![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/96/A_Perfect_Pair_Daffodills_%2528Narcissus%2529_-_8.jpg/640px-A_Perfect_Pair_Daffodills_%2528Narcissus%2529_-_8.jpg&w=640&q=50)
გვირგვინი (ბოტანიკა)
From Wikipedia, the free encyclopedia
გვირგვინი (ლათ. corolla) — ორმაგი ყვავილსაფრის ფოთლების (ფურცლების) შიგნითა წრე,[1][2] რომელიც ჯამთან ერთად ქმნის მას (ყვავილსაფარს). უმეტესად სხვადასხვა ზომისა და შეფერილობისაა. მისი ფურცლები ჯამის ფოთოლაკებთან შედარებით ნაზია. შედგება ორი ნაწილისაგან: 1) ქვედა შევიწროებული ნაწილი — ფრჩხილი, რომელიც ემაგრება ყვავილსაჯდომს, და 2) ზედა გაფართოებული ნაწილი — ფირფიტა. გვირგვინი ფურცლები ზოგჯერ ერთმანეთზე შეზრდილია (ფურცლებშეზრდილი გვირგვინი), ზოგჯერ — განცალკევებული (ფურცლებგანცალკევებული გვირგვინი). ფურცლებშეზრდილი გვირგვინის შეზრდილ ნაწილს მილი ეწოდება, თავისუფალს — გადანაღუნი. გვირგვინის ფურცლების ზომა, ფორმა და რაოდენობა მრავალნაირია.[3]
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვირგვინი (მრავალმნიშვნელოვანი). |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/96/A_Perfect_Pair_Daffodills_%28Narcissus%29_-_8.jpg/640px-A_Perfect_Pair_Daffodills_%28Narcissus%29_-_8.jpg)
შეფერილია უჯრედის წვენში გახსნილი პიგმენტებით (ანთოციანებითა და ფლავონებით).[2] გვირგვინის ბიოლოგიური როლი მდგომარეობს შემდეგში: იგი ყვავილს მეტად მიმზიდველს ხდის იმ მწერებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ჯვარედინ დამტვერვას; აგრეთვე, იცავს მტვრიანებსა და ბუტკოს. ევოლუციის პროცესში გვირგვინი განვითარდა სამტვერედაკარგული სახეცვლილი მტვრიანებისაგან, ან (იშვიათად) ზედა ფოთლებისაგან. გვირგვინთა მრავალფეროვნებას ფორმის, აგებულების დეტალების, შეფერილობისა და მისთანათა მხრივ მნიშვნელობა აქვს მცენარეთა სისტემატიკაში.[4]
არანორმალურად განვითარებული გვირგვინის ფურცლების მქონე ყვავილებს ქუჩქუჩა ეწოდება. ასეთებია ბაიასებრთა, მიხაკისებრთა, ვარდისებრთა და რთულყვავილოვანთა ოჯახების წარმომადგენლები — გეორგინა, ასტრა, მიხაკი, ვარდი, ტიტა, ზაფრანა და სხვ.[3]