობა და ქრისტიანთა დამარცხება. თუმცა, 1529 წელს, ოტომანთა მცდელობა აეღოთ ვენა, მარცხით დასრულდა.
კარლის მმართველობის პერიოდში, ახლადაღმოჩენილ კონტინენტზე (ამერიკა), ესპანეთმა მოახერხა მექსიკისა და პერუს ტერიტორიების დაპყრობა და ტერიტორიების გაფართოება. კარლი უშუალოდ უწევდა მეთვალყურეობას კოლონიზაციის პროცესს. მან ასევე უზრუნველჰყო ფერნანდო მაგელანის ხუთი გემით მომარაგება, რომელთაც პირველებმა შემოუარეს დედამიწას. ამ საზღვაო ექსპედიციისას მოხდა ესპანეთის კოლონიის დაარსება კუნძულ ფილიპინებზეც.
ომებით დაღლილი და მშვიდობასმოწყურებული კარლი, 1556 წელს გადადგა. საღვთო რომის იმპერიაში გამეფდა მისი უმცროსი ძმა ფერდინანდ I, ხოლო ესპანეთში შვილი, ფილიპე II. ეს ორი იმპერია XVIII საუკუნემდე მოკავშირეებად დარჩნენ.
1558 წლის 21 სექტემბერს კარლ V მალარიით გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ მისი ნეშტი გადაასვენეს ესკორიალის სამეფო პანთეონში.