ერგი (გეოგრაფია)
From Wikipedia, the free encyclopedia
ერგი — უმეტესად აფრიკისა და არაბეთის უდაბნოებში გავრცელებული ქვიშიანი მასივების საერთო სახელწოდება. წარმოიქმნება უმთავრესად რელიეფის დადაბლებულ ადგილებში. სახელწოდება მომდინარეობს არაბული სიტყვისაგან ʿarq (عرق), რომელიც ნიშნავს „დიუნების ველს“[1]. უდიდესია აღმოსავლეთი დიდი ერგი და დასავლეთი დიდი ერგი.[2]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერგი (მრავალმნიშვნელოვანი). |
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ერგი არის უდაბნო ტერიტორია, რომელიც შეიცავს 125 კმ²-ზე მეტ ეოლურ და ქარისმიერ ქვიშებს,[3] სადაც ქვიშა ფარავს ზედაპირის 20%-ზე მეტს.[4] უფრო მცირე ტერიტორიები ცნობილია „დიუნების ველის“ სახელწოდებით.[5]
დამახასიათებელია ბარხანების, დიუნების, მფრინავი ქვიშებისა და მლაშობების ერთობლიობა. მოკლებულია ნაწილობრივ ან მთლიანად მცენარეულ საფარს. მსოფლიოს უდიდეს უდაბნოში — საჰარაში გვხვდება მრავალრიცხოვანი ერგები, რომელთაგან აღსანიშნავია: ერგ-შეში და ერგ-ისავანი. ერგი კონცენტრირებულია უმეტესად ორ მხარეში: ჩ.გ. 40° 20° და ს. გ. 20° 40° შორის. ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, დასავლეთსა და ცენტრალურ აზიასა და ცეტრალურ ავსტრალიაში.
სამხრეთ ამერიკაში ერგი შემოფარგლულია ანდების მთათა სისტემით, თუმცა პერუსა და არგენტინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გვხვდება დიდი ზომის დიუნები. შედარებით მცირე ფართობზე გვხვდება ბრაზილიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე.
არაბეთში ამგვარ წარმონაქმნებს ნეფუდს უწოდებენ, შუა აზიაში — ყუმს.[6]
ერგი წარმოადგენს ლანდშაფტის ფორმას, რომელსაც შეიძლება წავაწყდეთ ისეთ პლანეტებზე, სადაც მიმდინარეობს ხანგრძლივი ქარისმიერი ეროზია, რომელსაც საბოლოოდ მოჰყვება ქვიშის წარმოქმნა და დაგროვება. დღეისათვის მზის სისტემაში ერგი გვხვდება სამ ციურ სხეულზე: ვენერაზე, მარსზე და ტიტანზე.[7]
ვენერაზე НАСА-მ მიაგნო ასე თუ ისე ორ ერგს: აგლაონისისა (ფართობი 1290 კმ²) და მეშკენეტის (~17,120 კმ²) ზონებში.[8] აღნიშნული დიუნები არათანაბრად არიან განლაგებული.
პლანეტა მარსზე არსებობს უზარმაზარო ზომის ერგები, სადაც დიუნები საკმაოდ დიდ ზომებს აღწევენ[9]. 2005 წლის ოქტომბერს მსხვილ დიუნებს მიაგნეს ასევე სატურნის თანამგზავრ ტიტანზე, რომლის წარმონაქმნი დედამიწის იდენტური იყო. ერთ-ერთი ერგი 1497 კმ-ზე იყო გადაჭიმული.[10] ტიტანზე ერგების წარმოშობა დაკავშირებულია უძლიერეს ქარებთან.