![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f5/Diasamidze.jpg/640px-Diasamidze.jpg&w=640&q=50)
დიასამიძეები
სამცხე-საათაბაგოს ფეოდალური საგვარეულო (ცნობილია 1443 წ.). / From Wikipedia, the free encyclopedia
დიასამიძეები — ფეოდალური საგვარეულო სამცხე-საათაბაგოში.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიასამიძე. |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f5/Diasamidze.jpg/320px-Diasamidze.jpg)
წერილობით წყაროებში 1443 წლიდან იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელო ჰქონდათ ჩრდილო-აღმოსავლეთ სამცხეში. XVI საუკუნის დასაწყისში დაეუფლნენ ჯერ აბუსერისძეთა მამულს მტბევარის სამწყსოში, შემდეგ ხურსიძეთა მამულს ღობიეთს — წურწყაბლის სამწყსოში. XV საუკუნის I ნახევარში დიასამიძეების სახლი ქართლის მეფეებს უჭერდა მხარს სამცხე-საათაბაგოს ქართლთან შეერთებისათვის ბრძოლაში. 1548 წელს დიასამიძეების და სხვა მესხი დიდებულების დახმარებით ლუარსაბ I-მა დაიპყრო ჯავახეთი და მდინარე მტკვრის აღმოსავლეთი მხარე. საპასუხოდ 1553 წელს ირანის შაჰმა თამაზ I-მა დიასამიძეები აიკლო და ზოგიერთი მათგანი ტყვედ წაიყვანა.
1576-1578 წლებში დიასამიძეები აქტიურად მონაწილეობდნენ ჯაყელთა წინააღმდეგ შეთქმულებაში. 1578 წელს ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, დიასამიძეების სახლის ერთმა ნაწილმა ქართლს შეაფარა თავი. XVI-XVIII საუკუნეებში დიასამიძეების გვარიდან იყვნენ ქართლის კათალიკოსები, მცხეთის ბოქაულთუხუცესები, ჯვრის მონასტრის წინამძღვარები და სხვა; კახეთში — ბოდბელები. XVII საუკუნის 30-იან წლებში დიასამიძეებმა მონაწილეობა მიიღეს როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, რასაც მოჰყვა მათი დასჯა და სათავადო სახლის დამდაბლება.