From Wikipedia, the free encyclopedia
ელიზაბეტ ტერეზა ლოთარინგიელი (ფრანგ. Élisabeth-Thérèse de Lorraine, იტალ. Elisabetta Teresa di Lorena; დ. 15 ოქტომბერი, 1711, ლუნევილი, საფრანგეთი — გ. 3 ივლისი, 1741, ტურინი, იტალია) — ლოთარინგიის ჰერცოგ ლეოპოლდ I-სა და ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელის ასული. საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანის უმცროსი და. სარდინიის დედოფალი 1737-1741 წლებში როგორც მეფე კარლო ემანუელე III-ის მესამე მეუღლე.
ელიზაბეტ ტერეზა ლოთარინგიელი | |
---|---|
სარდინიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 აპრილი, 1737 |
მმართ. დასასრული: | 3 ივლისი, 1741 |
წინამორბედი: | პოლიქსენა ჰესენ-როტენბურგელი |
მემკვიდრე: | მარია ანტონია ფერნანდა ესპანელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 ოქტომბერი, 1711 |
დაბ. ადგილი: | ლუნევილი, ლოთარინგია, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 3 ივლისი, 1741, (29 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტურინი, სავოია, იტალია |
მეუღლე: | კარლო ემანუელე III, სარდინიის მეფე |
შვილები: | ბენედიტო, ჩაბლეს ჰერცოგი |
მამა: | ლეოპოლდ I, ლოთარინგიის ჰერცოგი |
დედა: | ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ელიზაბეტ ტერეზა დაიბადა 1711 წლის 15 ოქტომბერს ლუნევილში. იგი იყო ლოთარინგიის ჰერცოგ ლეოპოლდ I-სა და მისი მეუღლის, მადამ ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელის მეთერთმეტე შვილი თხუთმეტიდან. დედამისი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ძმუსწული, ხოლო მამამისი პოლონეთის დედოფალ ელეანორა ავსტრიელის ვაჟი და საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ის დისწული იყო. მისი უფროსი ძმა, ფრანც შტეფანი შემდგომში საღვთო რომის იმპერატორი გახდა და მარია ტერეზია ავსტრიელთან ქორწინებით დააარსა ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტია. როგორც ლოთარინგიის პრინცესა, იგი ყოველთვის „მისი უდიდებულესობის“ წოდებით სარგებლობდა, ხოლო საფრანგეთის სამეფო კარზე მინიჭებული ჰქონდა „უცხოელი პრინცესის“ ტიტული. 1722 წელს საფრანგეთის ახალი მეფის, ლუი XV-ის კორონაციაზე დასასწრებად ელიზაბეტ ტერეზა, დედამისი, ელიზაბეტ შარლოტი და მისი დები — ანა შარლოტა და მარია ლუიზა ლოთარინგიელები ჩავიდნენ საფრანგეთში.
1725 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XV-ს თხუთმეტი წელი შეუსრულდა და იგი ჯერ კიდევ დაუქორწინებელი იყო. წლების მანძილზე იგი დანიშნული იყო ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის ქალიშვილ მარიანა ვიქტორიაზე, რომელიც შემდგომში ესპანეთში დააბრუნეს, რადგან ძალიან პატარა იყო, მეფეს კი მემკვიდრის გაჩენა ეჩქარებოდა. ამ მომენტში ელიზაბეტ შარლოტმა დრო იხელთა და ახალგაზრდა მეფესთან საქორწინო მოლაპარაკებები დაიწყო, რა დროსაც იგი თავის ნებისმიერ ქალიშვილს სთავაზობდა საცოლედ. მიუხედავად მისი დიდი მცდელობისა, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ლუი ანრი დე ბურბონის ინტრიგების წყალობით ლუი XV-მ ცოლად პოლონეთის მეფე სტანისლავ I-ის ასული მარია ლეშჩინსკა შეირთო. ამის მიზეზად პრემიერ-მინისტრმა ის დაასახელა, რომ ფრანგ მეფეებსა და ლოთარინგიის ჰერცოგებს შორის დინასტიურ ქორწილებს ყოველთვის დიდი არეულობა მოჰყვებოდა ხოლმე, რასაც ლოთარინგიელების მჭიდრო კავშირი ემატებოდა ფრანგების მტერ ჰაბსბურგებთან.
1729 წელს ჰერცოგი ლეოპოლდი გარდაიცვალა. ამავე წელს დედამისმა წამოიწყო ელიზაბეტ ტერეზას კიდევ ერთი საქორწინო მოლაპარაკებები, თუმცა ამჯერად უკვე თავის ძმისწულთან, ორლეანის ჰერცოგ ლუი I-თან, რომლის ცოლიც, ლანდგრაფინია ავგუსტა ბადენ-ბადენელი მეტად ახალგაზრდა ასაკში დაიღუპა, თუმცა მან მეორე ქორწინება აღარ ისურვა. სასიძოთა უარები ძალიან აღიზიანებდა ელიზაბეტ შარლოტს. ამის გამო, 1734 წლის ოქტომბერში მან თავისი უმცროსი ქალიშვილი, ანა შარლოტა მონაზვნად აღკვეცა და რემირემონტის აბატისად დასვა.
1736 წელს ელიზაბეტ ტერეზას ძმა, ფრანც შტეფანი დაქორწინდა საღვთო რომისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ კარლ VI-ის მემკვიდრე მარია ტერეზია ავსტრიელზე. ლოთარინგიის ავსტრიასთან ასე დაახლოვებამ ელიზაბეტ ტერეზას შანსი მისცა უფრო პრესტიჟულად გათხოვილიყო. ამავე წლის დამლევს, სარდინიის ორჯერ დაქვრივებულმა მეფე კარლო ემანუელე III-მ მისი ხელი ითხოვა.
1737 წლის 5 მარტს, ლუნევილში შედგა ელიზაბეტ ტერეზა ლოთარინგიელისა და კარლო ემანუელე III-ის მარიონეტული ქორწინება, სადაც სიძე მისმა ძმამ, კარინიანოს პრინცმა განასახიერა. ამით იგი სარდინიის დედოფალი გახდა. ამის შემდეგ იგი თავის მაზლთან ერთად გაემგზავრა ლიონში, სადაც 14 მაისს ჩავიდა. სწორედ ლიონში ელოდა მას თავისი ძმის მიერ ვენიდან გამოგზავნილი მზითვი, რომელთან ერთადაც განაგრძო გზა ტურინისკენ.
1737 წლის 1 აპრილს მეფე-დედოფალი პირველად შეხვდა ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ ისინი ღვიძლი დეიდაშვილები იყვნენ, რადგანაც კარლო ემანუელეს დედა, ანა მარი ორლეანელი იყო ელიზაბეტ ტერეზას დედის, ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელის უფროსი და, თუმცა ისინი მხოლოდ ნახევარ-დები იყვნენ, რადგანაც ანა მარი ჰერცოგ ფილიპ I-ს პირველი ცოლის, ჰენრიეტა ინგლისელისგან ჰყავდა, ხოლო ელიზაბეტ შარლოტი მეორე ცოლის, ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელისგან. ელიზაბეტ ტერეზასა და კარლო ემანუელეს ქორწინებაში სულ სამი შვილი შეეძინათ, თუმცა მხოლოდ ერთმა ვაჟმა მიაღწია სრულწლოვანებამდე.
დედოფალი ელიზაბეტ ტერეზა გარდაიცვალა 1741 წლის 3 ივლისს ტურინში, ვენარიის სასახლეში, 29 წლის ასაკში. გარდაცვალების მიზეზი მესამე მშობიარობის შემდეგ ინფექციის შეჭრა გახდა. იგი დაკრძალეს ტურინში, წმინდა ჯოვანი პატისტას კათედრალში. იგი 1786 წელს, მეფე ვიტორიო ამადეო III-მ გადაასვენა სუპერგას სამეფო ბაზილიკაში. ამის შემდეგ, მის ქმარს ცოლი აღარ შეურთავს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.