ეკოფემინიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ეკოფემინიზმი — ფემინიზმის მიმდინარეობა, რომელიც ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას, ურთიერთობებს ქალებსა და დედამიწას შორის მიიჩნევს თავისი ანალიზისა და პრაქტიკის საფუძველად. ადამიანებისა და ბუნებრივი სამყაროს ურთიერთობების გასაანალიზებლად ეკოფემინისტი მოაზროვნეები ყურადღებას აპყრობენ გენდერის კონცეფციაზე.[1] ეს ტერმინი პირველად გამოიყენა ფრანგმა მწერალმა ფრანსუა დიუბონმა თავის წიგნში „Le Féminisme ou la Mort“ (1974).
ეკოფემინისტური თეორია ამტკიცებს, რომ ეკოლოგიის ფემინისტური პერსპექტივა არ აყენებს ქალს ძალაუფლების დომინანტურ პოზიციაში, მაგრამ მოუწოდებს ეგალიტარული, თანამშრომლობითი საზოგადოებისკენ, რომელშიც არ არსებობს დომინანტი ჯგუფი. დღესდღეობით, არსებობს ეკოფემინიზმის რამდენიმე დარგი, განსხვავებული მიდგომებითა და ანალიზით, რომლებიც მოიცავენ ლიბერალურ, სულიერ, კულტურულ და სოციალურ/სოციალისტურ (ან მატერიალურ) ეკოფემინიზმს. ეკოფემინიზმის ინტერპრეტაციები თუ როგორ შეიძლება იგი გამოიყენონ სოციალურ აზროვნებაში, მოიცავს: ეკოფემინისტურ ხელოვნებას, სოციალურ სამართლიანობასა და პოლიტიკურ ფილოსოფიას, რელიგიას, თანამედროვე ფემინიზმსა და პოეზიას.
ეკოფემინისტური ანალიზი იკვლევს კავშირს ქალსა და ბუნებას შორის კულტურაში, რელიგიაში, ლიტერატურაში და იძიებს პარალელებს, ბუნების განადგურებასა და ქალთა ჩაგვრას შორის. ეკოფემინიზმი ხაზს უსვამს, რომ როგორც ქალი, ასევე ბუნება უნდა იყოს პატივცემული.
მიუხედავად იმისა, რომ ეკოფემინიზმის ანალიზის მასშტაბები ფართო და დინამიურია, ამერიკელმა ავტორმა და ეკოფემინისტმა შარლინ სპერტნაკმა შემოგვთვაზა ეკოფემინისტური მუშაობის კატეგორიზაციის სამი გზა.
- როგორც პოლიტიკური თეორიის, ასევე ისტორიის შესწავლით.
- რწმენასა და ბუნებაზე დაფუძნებული რელიგიების შესწავლით.
- ეკოლოგიურობის აღქმით და გაგებით.