კანონის უზენაესობა
From Wikipedia, the free encyclopedia
კანონის უზენაესობა — ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონში განსაზღვრულია, როგორც „კანონის ძალაუფლება და გავლენა საზოგადოებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის განიხილება ინდივიდუალურ ან ინსტიტუციონალური ქმედების შეზღუდვად; (შესაბამისად) ამ პრინციპის მიხედვით, საზოგადოების ყველა წევრი (ხელისუფლების ჩათვლით) განიხილება სამართლებრივი კოდექსისა და პროცესების თანასწორ სუბიექტად“.[2] ტერმინი კანონის უზენაესობა მჭიდროდ არის დაკავშირებული, როგორც კონსტიტუციონალიზმთან, ასევე სამართლებრივ სახელმწიფოსთან და ის მიემართება პოლიტიკურ მდგომარეობას და არა რომელიმე კონკრეტულ სამართლებრივ კანონს.[3][4][5]
ეს ტერმინი უკვე გამოიყენებოდა XVI საუკუნის ბრიტანეთში და ამავე საუკუნეში შოტლანდიელი თეოლოგი სამუელ რეზერფორდი იყენებს მას მეფეების საღვთო უფლებების წინააღმდეგ კამათში.[6] ჯონ ლოკი წერდა, რომ თავისუფლება საზოგადოებაში ნიშნავს მორჩლებას მხოლოდ იმ კანონებისადმი, რომლებსაც ქმნის კანონმდებლი და, რომლებსაც ემორჩილება ყველა. სხვა მხრივ, პიროვნება თავისუფალია, როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე კერძო შეზღუდვებისგან. შედგომ „კანონის უზენაესობა“ გავრცელდა XIX საუკუნეში ბრიტანელი იურისტის ალბერტ ვენ დაისის მიერ. თუმცა, ეს პრინციპი განსხავებული ფორმულირებით უკვე გამოიყენებოდა ანტიკური მოაზროვნეების მიერ. არისტოტელე წერდა: „უფრო მართებულია, რომ კანონი მართავდეს ყველა მოქალაქეს“.[7]
კანონის უზენაესობის მიხედვით, ყველა ადამიანი კანონის სუბიექტია, მათ შორის კანონმდებლები სამართალდამცავები და მოსამართლეები.[8] ამ გაგებით, ის უპირისპირდება ტირანიას ან ოლიგარქიას, სადაც მმართველები დგანან კანონზე მაღლა. კანონის უზენაესობის არარსებობა შეიძლება შეგვხვდეს, როგორც დემოკრატიებში, ასევე მონარქიებში, სადაც არ ხდება კანონების გათვალისწინება. კანონის უზენაესობა საფრთხის ქვეშაა იქ, სადაც ხელისუფლებას არ გააჩნია შესაბამისი მაკორექტირებელი მექანიზმი მის აღსადგენად.