From Wikipedia, the free encyclopedia
კარლ X გუსტავი (შვედ. Karl X Gustav; დ. 8 ნოემბერი, 1622, ნიუჩეპინგი, შვედეთი — გ. 13 თებერვალი, 1660, გეტებორგი, შვედეთი) — პფალც-ცვაიბრიუხენელთა დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე 1654-1660 წლებში. მან თავი გამოიჩინა ჩრდილოეთის ომში, რომელშიც ებრძოდა პოლონეთ-ლიტვისა და დანია-ნორვეგიის უნიებს.
კარლ X გუსტავი | |
---|---|
შვედეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 6 ივნისი, 1654 |
მმართ. დასასრული: | 13 თებერვალი, 1660 |
წინამორბედი: | კრისტინა |
მემკვიდრე: | კარლ XI |
სხვა წოდებები: | ბრემენისა და ვერდენის ჰერცოგი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 8 ნოემბერი, 1622 |
დაბ. ადგილი: | ნიუჩეპინგი, შვედეთი |
გარდ. თარიღი: | 13 თებერვალი, 1660, (37 წლის) |
გარდ. ადგილი: | გეტებორგი, შვედეთი |
მეუღლე: | ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელი |
შვილები: | კარლ XI, შვედეთის მეფე |
დინასტია: | პფალც-ცვაიბრიუხენი |
მამა: | იოჰან კაზიმირი, ცვაიბრიუხენ-კლიბურგის პფალცგრაფი |
დედა: | კატარინა შვედი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ხელმოწერა: | |
კარლ გუსტავი დაიბადა 1622 წლის 8 ნოემბერს ნიუჩეპინგში, შვედეთში. იგი იყო გერმანელი დიდებულის, ცვაიბრიუხენ-კლიბურგის პფალცგრაფ იოჰან კაზიმირისა და მისი მეუღლის, პრინცესა კატარინა შვედის უფროსი ვაჟი. მას სახელი შვედეთის ორი მეფის: კარლ IX-ისა (მისი ბაბუა დედის მხრიდან) და გუსტავ II-ის (ბიძამისი დედის მხრიდან) პატივსაცემად დაარქვეს. ვინაიდან ბიძამისს, მეფე გუსტავ ადოლფს მემკვიდრის პრობლემა ჰქონდა, კარლის მშობლები შვედეთში ცხოვრობდნენ, იმ იმედით, რომ თუ დედოფალი მარია ელეონორა ბრანდენბურგელი ბავშვს ვერ გააჩენდა ტახტს მათი შვილი დაიკავებდა.
დაბადებიდან პირველი ოთხი წლის განმავლობაში სწორედ კარლ გუსტავი იყო შვედეთის ტახტის პირველი მემკვიდრე, მაგრამ 1626 წელს დედოფალმა ჯანმრთელი გოგონა გააჩინა, სახელად კრისტინა, რომელმაც კარლი მემკვიდრეთა რიგში უკან გადასწია.
1632 წელს მეფე გუსტავ ადოლფი გერმანელებმა ბრძოლაში მოკლეს, რის შემდეგაც ტახტს მცირეწლოვანი დედოფალი კრისტინა იკავებს. ვინაიდან დედა-დედოფალი ფსიქიკურად არასტაბილური იყო, დედოფლის აღმზრდელი კარლის დედა გახდა, რის გამოც კარლ გუსტავი და კრისტინა ყოველთვის ახლოს იყვნენ და ერთმანეთს მეტოქეებად არ აღიქვამდნენ. მოგვიანებით კრისტინამ განაცხადა, რომ გათხოვებას არ აპირებდა და 1649 წელს კარლ გუსტავი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც კრისტინა კათოლიკედ მოინათლა, 1654 წლის 6 ივნისს ტახტიდან გადადგა თავისი მამიდაშვილის, კარლ X გუსტავის სასარგებლოდ, რითაც შვედეთში დასრულდა ვაზას დინასტიის მმართველობა.
გამეფებისთანავე კარლმა საცოლის ძიება დაიწყო, რათა მემკვიდრის გაჩენით განემტკიცებინა ძალაუფლება. კრისტინას შუამავლობით მან 1654 წლის 24 ოქტომბერს ცოლად შეირთო პრინცესა ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ისა და მარია ელიზაბეთ საქსონიელის ქალიშვილი, რომელიც დანიისა და ნორვეგიის მეფეს ბიძაშვილად ერგებოდა.
ქორწინებიდან მალევე, 1655 წლის 24 ნოემბერს დედოფალმა ვაჟი გააჩინა, რომელსაც კარლი დაარქვეს. ვინაიდან ბავშვი ჯანმრთელი იყო, მეფე-დედოფალმა თავიანთი მოვალეობა შესრულებულად მიიჩნიეს და ერთმანეთს ნელ-ნელა გაუუცხოვდნენ.
კარლ გუსტავის თითქმის მთელმა მეფობამ ჩრდილოეთის ომის პერიოდში გაიარა. ჯერ კიდევ 1654 წელს დაწყებულ რუსეთ-პოლონეთის ომში შვედეთი პოლონეთ-ლიტვის უნიის წინააღმდეგ ჩაება ომში. ერთ წელიწადში შვედებმა დაიპყრეს თითქმის მთელი პოლონეთი, თუმცა მდგომარეობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. პოლონეთმა რუსეთთან დროებითი ზავი დადო, რასაც 1656 წლიდან უკვე მოჰყვა ომის დაწყება რუსებსა და შვედებს შორის. ამით პოლონელებმა ისარგებლეს, სადაც დაიწყო გლეხების მასობრივი აჯანყებები, რის შედეგადაც შვედები გააძევეს. მიუხედავად ამისა, 1656 წელს კარლ X-მ დიდი ჯარები გააგზავნა პოლონეთში და დაიკავა დედაქალაქი ვარშავა.
1657 წლიდან ომში დანია-ნორვეგიის უნის მეფე, ფრედერიკ III ჩაება პოლონეთ-ლიტვის მხარეს. დანიელებმა რამდენჯერმე დაამარცხეს შვედები და საბოლოოდ გააძევეს პოლონეთიდან. საპასუხოდ კარლ X-ის ჯარები შევიდა ფრედერიკ III-ის კუთვნილ ნორვეგიაში და დაიკავა ტრონდელაგის რეგიონი, მაგრამ სულ მალე დანიას მიეშველა ავსტრია, ნიდერლანდები, ბრანდენბურგი და თავად პოლონეთიც, რის გამოც კარლ X-მ ვერ მოახერხა დანიელებზე რევანშის აღება.
1660 წელს პოლონეთის მეფემ კარლ X-თან ზავი დადო და რუსეთთან ომი განაახლა დაკარგული უკრაინისა და ბელორუსიის დასაბრუნებლად. ამ ზავით შენარჩუნდა სტატუს-კვო, რამაც შვედებს ესტონეთში ბატონობა შეუნარჩუნა.
1660 წლის 4 იანვარს, ზავის დადებიდან სულ მალე კარლ X გუსტავი ავად გახდა. მან ციებ-ცხელების სიმპტომები გამოავლინა. მიუხედავად ამისა, მეფემ დაავადება დააიგნორა და მაინც გაემგზავრა გეტებორგში, რათა დაბრუნებულ შვედურ ჯარებს დახვედროდა. ქალაქის ცივმა და ნესტიანმა ჰავამ დამღუპველად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე და კარლს დაავადება დაუმძიმდა. სამეფო ექიმებმა მას პნევმონიისა და დიპტერიის დიაგნოზი დაუსვეს. მათ მისი მკურნალობა ოყნის, სისხლის გამოშვებისა და ცემინების თერაპიის საშუალებით სცადეს, მაგრამ არაფერმა იმოქმედა. სულ სამ კვირაში მისი პნევმონია სეფსისში გადაიზარდა.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1660 წლის 12 თებერვალს კარლ X გუსტავმა თავისი ვაჟი დაიბარა თავისთან და მისი თანდასწრებით დაწერა ანდერძი. მეორე დღეს, 13 თებერვალს, 37 წლის მეფე კარლ X გუსტავი გარდაიცვალა გეტებორგში, რის გამოც ტახტი მისმა ერთადერთმა შვილმა, კარლ XI-მ დაიკავა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.