ერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ერი ანუ ნაცია — ადამიანთა სოციალურ-ისტორიული ერთობის ფორმა, რომელიც ისტორიის პროცესში იცვლებოდა და ვითარდებოდა. ამასთან ერთად, თვით ამ სიტყვების მნიშვნელობაც იცვლებოდა დროსთან ერთად. ერის კონცეფცია უკავშირდება ეთნიკური თანასაზოგადოების ან ეთნიკური ჯგუფის ცნებას. ეთნიკურ ერთობას ძირითადად გააჩნია წარმოშობის მითი ან მითები, საერთო ისტორია, თვითმყოფადი კულტურის ელემენტები, საერთო ტერიტორიული კავშირურთიერთობები და ჯგუფური სოლიდარობის გრძნობა. ერი, თუ ამ ორ ტერმინს შევადარებთ, გაცილებით უფრო განზოგადოებული, აბსტრაქტული და ღიად პოლიტიკური ცნებაა, ვიდრე ეთნიკური ჯგუფი. ეს არის კულტურულ-პოლიტიკური ერთობა, რომლის წევრებსაც შეგნებული აქვთ თავიანთი ერთიანობა და საერთო ინტერესები.[1]
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერი (მრავალმნიშვნელოვანი). |
![]() |
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: სახელმწიფო. |
ბენედიქტ ანდერსონის მიერ ერი აღწერილი იქნა, როგორც „წარმოსახვითი თანასაზოგადოება“,[2] ხოლო პოლ ჯეიმზის მიერ, როგორც „აბსტრაქტული თანასაზოგადოება“.[3]
იგი წარმოადგენს ადამიანთა წარმოსახვით გაერთიანებას იმ აზრით, რომ მატერიალური პირობები არსებობს წარმოსახვით გავრცობილ და გაზიარებულ კავშირებთან მიმართებაში. იგი არის აბსტრაქტული გაერთიანება იმ მხრივ, რომ იგი ობიექტურად არაპერსონალურია, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ერის თითოეული ინდივიდი თავის თავს სუბიექტურად მიიჩნევს ერთი დიდი წარმონაქმნის ნაწილად ან წევრად მრავალ სხვა ინდივიდთან ერთად. უმეტეს შემთხვევაში ერის „წევრები“ ანუ წარმომადგენლები ერთმანეთს არ იცნობენ და შეიძლება არც არასოდეს შეხვდნენ ერთმანეთს.[4]