დეჰრადუნი
From Wikipedia, the free encyclopedia
დეჰრადუნი (ასევე ცნობილი როგორც დეჰრა-დუნი) ― ინდოეთის შტატ უტარაკჰანდის დედაქალაქი და ყველაზე დასახლებული ქალაქი. ამავე სახელწოდების მქონე ოლქის დედაქალაქი. შედის დეჰრადუნის მუნიციპალურ კორპორაციასა და უტარახანდის საკანონმდებლო ასამბლეაში, რომლის ზამთრის დედაქალაქიცაა და ამ პერიოდში ზამთრის სესიებიც სწორედ დეჰრადუნში ტარდება. არის გარჰვალის რეგიონის ნაწილი და ამ დანაყოფის კომისრის შტაბ-ბინაც აქ მდებარეობს. დეჰრადუნი ერთ-ერთია ე.წ. „კონტრმაგნიტებს“ შორის, ანუ იმ ქალაქებს შორის, რომლებიც ეროვნული დედაქალაქის რეგიონის გარეთ მდებარეობენ, ზრდა-განვითარების ალტერნატიულ ცენტრებად ყალიბდებიან, დელიში მიგრაციისა და დემოგრაფიული აფეთქების მასშტაბების შემცირებას უწყობენ ხელს და „გონიერ ქალაქებად“ ყალიბდებიან. დეჰრადუნი მესამე უდიდესი ქალაქია ჰიმალაებში, კატმანდუსა და სრინაგარის შემდეგ.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
დეჰრადუნი ინგლ. Dehradun ჰინ. देहरादून ურდუ دہرہ دون | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 30°19′05″ ჩ. გ. 78°01′44″ ა. გ. |
დაარსდა | 1676 |
ფართობი | 300 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 435±1 მეტრი |
მოსახლეობა | 578 420 |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 135 |
საფოსტო ინდექსი | 248001 |
ოფიციალური საიტი | http://dehradun.nic.in/ |
დეჰრადუნი დუნის ხეობაში, ჰიმალაის მთისწინეთებზე მდებარეობს. ქალაქი აღმოსავლეთით განგის შენაკადს, სონგსა და დასავლეთით, იამუნის შენაკადის, ასანს შორისაა გაშლილი. ქალაქი ცნობილია თვალწარმტაცი პეიზაჟებითა და შედარებით რბილი კლიმატით.
დეჰრადუნი ცნობილი აკადემიური და კვლევითი კერაა. ქალაქში მდებარეობს: ინდოეთის სამხედრო აკადემია, ტყის კვლევის ინსტიტუტი, ინდირა განდის ეროვნული სატყეო აკადემია, დუნის სკოლა, ველჰამის ვაჟთა სკოლა, ველკამის გოგონათა სკოლა, უტარაკჰანდ აიურვედის უნივერსიტეტი, ჰიმალაური გეოლოგიის წადიის ინსტიტუტი და სხვ. ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, განათლებისა და კრიმინალის კვლევის შედეგების მიხედვით, დეჰრადუნი ინდოეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთო ქალაქია.[1][2] დეჰრადუნი ასევე ცნობილია ბასმატითა და ფუნთუშეულით.
დეჰრადუნი გარჰვალის სამეფოს ერთ-ერთი ცენტრი იყო. შემდგომში იგი ბრიტანელებმა დაიკავეს. სტრატეგიული მდებარეობის გამო, ინდოეთის შეიარაღებული ძალები დიდი ძალებითაა წარმოდგენილი დეჰრადუნში, გარჰის კანტონმენტსა და სამხედრო სადგურზე. ქალაქში კანონის დაცვაზე პასუხისმგებელი მთავარი სააგენტო უტარაკჰანდის პოლიციაა.[3]
დეჰრადუნი დაკავშირებულია ჰიმალაების ტურისტული დანიშნულების ადგილებთან, როგორებიცაა: მასური, ჩაკრატა, ნიუ-ტიჰრი, ჰარსილი, უტარკაში, აული და ცნობილი საზაფხულო და საზამთრო სალაშქრო დანიშნულების ადგილები, როგორებიცაა: დოდიტალი, დაიარა-ბუგიალი, კედარკანთა, ჰარ-კი-დუნი და ა.შ.