დომინიკელთა ორდენი
From Wikipedia, the free encyclopedia
დომინიკელთა ორდენი, დომინიკელები (ლათ. Ordo Praedicatorum – „მქადაგებელნი“) — კათოლიკური მონაზვნური ორდენი. დააარსა ესპანელმა მონაზონმა დომინიკუსმა (დომინიკ დე გუსმანი) „მწვალებლებთან“ საბრძოლველად 1215 წელს ქალაქ ტულუზაში (საფრანგეთი). 1216 წელს ორდენი დაამტკიცა პაპმა ჰონორიუს III-მ. ორდენი ცნობილია წარსულში დიდი გავლენით კათოლიკურ სამყაროში და მდიდარი მწიგნობრული ტრადიციით.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დომინიკელები (მრავალმნიშვნელოვანი). |
1227 წლდან დომინიკელებმა მიიღეს საყოველთაო ქადაგებისა და აღსარების უფლება. 1232 წელს პაპმა გრიგოლ IX-მ მათ გადასცა ინკვიზიციის ვალდებულება. დომინიკელები გახდნენ პაპების მთავარი დასაყრდენი საერო და სასულიერო მეტოქეებთან ბრძოლაში. დომინიკელებმა აღზრდისა და განათლების საქმე კათოლიკური ეკლესიის კონტროლს დაუქვემდებარეს.
დომინიკელთა შორის იყვნენ ცნობილი მოღვაწეები: ალბერტ დიდი, თომა აკვინელი, ოთხი პაპი და სხვ. XVI საუკუნიდან, იეზუიტების ორდენის დაარსების შემდეგ, დომინიკელებმა თანდათანობით დაკარგეს ადრინდელი გავლენა. XX საუკუნის II ნახევარში ორდენში შედიოდა 9 ათასზე მეტი მონაზონი კაცი და დაახლოებით 6 ათასი მონაზონი ქალი.