![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6a/Johann_Sebastian_Bach.jpg/640px-Johann_Sebastian_Bach.jpg&w=640&q=50)
იოჰან სებასტიან ბახი
From Wikipedia, the free encyclopedia
იოჰან სებასტიან ბახი (გერმ. Johann Sebastian Bach [ˈjoːhan zeˈbasti̯an ˈbax]; დ. 31 მარტი [ძვ. სტ. 21/22[23][24] მარტი], 1685, აიზენახი — გ. 28 ივლისი, 1750, ლაიფციგი) — ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და მუსიკოსი. ცნობილია ისეთი ინსტრუმენტული კომპოზიციებით, როგორიცაა ფუგის ხელოვნება, ბრანდენბურგის კონცერტები და გოლდბერგის ვარიაციები, აგრეთვე ვოკალური ნაწარმოებებით, მათ შორის, მათეს პასიონი და მესა სი-მინორი. XIX საუკუნეში ხელახლა აღმოჩენიდან მოყოლებული ფართოდ მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორად.[25]
იოჰან სებასტიან ბახი | |
---|---|
![]() ბახის პორტრეტი 61 წლის ასაკში. ე. გ. ჰაუსმანი, 1748 | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 21 (31) მარტი, 1685[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | აიზენახი, საქსენ-აიზენახი, საღვთო რომის იმპერია[4] [5] [6] [7] |
გარდ. თარიღი | 28 ივლისი, 1750(1750-07-28)[8] [2] [9] [10] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [5] [3] (65 წლის) |
გარდ. ადგილი | ლაიფციგი, საქსონიის საკურფიურსტო, საღვთო რომის იმპერია[22] [5] [7] |
დასაფლავებულია | წმინდა თომას ეკლესია |
ჟანრ(ებ)ი | ბაროკო |
საქმიანობა | კომპოზიტორი, ორგანისტი |
ხელმოწერა |
![]() |
იოჰან სებასტიან ბახი ვიკისაწყობში |
ბახი აიზენახში, მუსიკოსის ოჯახში დაიბადა. ამ დროისთვის მისი ოჯახი უკვე რამდენიმე კომპოზიტორს ითვლიდა. 10 წლის ასაკში დაობლდა და მომდევნო ხუთი წელი უფროს ძმასთან, იოჰან კრისტოფ ბახთან ცხოვრობდა, რის შემდეგაც მუსიკალური განვითარება ლიუნებურგში განაგრძო. 1703 წლიდან კვლავ თიურინგიაში დაბრუნდა და მუშაობდა მუსიკოსად არნშტატის და მიულჰაუზენის პროტესტანტულ ეკლესიებში. ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში დასაქმებული იყო დიდებულთა კარზე ვაიმარში, სადაც განავრცო თავისი საორღანო რეპერტუარი და კეთენში, სადაც, ძირითადად, კამერულ მუსიკაზე მუშაობდა. 1723 წელს დაინიშნა ლაიფციგის წმ. თომას სახელობის ვაჟთა გუნდის ხელმძღვანელად (Thomaskantor). წერდა მუსიკას ქალაქის მთავარი ლუთერანური ეკლესიებისთვის და უნივერსიტეტის სტუდენტური ანსამბლისთვის Collegium Musicum. 1726 წლიდან გამოსცა თავისი საორღანო და საკლავირო მუსიკის ნაწილი. ლაიფციგში, ისევე როგორც წინა სამუშაო ადგილებზე, უთანხმოებები ჰქონდა დამქირავებელთან. 1736 წელს, პოლონეთის მეფემ, ავგუსტუს III-მ კარის კომპოზიტორის ტიტული მიანიჭა, რამაც სიტუაცია ოდნავ გამოასწორა. სიცოცხლის ბოლო ათწლეულები ბახმა დაუთმო თავისი ადრეული კომპოზიციების გადამუშავებას და გაფართოებას. თვალის ოპერაციის გართულების შედეგად ის 1750 წელს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბახმა გაამდიდრა არსებული გერმანული სტილები კონტრაპუნქტის, ჰარმონიის და მოტივური ორგანიზაციის ოსტატური გამოყენებით და საზღვარგარეთიდან, განსაკუთრებით, იტალიიდან და საფრანგეთიდან რიტმების, ფორმების და ტექსტურების შემოტანით და ადაპტაციით. ბახის კომპოზიციები მოიცავს ასობით როგორც საეკლესიო, ისე საერო კანტატას.[26] მისი სასულიერო მუსიკა მოიცავს პასიონებს, ორატორიებს და მოტეტებს. ხშირად ახდენდა ლუთერანული საგალობლების ადაპტირებას არა მხოლოდ დიდი ზომის ვოკალურ ნამუშევრებში, არამედ ოთხხმიან ქორალებში და საეკლესიო სიმღერებშიც. ფართო რეპერტუარი შექმნა ორღანის და კლავიშიანი ინსტრუმენტებისთვის. წერდა კონცერტებს ვიოლინოსთვის და კლავესინისთვის, სიუიტებს როგორც კამერული, ისე საორკესტრო სახით. მისი ბევრი ნაწარმოები კანონის და ფუგის ფორმებს იყენებს.
XVIII საუკუნეში ბახი მეტწილად ცნობილი იყო, როგორც ორღანისტი, ხოლო მისი საკლავირო მუსიკა, როგორიცაა კარგად ტემპერირებული კლავირი, დიდაქტიკური ღირსებების გამო ფასდებოდა. XIX საუკუნეში გამოიცა ბახის რამდენიმე ბიოგრაფია, ხოლო ამ საუკუნის ბოლოს მისი თითქმის ყველა ძირითადი ნაწარმოები გამოცემული იყო. კომპოზიტორის შესახებ ცოდნის გავრცელება გრძელდება სპეციალურად მისადმი მიძღვნილი პერიოდული გამოცემების და ვებგვერდების საშუალებით. არსებობს Bach-Werke-Verzeichnis (BWV, მისი ნამუშევრების დანომრილი კატალოგი) და ნაწარმოებების კრიტიკულად შესწორებული გამოცემები. მისი მუსიკის შემდგომი პოპულარიზაცია გაგრძელდა არაერთი არანჟირებით, მათ შორის არია G-სიმზე და ჩანაწერებით. კომპოზიტორის 250 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოიცა მისი ყველა ნაწარმოების შემცველი სამი სხვადასხვა კომპლექტი.