გული
From Wikipedia, the free encyclopedia
გული — ადამიანისა და ცხოველების სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანო, რომლის კუნთოვანი კედლის რიტმული შეკუმშვა განაპირობებს ორგანიზმში სისხლის ცირკულაციას.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გული (მრავალმნიშვნელოვანი). |
გული ვითარდება სისხლგამტარი სისტემის ამა თუ იმ უბნის გარდაქმნის შედეგად სხეულის ზურგის (ჭიები, მოლუსკები, ფეხსახსრიანები და სხვა) ან მუცლის (ქორდიანები) ნაწილში.
უმარტივესი სახით გულის ფუნქციას ასრულებს სისხლგამტარი სისტემის უბნების პულსაცია. ევოლუციურ პროცესში მოხდა გულის მორფოლოგიური გამოკერძოება და საკუთარი მუსკულატურითა და სარქვლებით აღჭურვა, რამაც უზრუნველყო სისხლის ერთი მიმართულებით დენა (უმაღლესი ჭიები, ფეხსახსრიანები და სხვა). ბოლოს თვით გული გაიყო სისხლის შემკრებ (წინაგული) და გამდენ (პარკუჭი) ნაწილებად (მოლუსკები, ხერხემლიანები).
ლაყუჩებით მსუნთქავ ხერხემლიანებს (უყბოები, თევზები, ამფიბიებიის ლარვები), რომელთათვისაც დამახასიათებელია სისხლის მიმოქცევის ერთი წრე, აქვთ თითო წინაგული და პარკუჭი (ორკამერიანი გული), სადაც მხოლოდ ვენური სისხლია. ფილტვებით სუნთქვისას, ე. ი. სისხლის მიმოქცევის მეორე წრის გაჩენისას, გულში არტერიული სისხლიც შედის და გული მარჯვენა (ვენურ) და მარცხენა (არტერიულ) ნახევრად იყოფა.
სისხლის მიმოქცევის სისტემა, პირობითად დაყოფილია ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებად. ამ უკანასკნელს ეკუთვნის სისხლძარღვები, ხოლო ცენტრალურ ორგანოს გული წარმოადგენს. გული მოთავსებულია წინა შუასაყარში, გულმკერდის IV-VIII მალების დონეზე. მისი 2/3 შუა ხაზის მარცხნივაა. გულის წინა ზედაპირის უმეტესი ნაწილი წარმოდგენილია მარჯვენა პარკუჭით, მისგან მარჯვნივ და ზემოთ მდებარეობს – მარჯვენა წინაგული, მარცხნივ მარცხენა პარკუჭი. უკანა ზედაპირი მარცხენა პარკუჭითაა წარმოდგენილი. გულის ქვედა ნაწილი დიაფრაგმის მყესოვან ნაწილზე დევს და წარმოდგენილია ძირითადად მარცხენა და ნაწილობრივ მარჯვენა პარკუჭით.
ადამიანის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა გაყოფილია ორ წრედ. ამის მორფოლოგიური საფუძველია გულის ღრუს ოთხსაკნიანი შენება. გული, მისი ძგიდის საშუალებით, გაყოფილია ორ იზოლირებულ ნახევრად: გულის მარცხენა ანუ არტერიული ნახევარი, რომელშიც (სისხლში) ჟანგბადის პროცენტული მაჩვენებელი 95%-ია და გულის მარჯვენა ანუ ვენური ნახევარი, სადაც (სისხლში) ჟანგბადის შემცველობა-75%-ია. თითოეული ნახევარი სპეციალური აგებულების სარქველების საშუალებით, იყოფა ორად: წინაგულებად და პარკუჭებად.ამგვარად წარმოიქმნება ოთხი საკანი: მარჯვენა წინაგული და მარჯვენა პარკუჭი და მარცხენა წინაგული და მარცხენა პარკუჭი.
მარჯვენა წინაგული ღებულობს ვენურ სისხლს სისხლის მიმოქცევის დიდი წრიდან. მასში იხსნება ღრუ ვენებისა და საკუთრივ გულის უმცირესი ვენები. იქ სადაც ქვემო ღრუ ვენა უკავშირდება მარჯვენა წინაგულს, გაჭიმულია ნამგლისებრი სარქველი. მარჯვენა და მარცხენა წინაგულები ერთმანეთისაგან იზოლირებულია წინაგულთაშუა ძგიდის საშუალებით. მარჯვენა წინაგულს მარჯვენა პარკუჭთან აკავშირებს მარჯვენა წინაგულ-პარკუჭოვანი ხვრელი, რომელშიც ჩადგმულია სამკარიანი შენების მარჯვენა წინაგულ-პარკუჭოვანი სარქველი. მარჯვენა და მარცხენა პარკუჭებს, ერთმანეთისაგან გამოყოფს პარკუჭთაშუა ძგიდე. მარჯვენა პარკუჭიდან სისხლის შემდგომი სვლა რეგულირდება ფილტვის ღეროს ხვრელში ჩადგმული ფილტვის ღეროს სარქველით, რომელიც, ასევე სამკარიანი შენებისაა. ამ შემთხვევაში მას ფორმის შესაბამისად, ნახევარმთვარისებრი სარქველი ეწოდება.
მარცხენა წინაგული ღებულობს არტერიულ სისხლს ფილტვის ვენის საშუალებით, სისხლის მიმოქცევის მცირე წრიდან. მის უკანა კედელზე მდებარეობს, ფილტვის ვენის ხვრელები (სულ ოთხი –ორ ორი მარჯვენა და მარცხენა). მარცხენა წინაგული მარცხენა პარკუჭს უკავშირდება მარცხენა წინაგულ-პარკუჭოვანი ხვრელით, რომელშიც მოთავსებულია მარცხენა ატრიო-ვენტრიკულური სარქველი, რომელიც ორკარიანია და ფორმის შესაბამისად მიტრალურ სარქველსაც ეძახიან. სისხლის შემდგომი სვლა რეგულირდება, აორტის სარქვლის საშუალებით, რომელიც ჩადგმულია აორტის ხვრელში. იგი ფილტვის ღეროს სარქვლის ანალოგიური შენებისაა და შედგება სამი კარისაგან.
გულის ფუნქცია დამოკიდებულია მისი კედლის შენებაზე. იგი შედგება სამი გარსისაგან: შიგნიდან გარეთ _ ენდოკარდიუმი, მიოკარდიუმი და ეპიკარდიუმი. მათგან ფუნქციურად ყველაზე მნიშვნელოვანია მიოკარდიუმი ანუ გულის კუნთოვანი გარსი. ამ გარსის ფუნქციური ერთეულია კარდიომიოციტი. გულის კუნთი წარმოდგენილია განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილისაგან, მაგრამ ჩონჩხის კუნთებისაგან განსხვავებით, მათ ბადისებრი შენება ახასიათებთ. ასევე ფიზიოლოგიური თვისებებით ძალიან ჰგვანან გლუვ კუნთოვან ქსოვილს, ვინაიდან მათ მსგავსად გულის კუნთის მოქმედება ადამიანის ნებას არ ექვებდებარება. გულის შიგნითა გარსი — ენდოკარდიუმი, მთლიანად ამოფენს გულის კედელს და მის შიგნით არსებულ ყველა წარმონაქმნს. ასევე, მონაწილეობს ისეთი მნიშვნელოვანი ანატომიური წარმონაქმნების შექმნაში, როგორიცაა სარქველები. ენდოკარდიუმი განუწყვეტელი ნაწილია იმ სისხლძარღვთა შიგნითა გარსისა, რომლებიც შედიან და გამოდიან გულიდან.
გულის გარეთა გარსი ეპიკარდიუმი, გულის პერანგის, ანუ პერიკარდიუმის შიგნითა ე. წ. ორგანოს მფარავი ფურცელია. შიგნითა და გარეთა ფურცლები ქმნიან ჰერმეტულ ღრუს, რომელშიც გამომუშავდება სეროზული სითხე. იგი ამცირებს ხახუნს პერიკარდიუმის ფურცლებს შორის. ამ სითხის რაოდენობა 5 მლ_ია.
აორტის სარქვლის საშუალებით, რომელიც ჩადგმულია აორტის ხვრელში. იგი ფილტვის ღეროს სარქვლის ანალოგიური შენებისაა და შედგება სამი კარისაგან.