თორის ქვაბული
საქართველოს ქვაბულები / From Wikipedia, the free encyclopedia
თორის ქვაბული — მთიანი ქვაბული საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში. მოიცავს მდინარეების გუჯარეთისწყლისა და ბორჯომულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადები) აუზებს. სამი მხრივ შემოსაზღვრულია თრიალეთის ქედის ტოტებით: ჩრდილოეთით — გვირგვინას ქედით, აღმოსავლეთით და სამხრეთით — ციხისჯვრის ქედებით, დასავლეთით კი ღიაა ბორჯომის ხეობისაკენ.[2]
თორის ქვაბული | |
---|---|
კოორდინატები: 41°51′15″ ჩ. გ. 43°24′45″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
ქვაბული დანაწევრებულია ბორჯომულის, გუჯარეთისწყლისა და მათი მრავალრიცხოვანი შენაკადების ხეობებით. დამახასიათებელია რელიეფის ტექტონიკურ-ეროზიული და ნაირგვარი ვულკანური ფორმები. მეოთხეული პერიოდის ვულკანურმა პროცესებმა არსებითი როლი შეასრულა ქვაბულის ბუნებაზე. თორის ქვაბულის სხვადასხვა სახის ყომრალი ნიადაგი მეტწილად ტყითაა დაფარული, ძირითადად მუქწიწვოვნებით (სოჭი, ნაძვი) და წიფლით.[2]
არის ნაძვნარ-ფიჭვნარი და ფიჭვნარ-ფოთლოვანი ტყეებიც, ზოგან — მარტო ფიჭვნარიც. გვირგვინასა და ციხისჯვრის ქედების თხემებზე სუბალპური მდელოებია. სუფთა ჰავა ბუნებრივი ტყეები, მინერალური წყლების სიუხვე, ლამაზი წყალსატევები განუმეორებელი თვალწარმტაცი ლანდშაფტი, თორის ქვაბულს მნიშვნელოვან ჯანმრთელობის კერად აქცევს.[2]
თორის ქვაბულის ფარგლებშია კახისის ტბა, წეროს ტბა, დაბაძველის ტბები, აქ მდებარეობს ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტები: ბორჯომი, ცემი, წაღვერი, ლიბანი, ბაკურიანი, ტბა და სხვა.[2]